Kering-მა იტალიური Valentino-ს 30%-იანი წილი შეისყიდა

Kering-მა იტალიური Valentino-ს 30%-იანი წილი შეისყიდა

ფრანგულმა კონგლომერატმა Kering-მა კატარის საინვესტიციო ფონდ Mayhoola-სგან 1.7 მილიარდ ევროდ, იტალიური მოდის ბრენდ Valentino-ს 30%-იანი წილი შეისყიდა. Kering-ის გადაწყვეტილება, უმეტესწილად, ჯგუფის ბრენდის, Gucci-ის გაყიდვების კლებამ განაპირობა.

მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით, არაუგვიანეს 2028 წლისა, Kering-ს იტალიური მოდის სახლის სააქციო კაპიტალის სრულად შეძენა შეუძლია. „ტრანზაქცია Kering-ისა და Mayhoola-ს სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც, კატარის საინვესტიციო ფონდი შესაძლოა ფრანგული კონგლომერატის აქციონერიც კი გახდეს“, – ნათქვამია Kering-ის განცხადებაში.

ფრანგული ჯგუფის გაყიდვებმა, მეორე კვარტალში, 3%-იან ზრდას მიაღწია, სწორედ მაშინ, როდესაც კომპანია Gucci-ის ბიზნესის გადარჩენას აქტიურად ცდილობდა. ამავე პერიოდში, თავად Gucci-ის გაყიდვები მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, მეორე კვარტალში, საცალო გაყიდვებიდან Kering-ის შემოსავალი 23%-ით შემცირდა. შედეგად, ფრანგული ჯგუფი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სხვა ცნობილი კონკურენტებს – მაგალითად, LVMH-ის გაყიდვები 21%-ით გაიზარდა.

გასულ კვირას Kering-მა ჯგუფის მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ განაცხადა. Gucci დატოვა ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკო ბიზარიმ. ფრანგული კონგლომერატის ინფორმაციით, Kering-ს Valentino-ს საბჭოში საკუთარი წარმომადგენლობა ეყოლება. კატარის საინვესტიციო ფონდი, რომელმაც იტალიური ბრენდი 2012 წელს შეისყიდა, აქციების 70%-ს შეინარჩუნებს. შესყიდვის პროცედურები სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება.