Washington Post: ჩინეთმა იაპონიის სამხედრო ქსელები დაჰაკა

Washington Post: ჩინეთმა იაპონიის სამხედრო ქსელები დაჰაკა

Washington Post-ის მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის დასაწყისში, ჩინეთის სამხედრო ჰაკერებმა იაპონიის საიდუმლო თავდაცვის ქსელებზე წვდომა დაამყარეს, რის შედეგადაც, აშშ-ის მოკავშირის სამხედრო შესაძლებლობებზე, გეგმებსა და ხარვეზებზე მიიღეს ინფორმაცია.

გამოცემის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ კიბერთავდასხმა, რომელიც სახალხო განმათავისუფლებელი არმიის კიბერჯაშუშების მიერ განხორციელდა, 2020 წლის შემოდგომას აღმოაჩინა. მალევე, სააგენტოს ხელმძღვანელები ტოკიოში გაემგზავრნენ და ინციდენტის შესახებ იაპონიის თავდაცვის მინისტრსა და პრემიერს აცნობეს. აშშ-ის მაღალჩინოსნების შეფასებით, დაჰაკვის საშუალებით ქსელებზე „ძლიერი და მუდმივი“ წვდომა დამყარდა.

იაპონიის უსაფრთხოების ქსელებზე თავდასხმები ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში დაიწყო, თუმცა, როგორც ჩანს, ბაიდენის მმართველობის დროსაც გრძელდებოდა. აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებით, იაპონიის თავდაცვის სისტემაში ხარვეზები 2021 წელსაც ფიქსირდებოდა, რაც ინფორმაციის გაჟონვის შეჩერების წარუმატებელ მცდელობებში გამოიხატებოდა.

კიბერთავდასხმების მიმართ დაუცველობის შესაფასებლად, იაპონია და ამერიკის შეერთებული შტატები იაპონური კომერციული ფირმის გამოყენებაზე შეთანხმდნენ. ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო და „კიბერსადრლობის“ გუნდი, რომელიც იაპონური ქსელების მუდმივი მონიტორინგის მიზნით დაარსდა, ფირმის დასკვნებს განიხილავენ და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ.

გარდა ამისა, მომდევნო ხუთ წელიწადში, კიბერუსაფრთხოებაზე ქვეყანა $7 მილიარდს დახარჯავს, იაპონიის სამხედრო კიბერუსაფრთხოების ძალებს კი, 4,000 ადამიანი დაემატება.