Visa: 2021 წლის პირველ ნახევარში კრიპტობარათების გამოყენებამ $1 მილიარდს მიაღწია

Visa: 2021 წლის პირველ ნახევარში კრიპტობარათების გამოყენებამ $1 მილიარდს მიაღწია

Visa-ს განცხადებით, 2021 წლის პირველ ნახევარში კრიპტობარათის გამოყენების ფაქტებმა საგრძნობლად იმატა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ბარათის მომხმარებლების მიერ სხვადასხვა სერვისისა და საქონლის შესაძენად დახარჯულმა კრიპტოვალუტის მოცულობამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

Visa-ს ფინანსური დირექტორის განცხადებით, ისინი აკეთებენ მაქსიმუმს ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც კრიპტოვალუტა ნებისმიერი სხვა ვალუტის მსგავსად ყოველდღიური გამოყენების გახდება. ამასთან ერთად კი აღნიშნავენ, რომ კრიპტოვალუტას სულ უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს და იმედს გამოთქვამენ, რომ ეს ტრენდი მომავალშიც შენარჩუნდება.

აღსანიშნავია, რომ Mastercard-ის კვლევის თანახმად, მომავალი წლიდან ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებთა 93% როგორც კრიპტოვალუტის, ასევე სხვა სახის ციფრული გადახდის მეთოდის გამოყენებას აპირებს. მათ შორისაა ბიომეტრიული, უკონტაქტო ან QR კოდით გადახდის სისტემა. ამას გარდა, მილენიალების (1980 – 2000 წწ-ში დაბადებული მოსახლეობა) 75%-ის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია კრიპტოვალუტის შესახებ, ისინიც დაიწყებენ ყოველდღიურად ამ ტიპის  ანგარიშსწორებას.

მნიშვნელოვანია, რომ Mastercard-ი ამ ზაფხულს გეგმავს ახალი ბარათის, Gemini-ის გამოცემას, რომლის თანადამაარსებლებიც მილიარდერი ძმები, კამერონ და ტაილერ ვინკლევოსები იქნებიან. ბარათი საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, გამოიმუშაონ კრიპტოვალუტა, თუმცა მათ არ ექნებათ წვდომა საკუთარ კრიპტოსაფულესთან.

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტა უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ინვესტორებში. ისტორიაში პირველად, მიმდინარე წლის თებერვალში, ბიტკოინის საბაზრო მოცულობამ 1 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო აპრილში მისი ერთეულის ღირებულება რეკორდულ, 65,000 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის მიუხედავად,  გასულ თვეში ბიტკოინის ღირებულება 45%-ით დაეცა და წლის დასაწყისში არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.