Volvo სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

Volvo სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

მიკროჩიპების გლობალური დეფიციტის მიუხედავად, შვედური ავტომწარმოებელი Volvo NASDAQ-ის სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება – კომპანიაში ვარაუდობენ, რომ IPO-ს შედეგად Volvo $2.9 მილიარდს მოიზიდავს. საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების შედეგად შვედური ავტოგიგანტის ღირებულება დააახლოებით $20 მილიარდით შეფასდება.

ინვესტორებისგან მოზიდულ თანხას Volvo-ს მფლობელი ჩინური ორგანიზაცია Zhejiang Geely Holding Group Co. ელექტრომანქანების წარმოებაზე გადასვლას და პროდუქტის ინდივიდუალური გამოწერის მოდელის დანერგვას მოახმარს.

„დღეს ჩვენი კომპანია მნიშვნელოვან მიღწევას ზეიმობს – აწ უკვე ოფიციალურად განვაცხადეთ, რომ გვსურს, Volvo Cars-ის აქციები Nasdaq-ის სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე განვათავსოთ. წარმოდგენილი IPO-თი Volvo Car-ისთვის ახალი ეტაპი იწყება – ჩვენ კი შვედ და საერთაშორისო ინვესტორებს ჩვენს მომავალ ზრდაში მონაწილეობის მიღებას ვთავაზობთ. საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით ჩვენს ბრენდს გავაძლიერებთ და სრული ელექტრიფიკაციის, მომხმარებელთან პირდაპირი ურთიერთობისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის დანერგვას კიდევ უფრო დავაჩქარებთ“, – აღნიშნავს Volvo Cars-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ჰაკან სამუელსონი.

აღსანიშნავია,  რომ Volvo-ს IPO შვედეთის ისტორიაში მოცულობით მეორე იქნება. ცნობისთვის, 2000 წელს შვედური ტელესაკომუნიკაციო კომპანია Telia Co AB-მ IPO-ს გზით $8.9 მილიარდი მოიზიდა.