ვისი ვალი აქვს საქართველოს?

ვისი ვალი აქვს საქართველოს?

2023 წელს საქართველოს მთავრობას საგარეო ვალის მომსახურება რეკორდულად ძვირი, 1.65 მილიარდი ლარი დაუჯდება. ეს თანხა 2021 წელთან შედარებით 380 მილიონი ლარით მეტია.

ვალის მომსახურების გაძვირების მიუხედავად, წელს საქართველოს საგარეო ვალი შემცირდა. 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალი 21.3 მილიარდი ლარია. ეს თანხა 2022 წლის იანვართან შედარებით 3.4 მილიარდი ლარით ნაკლებია. საგარეო ვალის შემცირების უმთავრეს მიზეზს ეროვნული ვალუტის გამყარება წარმოადგენს.

იანვარში ერთი დოლარი საშუალოდ 3.06 ლარი ღირდა, რასთან მიმართებითაც კურსი ამჟამად 12%-ით არის გამყარებული. ხოლო ერთი ევროს საშუალო საფასური 3.42 ლარი იყო, რასთან მიმართებითაც კურსი 17%-ით არის გამყარებული. საგარეო ვალის 58% ამჟამად ევროშია დენომინირებული (32% – დოლარში), ამიტომაც თავად ევროს გაუფასურებაც საქართველოს ვალის შემცირების ერთ-ერთ წამყვან ფაქტორს წარმოადგენს.

რაც შეეხება ვალის კომპოზიციას დონორებისა და ქვეყნების მიმართ, ამ მხრივ მდგომარეობა უცვლელია – ყველაზე დიდი მოცულობის თანხა საქართველოს კვლავ მსოფლიო ბანკის ჯგუფისადმი მართებს.

სახელმწიფო ვალის საპროცენტო განაკვეთი გაზრდილია

საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი არის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე. ანუ სესხის ხელმოწერის დროს განსაზღვრულია, რომ განაკვეთი შეადგენს, მაგალითად, 1-1.5%-ს. ასეთია საქართველოს საგარეო ვალის მთლიანი მოცულობის 53%. თუმცა სესხების 47% არის ცვლადგანაკვეთიანი. ამ დროს საქართველო და დონორი ორგანიზაცია თანხმდებიან, რომ ქვეყანა ცვლადი განაკვეთით გადაიხდის სესხს. ეს ცვლადი განაკვეთი, თავის მხრივ, ძირითადად Euribor-ის კურსზე, ანუ ევროპაში კაპიტალის ღირებულებაზე არის მიბმული. ასეთ ხელშეკრულებებში პროცენტი მსგავსი ფორმით არის წარმოდგენილი Euribor 6m+1%. ერთი წლის წინ ეს ცვლადი განაკვეთი უარყოფითი იყო და -0.54%-ს შეადგენდა, ამჟამად კი ის 2.29%-ია.

სწორედ ამიტომ, თუკი 2022 წლის იანვარში საქართველოს ვალის პორტფელის საპროცენტო განაკვეთი 2.5%-ს შეადგენდა, დღეს ეს განაკვეთი საშუალოდ 3.6%-ია.

რა არის სახელმწიფო ვალის საპროცენტო განაკვეთი?
სახელმწიფო ვალის შეწონილი საპროცენტო განაკვეთი – ფინანსთა სამინისტრო
ვისი ვალი აქვს საქართველოს?
წყარო – ფინანსთა სამინისტრო
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *