WHO: მსოფლიო მოსახლეობის 99% დაბალი ხარისხის ჰაერს სუნთქავს

WHO: მსოფლიო მოსახლეობის 99% დაბალი ხარისხის ჰაერს სუნთქავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, მსოფლიო მოსახლეობის 99% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაცია წიაღისეული საწვავის გამოყენების შესამცირებლად უფრო მკაცრი ზომების გატარებას ითხოვს. დაბინძურებული ჰაერი ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ხდება.

ახალი მონაცემებით, გლობალური მოსახლეობის 99% ისეთი ნაწილაკებით სავსე ჰაერს სუნთქავს, რომელთაც ფილტვებში, ვენებსა და არტერიებში ღრმად შეღწევა და დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. ჰაერის ხარისხი ყველაზე დაბალი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის რეგიონებში, ასევე აფრიკის ტერიტორიაზეა.

მონაცემთა ბაზამ, რომელიც ტრადიციულად ორი ტიპის ნაწილაკებს, PM2.5-სა და PM10-ს განიხილავს, ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა პირველად გაზომა. მონაცემთა ბაზის ბოლო ვერსია 2018 წელს გამოიცა. აზოტის დიოქსიდი ძირითადად ადამიანის მიერ საწვავის წვის შედეგად, მაგალითად, საავტომობილო მოძრაობისას წარმოიქმნება. დაბინძურებული ჰაერი კი რესპირატორული დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდება.

ნაწილაკების წყარო საავტომობილო ინდუსტრიასთან ერთად სოფლის მეურნეობა, ელექტროსადგურები, ნარჩენების წვა და მრეწველობა, ასევე ბუნებრივი წყაროები, მაგალითად, უდაბნოს მტვერია. განვითარებად სამყაროში სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა. ინდოეთში – PM10-ის, ხოლო ჩინეთში PM2.5-ის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა. ნაწილაკებს, განსაკუთრებით PM2.5-ს, ფილტვებსა და სისხლძარღვებში ღრმად შეღწევა შეუძლიათ, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და ინსულტს იწვევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *