საქსტატი: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისაგან თავის არიდებას 20.2% იშვიათად ან საერთოდ ვერ ახერხებდა

საქსტატი: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისაგან თავის არიდებას 20.2% იშვიათად ან საერთოდ ვერ ახერხებდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე კოვიდ-19-ის გავლენის შესახებ მორიგ კვლევას აქვეყნებს. გამოკვლევა მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევის შერჩევის საფუძველზე მიმდინარეობს და მის ფარგლებში 1 996 შინამეურნეობაა გამოკითხული.

კვლევის შედეგების თანახმად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისაგან თავის არიდებას რესპონდენტთა 79.8% ყოველთვის, ხშირად ან ხანდახან ახერხებდა. ხოლო გამოკითხულთა 20.2% კი იშვიათად ან საერთოდ ვერ ახერხებდა. რესპონდენტები აღნიშნული ტენდენციის მიზეზებად სამსახურში სიარულს, საყიდლებზე წასვლას, სტუმრობას ან ვინმესთან შეხვედრას, აფთიაქში მისვლას, კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებაში მომსახურების მისაღებად ვიზიტს, სამედიცინო შემოწმებას და კორონავირუსის ტესტის ჩატარებას ასახელებენ. მათგან ყველაზე დიდი, 80.3%-იანი წილი ბუნებრივად სამსახურში სიარულის მიზეზს აქვს.

საინტერესო მოცემულობაა ისიც, რომ რესპონდენტთა 80.1% გამოკითხვამდე გასული 7 დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ყოფნისას ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, პირბადეს ყოველთვის ატარებდა. თუმცა გამოკითხულთა 0.5% აღნიშნულ პერიოდში პირბადეს საერთოდ არ ატარებდა.

საკმაოდ სავალალო მოცემულობაა სამსახურების დაკარგვის კუთხით. რესპონდენტთა 13.9% ამბობს, რომ შინამეურნეობებში 2020 წლის დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე ოჯახის ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული მაჩვენებელი განსხვავებულია დასახლებების ტიპის მიხედვით. საქალაქო ტიპის დასახლებისათვის ის 16.3%-ს შეადგენს, სასოფლო ტიპის დასახლებისათვის კი – 10.5%-ს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *