Visa უკვე 65 კრიპტოპლატფორმის პარტნიორია

Visa უკვე 65 კრიპტოპლატფორმის პარტნიორია

დღევანდელი მდგომარეობით, გადახდების გიგანტი, Visa უკვე 65 კრიპტოპლატფორმისა და სავაჭრო ქსელის პარტნიორია. გარდა ამისა, კომპანიის განცხადებით, ფისკალური წლის პირველ კვარტალში კრიპტოსთან დაკავშირებულმა ბარათით გადახდებმა 2.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს კი 2021 ფისკალური წლის საერთო გადახდების რაოდენობის 70%-ს წარმოადგენს.

Visa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალ კელიმ აღნიშნული მოცემულობის შესახებ გასულ კვირას ისაუბრა. მისი განცხადებით, გადახდებში დღევანდელი ტენდენცია, მათ შორის კრიპტოგადახდების ტენდენციები, გადახდის ახალ საშუალებებს აჩენს. ეს კი Visa-სათვის შესაძლებლობას წარმოადგენს.

Visa-ს აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ივლისში, 2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, კრიპტოაქტივობებთან დაკავშირებულმა გადახდებმა 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მისი განცხადებით, Visa-ს მიზანი მსოფლიოში ინოვაციების დანერგვა და მისი ხელმისაწვდომობის განვითარებაა. სწორედ ამიტომ, გადახდების გიგანტი კრიპტოინდუსტრიას შესაძლებლობად განიხილავს.

„ჩვენი სტრატეგიაა, რომ ვიყოთ მთავარი პარტნიორები და კრიპტოშეთავაზებების გასაზრდელად შევქმნათ უსაფრთხო, მარტივი და მოქნილი გარემო, სადაც პრიორიტეტი მომხმარებლების ღირებულებები  იქნება“, – განაცხადა ალ კელიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს გადახდების გიგანტმა, Visa-მ, კრიპტოვალუტებისათვის სპეციალიზებული გლობალური საკონსულტაციო პრაქტიკაც დანერგა, რაც ინდუსტრიის განვითარებისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. თუმცა საინტერესოა ისიც, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, Visa საკუთარ ბალანსზე კრიპტოვალუტების განთავსებას ამჟამად არ გეგმავს.