გაეროს კლიმატის მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა (WMO) და ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილებების სამსახურის ერთობლივი განცხადებით, 2023 წლის ივლისი „დიდი ალბათობით“, რეკორდულად ცხელი თვე იქნება.
„კლიმატური ცვლილება უკვე აქ არის, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. გლობალური დუღილის ეპოქა დადგა“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა დირექტორმა ანტონიო გუტერეშმა. ივლისის სიცხის ტალღების ზემოქმედება კი მთელ მსოფლიოზე შესამჩნევია. ევროპა რეკორდულ სიცხეებსა და ხანძრებს ებრძვის, ხოლო ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, ტემპერატურა 52.2 გრადუსამდე გაიზარდა და ეროვნული რეკორდი მოხსნა.
ევროკავშირის მონაცემებით, 2023 წლის ივლისის თვის საშუალო ტემპერატურა, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.2 გრადუსი ცელსიუსით უფრო თბილი იქნება, რაც მას უკანასკნელ 174 წლის განმავლობაში, რეკორდულად ცხელ თვედ აქცევს. ნავარაუდებია, რომ 2023 წლის ივლისი დაახლოებით 1.5 გრადუსი ცელსიუსით აღემატება პრეინდუსტრიულ საშუალო მაჩვენებელს. ამას გარდა კი, WMO-მ, ივლისის პირველი სამი კვირა, ტემპერატურის აღრიცხვის დაწყების შემდეგ, ყველაზე ცხელ პერიოდად უკვე შეაფასა.
მეცნიერების პროგნოზით, 2023 წელმა შესაძლოა 2016 წლის რეკორდი მოხსნას და ყველაზე ცხელი წელი გახდეს, ასეთივე ვარაუდია გამოთქმული 2024 წელთან დაკავშირებით. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ პლანეტა El Niño-ს ფაზაში შევიდა, რომლის დროსაც წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში თბილი სეზონური ზედაპირული დინება გლობალურად ტემპერატურის მატებაშიც გამოიხატება. WMO ივლისის თვის შესახებ საბოლოო მონაცემებს აგვისტოს ბოლოსკენ გამოაქვეყნებს.