ვიწყებთ ახალ საქმეს!

ვიწყებთ ახალ საქმეს!

ცხოვრების გარკვეულ ეტაპსა და კარიერული წინსვლის პროცესში უმრავლესობას საკუთარი ბიზნესის შექმნის სურვილი გვიჩნდება. წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება გვაძლევს საფუძველსა და თავდაჯერებულობას, რომ ჩვენ ამას დამოუკიდებლად შევძლებთ, თუმცა წამოწყებული საქმის წარმატებულ მომავალს ჩვენ მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები განსაზღვრავს. რით დავიწყოთ? რა რისკების წინაშე ვდგავართ? როგორ ვაქციოთ იდეა რეალობად? როგორ მოვიძიოთ კაპიტალი? რა უნარები გვჭირდება? გამბედაობა და მენეჯერული უნარებია მთავარი თუ ახალი იდეა და მოტივაცია? საქმე ისაა, რომ არც წარმატების გამზადებული ფორმულა და არც ამ კითხვებზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. ყველა დამწყებ ბიზნესმენს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, თავისი პატარა ისტორია აქვს გასაზიარებელი. პირადმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ არსებობს ათი აუცილებელი ფაქტორი, რომელთაც გვერდს ვერ ავუვლით:

● დაინახეთ ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ: გამორჩეული და ყველასგან განსხვავებული ბიზნესიდეა წარმატების წინაპირობაა. ასეთი იდეა თქვენს კონკურენტულ უპირატესობასა და უნიკალურობას განაპირობებს.

● გაყიდეთ ბიზნესიდეა და მოიპოვეთ კაპიტალი: მთავარია, გჯეროდეთ თქვენი იდეის, ხოლო კარგად შედგენილი ბიზნესგეგმა გაგიადვილებთ ბიზნესიდეის მიყიდვას პოტენციური ინვესტორებისა თუ კრედიტორებისთვის.

● ბიზნესში გუნდი იმარჯვებს: გამოცდილი და კვალიფიციური თანამშრომლების აყვანა მნიშვნელოვანია, თუმცა წარმატებული ბიზნესის მთავარი პირობა ამ პროფესიონალებისგან შეკრული, ძლიერი გუნდის შექმნაა.

● იცოდეთ, ვინ არის თქვენი მომხმარებელი: მხოლოდ იდეა და პროდუქტი არაა საკმარისი, პოტენციური მყიდველის გემოვნებისა და მოთხოვნის გათვალისწინება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამიტომ სამიზნე სამომხმარებლო სეგმენტების იდენტიფიცირება და მათი სამომხმარებლო ქცევის შესწავლა არ უნდა დაგავიწყდეთ.

● კონკურენტები კარგად შეისწავლეთ: ძლიერი კონკურენტების ყოლა აუცილებელია იმისათვის, რომ ყოველთვის მათზე წინ იყოთ. ჯანსაღი კონკურენცია მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა. მთავარია თამაშგარე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ.

● ფრთხილად ხარჯებთან: სანამ ხარჯებს გასწევთ, კარგად დაფიქრდით: ამ ეტაპზე ეს აუცილებელია? დამწყები ბიზნესის დროს ლამაზი ოფისი ან ოფისმენეჯერი ალბათ არაა აუცილებელი. ამ ყველაფერს ბიზნესის ზრდასთან ერთად მოასწრებთ.

● გაეცანით სიახლეებსა და საბაზრო ტენდენციებს: მუდმივი ცვლილებების ფონზე საბაზრო ტენდენციებს თვალი ადევნეთ, არ ჩამორჩეთ კონკურენტებს.

● არ დაგავიწყდეთ თქვენი მიზანი: ნულიდან საქმის დაწყება არაა ადვილი, პატარ-პატარა წარმატებებს პერიოდულად პრობლემები და სტრესიც თან ახლავს. მთავარია, მიზანს არ გადაუხვიოთ და მართვის სადავეები არ დაკარგოთ.

დღევანდელი საქმე ხვალისთვის არ გადადოთ: საკუთარ ბიზნესს მეტი დამოუკიდებლობა ახლავს თან და ხშირად დღეს გასაკეთებელ საქმესა და დროს არავინ გვიკონტროლებს. დასძლიეთ სიზარმაცე და გადალახეთ კომფორტის ზონა, თვითდისციპლინა და ორგანიზება წინსვლაში დაგეხმარებათ.

გამოწვევები მხოლოდ გაძლიერებენ: თუკი სხვები პრობლემებს ხედავენ, თქვენ ამ პრობლემებში შესაძლებლობები უნდა დაინახოთ. გახსოვდეთ: თითოეული პრობლემა ახალი გამოწვევა და შესაძლებლობაა. 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე რეგისტრირებულ ორგანიზაციათა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისა და სქესის მიხედვით სტატისტიკაში ქალი დამფუძნებლების წილი 35.43%-ია. საქართველოში დღითი დღე მატულობს ქალების მიერ შექმნილი მზარდი დამწყები ბიზნესები. მჯერა, რომ რამდენიმე მათგანის გამოცდილება ნამდვილად შთააგონებს მკითხველს და შემატებს გამბედაობას, დაიწყოს საკუთარი.

კომპანია “ფუნდუკი”. დამფუძნებელი: მარიკა ჭახრაკია (37). ბიზნესფილოსოფია: გიყვარდეს, რასაც აკეთებ და სხვებსაც შეუყვარდება ის. საყვარელი გამოთქმა: მოგწონდეს შენი საქმე და შენი სამუშაო სიამოვნებას მოგანიჭებს. მე მჯერა რამეს თუ მოინდომებ, აუცილებლად გამოგივა.

რა იყო მთავარი მოტივაცია საკუთარი ბიზნესის დასაწყებად?

ყველაფერი ნულიდან დაიწყო. როდესაც ერთ დღეს უსამსახუროდ დავრჩი, მივხვდი, რომ სხვადასხვა კომპანიაში მრავალწლიანი მუშაობის შედეგად დაგროვილი გამოცდილება შემეძლო საკუთარი ბიზნესის ასაწყობად გამომეყენებინა. მცირე ბიზნესი კი ჩემი მრავალი წლის ოცნება იყო. თავიდან არ მქონდა განსაზღვრული, კონკრეტულად რა იქნებოდა ეს ბიზნესი, მაგრამ ის, რაც ზუსტად ვიცოდი, იყო მიმართულება. როცა რაღაც ძალიან გინდა და ბევრს ფიქრობ, თითქოს გარემოებებიც შენ სასარგებლოდ ეწყობა. ისე მოხდა, რომ იმ პერიოდში ჩემს მეგობრებს ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციაში ვეხმარებოდი და ერთად ვგეგმავდით, როგორ გვექცია ხელნაკეთი სუვენირების წარმოება უფრო მრავალფეროვან ბიზნესად, როგორ შეგვეტანა თანამედროვე ელემენტები ტრადიციული რეწვის პროდუქტებში, როგორ დაგვეინტერესებინა სხვადასხვა კომპანია ამ პროდუქციით.

სწორედ ამ საქმიანობის დროს ერთ-ერთი დიდი კომპანია დამიკავშირდა და ორიგინალური სასაჩუქრე ნივთების მიწოდება მთხოვა. შესაბამის საქმეში ჩართულს უცებ უამრავი იდეა გამიჩნდა და შემოთავაზებასაც მაშინვე დავთანხმდი; ამ პირველმა დამოუკიდებელმა პარტნიორობამ შემდეგში მრავალი ახალი და საინტერესო პროექტის განხორციელების საშუალება მომცა. „ფუნდუკი” ისე სწრაფად განვითარდა, რომ ოჯახის სხვა წევრებიც შემომიერთდნენ და ერთი შეკვეთით დაწყებული საქმე ახლა უკვე ოჯახური ბიზნესად იქცა.

გვიამბეთ თქვენი ბიზნესის შესახებ

დღესდღეობით კომპანია „ფუნდუკი” შეკვეთებზე მუშაობს, აწარმოებს ავეჯს და ფლობს მაღაზიას, სადაც კონცეპტუალური ავეჯი და აქსესუარებია წარმოდგენილი. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა მარტივი, კომფორტული და ამავდროულად პრაქტიკული ავეჯი.

„ფუნდუკის” მიერ შექმნილი ყველა ნივთი ერთგვარი ექსპერიმენტია. ჩვენი პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალებისგანაა დამზადებული – ამ ფაქტორს ჩვენი კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯი ბიზნესის წამოსაწყებად?

დავაარსე კომპანია, ბუღალტერთან გავიარე პირველი კონსულტაცია და მეგობრებს მოვუყევი ჩემი ახალი ჩანაფიქრის შესახებ.

რა გამოწვევებთან მოგიწიათ გამკლავება საწყის პერიოდში?

ყველაზე დიდი გამოწვევა არის დრო და დროის მენეჯმენტი.

რა რჩევებს მისცემდით დამწყებ ბიზნესმენებს?

იყავით ინოვატორები და არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების!

როგორ ინარჩუნებთ მოტივაციას რთულ პერიოდებში?

ვიხსენებ, რამდენ რამეზე ვარ პასუხისმგებელი და თავს ვიმხნევებ, რადგან არაფერია შეუძლებელი.

საკვირაო სკოლა “რებუსი”. დამფუძნებლები: ნატალია ლუჩანინოვა (28) და ანა გაბუნია (29). საყვარელი გამოთქმა/ ნატალია: ცხოვრება სავსეა შესაძლებლობებით! ანა: ყველაზე დიდი ბედნიერება საყვარელი საქმის კეთებაა! ჩვენ გვჯერა „რებუსის” წარმატების!

ჩვენი ბიზნესის წამოწყება დიდ ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებული არ ყოფილა, რადგან ფართი, რომელიც კერძო სკოლა „ჯეჯილში” ვიქირავეთ, კეთილმოწყობილია და ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი; მათ შორის ლაბორატორიით, სადაც სამყაროს შემეცნების გაკვეთილი ტარდება. განხორციელებული ინვესტიცია ძირითადად მარკეტინგულ აქტივობებს, დამატებითი ინვენტარისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისთვის საჭირო მასალის შეძენას მოხმარდა. ამ ეტაპზე „რებუსში” 50 ბავშვია დარეგისტრირებული და მათი უმეტესობა ოქტომბერში გაწევრიანდა.

რა იყო მთავარი მოტივაცია საკუთარი ბიზნესის დასაწყებად?

საკვირაო სკოლის დაარსების იდეა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ვართ დედები და გაგვიჭირდა სტუდიის პოვნა, სადაც ბავშვებს სწორედ იმ საგნებს ასწავლიდნენ, რომლებიც ახლა „რებუსის” პროგრამაშია თავმოყრილი. ჩატარებული კვლევის შედეგებმაც დაგვანახა მსგავსი სკოლის არსებობის საჭიროება და ეს ძალიან კარგი მოტივატორი იყო იმისათვის, რომ იდეა გაგვეცოცხლებინა. პროექტზე მუშაობა 2015 წლის მაისში დავიწყეთ და ყველაზე დიდი დრო კვალიფიციური პედაგოგების შერჩევას დავუთმეთ. ზაფხულის მეორე ნაწილში კი მათი დახმარებით ისეთი ფორმულის შექმნაზე ვიმუშავეთ, რომელიც ბავშვებისა და მშობლების უმრავლესობისთვის იქნებოდა საინტერესო, პრაქტიკული. ასევე ვიზრუნეთ იმაზე, რომ სწავლის ფასი მისაღები ყოფილიყო.

გვიამბეთ თქვენი ბიზნესის შესახებ

„რებუსი” 2015 წლის ოქტომბერში გავხსენით. სასწავლო პროგრამა 5-12 წლის ბავშვებზეა გათვლილი და სამ გაკვეთილს: მსოფლიო ლიტერატურას, სახვით ხელოვნებასა და სამყაროს შემეცნებას მოიცავს. ჩვენი საკვირაო სკოლა პატარებს იმ მოვლენებისა და ფაქტების შესწავლასა და აღქმაში ეხმარება, რომლებიც მათთვის ამოუცნობი, ახალი, უცხო და საინტერესოა. ბავშვები თავად ქმნიან სხვადასხვა ნივთს, ამზადებენ კოლაჟებს, იღრმავებენ ცოდნას ავტორებისა და მათი ნაწარმოებების შესახებ, ხდებიან საინტერესო ცდების თანამონაწილენი და პასუხს იღებენ ყველა იმ კითხვაზე, რაც სამყაროს უკავშირდება. მეცადინეობები ყოველ შაბათს, დილის 11:00 საათიდან 14:20 საათამდე ტარდება.

რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯი ბიზნესის წამოსაწყებად?

კვლევის ჩატარებისა და მისი გაანალიზების შემდეგ მივხვდით, რომ ეს ნიში აუთვისებელი იყო და ძალიან ცოტა დრო გვქონდა იმისათვის, რომ ის აგვეთვისებინა. დიდი დრო სახელის მოფიქრებას დავუთმეთ. გვინდოდა მარტივად დასამახსოვრებელი, ბავშვური და თან დახვეწილი ბრენდის შექმნა. ვეძებდით ისეთ სახელს, რომელიც კარგად გამოისახება მარცვლებითა და ნახატით და ამასთანავე, ჩვენი საქმიანობის წარმომჩენი იქნებოდა. შევჯერდით სიტყვა „რებუსზე”, რომელიც იდეალურად მოერგო ჩვენს საკვირაო სკოლას, დააკმაყოფილა დასმული ამოცანის პირობა და მოგვცა იმის საშუალება, რომ სიბრძნის სიმბოლო „ბუ” გამოგვეყენებინა ჩვენს ლოგოში. ასევე დიდი დრო დავუთმეთ სასწავლო პროგრამის შექმნას, რომლის ანალოგსაც ვერსად მოიძიებთ.

რა გამოწვევებთან მოგიწიათ გამკლავება საწყის პერიოდში?

ყველაზე დიდი გამოწვევა თავად იდეა იყო – ახალი პროგრამის შექმნა, რომელიც ჯერ არსად ყოფილა აპრობირებული. მისი უნიკალურობა გარკვეულ რისკთანაც იყო დაკავშირებული, რადგან არ ვიცოდით, რამდენად გაამართლებდა. ვირგებდით ბავშვების როლებს და მათი სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით ვწერდით თითოეული გაკვეთილის გეგმას. ჩვენი და მეგობრების შვილებს სხვადასხვა ცდა და ტესტ-გაკვეთილი ჩავუტარეთ იმის გამოსააშკარავებლად, თუ რა იყო კარგი და რა საჭიროებდა დახვეწას თუ ადაპტირებას. ეს საკმაოდ კარგი პრაქტიკა გამოდგა და ბევრი რამ სულ სხვა კუთხით დაგვანახა.

რა რჩევებს მისცემდით დამწყებ ბიზნესმენებს?

საკუთარი ბიზნესის წამოწყება ყოველთვის გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული და ამ დროს შეცდომის დაშვება ზოგჯერ გარდაუვალიცაა. საკუთარ შეცდომებზე სწავლა კი გამოცდილების დაგროვებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. რთულია, რამდენიმე წინადადებით მოსალოდნელ სიძნელეებსა და გართულებებზე საუბარი, თუმცა დამწყებ მეწარმეებს რამდენიმე საკვანძო რჩევას მივცემდით: პირველ რიგში, ირწმუნონ თავიანთი იდეა, შეიყვარონ, ენთუზიაზმით შეუდგნენ საქმეს და იყვნენ რისკიანები. უნდა გაითავისონ ისიც, რომ გარკვეულ სიტუაციებში არ ექნებათ სრული ინფორმაცია რიგი გადაწყვეტილების მისაღებად და ბრმად მოუწევთ მოქმედება. არ შეუშინდნენ სირთულეებს და შეცდომის დაშვებას; მთავარია, შეცდომები დროულად აღმოაჩინონ და არასდროს გაიმეორონ!

როგორ ინარჩუნებთ მოტივაციას რთულ პერიოდებში?

როდესაც „რებუსზე” მუშაობა დავიწყეთ, გაცილებით უფრო რთული სურათი დავხატეთ და მეტი წინააღმდეგობისთვის ვიყავით მზად. ამ მცირე პერიოდში კი განსაკუთრებული პრობლემა არ შეგვხვედრია და, შესაბამისად, მარტივად გადავლახეთ ყველა ის სირთულე, რაც სტარტაპის დაფუძნებას სდევს თან.

FARMASI BEAUTY ACADEMY. დამფუძნებელი: ანა ბერიძე (21). ბიზნესფილოსოფია: განვითარდი ან მოკვდი. საყვარელი გამოთქმა: Twenty dwarves took turns doing handstands on the carpet. მე მჯერა, რომ თუ დავრგავთ შრომის ხეს, ის ყოველთვის გამოისხამს ნაყოფს.

Farmasi Beauty Academy-ის წამოწყება მოხდა 2 000 ლარის ინვესტირებით. ბიზნესმა წარმატებული სტარტი აიღო და სულ რაღაც 8 თვის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 10 000 ლარზე მეტს შეადგენს.

რა იყო მთავარი მოტივაცია საკუთარი ბიზნესის დასაწყებად?

წლების განმავლობაში დაინტერესებული ვიყავი და მომწონდა პროფესიონალური მაკიაჟი, ხშირად ვუყურებდი სხვადასხვა ვიდეოს ცნობილი უცხოელი ვიზაჟისტების ვებგვერდებზე. შემდგომ გადავწყვიტე, ჰობი ჩემს პროფესიად მექცია. ვფიქრობდი, რომ ეს საქმე დიდ წარმატებას მომიტანდა, რადგან მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფეროა და რაც ყველაზე მთავარია – თავად კარგად გამომდიო და. ვფიქრობ, რომ ადამიანმა ცხოვრებაში უნდა აკეთოს ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს, მოსწონს და მისი კეთება სიამოვნებას ანიჭებს.

გვიამბეთ თქვენი ბიზნესის შესახებ

Farmasi Beauty Academy საშუალებას აძლევს ქალბატონებს, უფრო ლამაზები და მოვლილები იყვნენ, ამავდროულად დაეუფლონ ახალ პროფესიას და გაიჩინონ დამატებითი შემოსავლის წყარო. სილამაზის აკადემიაში მოგემსახურებიან პროფესიონალი ვიზაჟისტები. აქვე გახსნილია ვიზაჟის პროფესიული და სამოყვარულო კურსები. გაიცემა სერტიფიკატები და დიპლომები. სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან მათთვის საჭირო მასალებით. Farmasi Beauty Academy-მ და Sonia Sangiorgio-მ (face designer Giorgio Armani Cosmetics) იზრუნეს მოდელების მაკიაჟზე World model festival Georgia-ს ჩვენებაზე. ასევე მონაწილეობა მივიღეთ Mr & Mrs Golden Brand-ის სილამაზის კონკურსში. ამ მცირე ხნის განმავლობაში Farmasi Beauty Academy საკმაოდ ცნობილ ბრენდად იქცა, განსაკუთრებით – სოციალურ ქსელში, რასაც ხელი შეუწყო იმან, რომ ყოველი ჩვენი მომხმარებელი უზრუნველყოფილია პროფესიონალური ფოტომომსახურებით, რომელიც შემდგომ განთავსებულია სოციალურ ქსელში (სურვილის ქონის შემთხვევაში).

რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯი ბიზნესის წამოსაწყებად?

ბიზნესის წამოსაწყებად აუცელებელია სტანდარტული პროცედურის გავლა. მეც არ ვყოფილვარ გამონაკლისი და გავიარე ეს გზა:

გავხსენი შ.პ.ს „სილამაზის აკადემია”, შევიძინე საჭირო ინვენტარი, დავაკომპლექტე კომპანია მომსახურე პერსონალით და ა.შ.

რა გამოწვევებთან მოგიწიათ გამკლავება საწყის პერიოდში?

დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ამ სფეროში ძალიან დიდი კონკურენციაა, ამიტომ თავდაპირველად საზოგადოებაში ჩვენი სახელის დამკვიდრება დაგვჭირდა, რაშიც დიდი წარმატება დროთა განმავლობაში ჩვენი პროდუქტის ხარისხმა განაპირობა.

რა რჩევებს მისცემდით დამწყებ ბიზნესმენებს?

ბიზნესის წამოწყების პირველ ეტაპზე მთავარია, ქალებმა გააანალიზონ, თუ რაოდენ უყვართ ის საქმე, რომლის დაწყებასაც აპირებენ, ასევე პასუხისმგებლობა, რომელიც საკუთარი თავის წინაშე ეკისრებათ. მზად უნდა იყოთ უამრავი წინააღმდეგობისთვის, რადგან საქმე არ არსებობს წინაღობების გარეშე. აუცილებელია, გქონდეთ მიზანი და ისწრაფვოდეთ მის მისაღწევად. ბიზნესში აუცილებელია რისკი, რათა თქვენი საქმე განავითაროთ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდეთ. კითხვაზე – წარსულში დაბრუნების შემთხვევაში შევცვლიდი თუ არა რამეს, გიპასუხებთ, რომ არაფერს არ შევცვლიდი ამ ეტაპზე, რადგან თითოეული ჩემი ქმედება თუ გადაწყვეტი

გამოცდილებას, რომელიც მომავალში ძალიან მადგებოდა. ეს უწყვეტი პროცესია და ვფიქრობ, ბიზნესში დაშვებული შეცდომები ძალიან მოტივირებულსა და აზარტულს გხდის. თითოეული არასწორად გადადგმული ნაბიჯი გვზრდის და საქმის სწორად კეთებას გვასწავლის.

როგორ ინარჩუნებთ მოტივაციას რთულ პერიოდებში?

ბიზნესის დაწყებისას დარწმუნებული ვიყავი, რომ დიდი და ძალიან რთული გზის გავლა მომიწევდა. რთულ პერიოდებში ვგრძნობდი, რომ ჩემი საქმე ყველაზე მეტად მიყვარდა და ყველაფერს გავაკეთებდი ფინიშში გასასვლელად.

კომპანია L.L.S.I/ დამფუძნებლები: ირინა ონაშვილი, ლალი ტოტიკაშვილი, სოფო ბურჯანაძე და ლელა ცინცაძე. ბიზნესფილოსოფია: მოუსმინო და აჰყვე მოდის ტენდენციების მაჯის ცემას. საყვარელი გამოთქმა: არაფერია შეუძლებელი. მე მჯერა იდეას, რომელსაც მიზნად დაისახავ, აუცილებლად წარმატებით განახორციელებ, მთავარია, რომ მთელი გულით გჯეროდეს ამის.

რა იყო მთავარი მოტივაცია საკუთარი ბიზნესის დასაწყებად?

კომპანია 2015 წლის ზაფხულში დავაფუძნეთ. ბიზნესის წამოწყების ინსპირაციად დედაჩემის მიერ ჩემთვის მოქსოვილი მწვანე ჟაკეტი იქცა, რომელიც ისე მოეწონათ ჩემს მეგობრებს, რომ გადავწყვიტეთ, კოლექცია შეგვექმნა.

პირველ ეტაპზე დავიწყეთ საბავშვო ჟაკეტებით, რადგან ჩვენი სააგენტო ყოველწლიურად უკეთებს ორგანიზებას საბავშვო ჩვენებებს, სადაც ცნობილი მაღაზიების ახალ კოლექციებს ძირითადად პატარები წარმოადგენენ. კარგი იქნებოდა, თუ ამჯერად პატარა გოგონები ხელით ნაქსოვ ჟაკეტებს მოირგებდნენ (ამას ალბათ ახალი წლებისთვის გავაკეთებთ), მანამდე კი შევქმენით ულამაზესი მოდელები და პატარა მოდელებთან ერთად ფოტოსესია ჩავატარეთ.

გვიამბეთ თქვენი ბიზნესის შესახებ

კომპანია L.L.S.I დავაფუძნეთ ლალი ტოტიკაშვილმა, სოფო ბურჯანაძემ, ლელა ცინცაძემ და მე, ირინა ონაშვილმა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ხელით ნაქსოვების ბიზნესით არ დაწყებულა, ჩვენ უკვე მრავალი წელია, გვაქვს სამოდელო სააგენტო Fashion Charm-ი. ჩვენი მოდელები აქტიურად მუშაობენ ამ პროფესიით. ასევე დავაარსეთ სკოლა, სადაც თინეიჯერები ეუფლებიან ყველა იმ სასარგებლო საგანს, რომელიც მათთვის არა მხოლოდ სამოდელო კარიერაში, არამედ ზოგადად მომავალი წინსვლისთვის იქნება მნიშვნელოვანი.

რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯი ბიზნესის წამოსაწყებად?

ჯერჯერობით მაინც დამწყებები ვართ და ვცდილობთ, ავყვეთ მოდის ტენდენციებს, ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ ახალი კოლექცია, რომელსაც შევქმნით, ხელმისაწვდომი იყოს პირველ რიგში ქართველებისთვის და შემდგომ უკვე უცხოელებისთვის, მათთვის, ვინც განსაკუთრებულად აფასებს ხელნაკეთ ნივთებს, იქნება ეს ნაქსოვი ჟაკეტი თუ საიუველირო ნაკეთობა (უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა საიუველირო ნამუშევრებმა დიდი მოწონება უკვე დაიმსახურა). ასევე ვაპირებთ საზღვარგარეთ შოურუმების მოწყობას უცხოელი მომხმარებლის მოსაზიდად.

რა გამოწვევებთან მოგიწიათ გამკლავება საწყის პერიოდში?

მთავარი გამოწვევა კონკურენციაა – ჩვენს ქვეყანაში უკვე ყველა ქსოვს! არსებობენ ბაზარზე დიზაინერები, ვინც მსგავსი მიმართულებით აკეთებს ნამუშევრებს და ეს მხოლოდ სტიმულია იმისთვის, რომ უფრო მეტი ვიმუშაოთ, განსაკუთრებული მოდელები შევქმნათ, რომ უფრო მეტი დაინტერესება დავიმსახუროთ. ჩვენი მიზანია, ჩვენს კოლექციებში სიახლე შევიტანოთ, რათა მომხმარებელს ჰქონდეს უფრო მეტი არჩევანის საშუალება და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში მოვახერხოთ.

რა რჩევებს მისცემდით დამწყებ ბიზნესმენებს?

ყველა დამწყებ ბიზნესმენ ქალს ვურჩევ, პირველ რიგში აირჩიონ ის სფერო, რომელიც მათ პიროვნებასთან ყველაზე ახლოსაა, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ იმას, რომ უყვარდეთ თავიანთი საქმე, რადგან თუ საქმეს სიყვარულით არ აკეთებ, ის არასდროს არ იქნება წარმატებული.

როგორ ინარჩუნებთ მოტივაციას რთულ პერიოდებში?

ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, რადგან იმდენად ახალბედები ვართ, რომ რთულ მდგომარეობაში ჯერ არ აღმოვჩენილვართ, თუმცა ყველაფერი მოსალოდნელია, ამიტომ მგონია, რომ ნებისმიერი სირთულის დროს ადვილად ვიპოვით გამოსავალს. ყოველ ნამუშევარს მოუთმენლად ველოდებით, ზოგადად ყველა ბიზნესი ალბათ ძალიან აზარტულია, მაგრამ ჩვენი – განსაკუთრებულად, რადგან არ იცი, იმ ესკიზიდან, რომელიც ოთხი მეგობრის დიდი ფიქრისა და განსჯის შედეგად არის შექმნილი, რა გამოვა. მოლოდინს ყოველთვის აჭარბებს შედეგები და ამას მოჰყვება იმ ადამიანის კმაყოფილება, ვისთვისაც კონკრეტული მოდელი იქმნება. სამუშაო პროცესის დროს ხშირად ვიცვლით აზრს და მიმართულებას, ჯერ განვითარების გზაზე ვართ და ბევრი რამ წინ გვაქვს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *