The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტაივანისთვის $400 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების დამტკიცების პროცედურები შეაჩერა. გამოცემის ვარაუდით, ამის მიზეზი ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებია.
სამხედრო დახმარების პაკეტის შეჩერების შესახებ, ამ ეტაპზე, ოფიციალური განცხადება არცერთ მხარეს არ გაუკეთებია. თუმცა ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისინი ამ საკითხს უკვე იკვლევენ. The Washington Post-ის ცნობით, ტაივანისთვის განკუთვნილი პაკეტი საბრძოლო მასალასა და ავტონომიური მართვის სისტემით აღჭურვილ დრონებს მოიცავდა.
პარალელურად, ვაშინტონი და პეკინი სავაჭრო შეთანხმების მიღწევას ცდილობს. მადრიდში გამართული მოლაპარაკებებისას, აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციებმა TikTok-ის საკითხიც შეათანხმეს, რის შედეგადაც, TikTok-ის ამერიკული ოპერაციების გაყიდვის თარიღი კიდევ ერთხელ გადავადდა.
თუმცა ჩინეთი ეწინააღმდეგება აშშ-ის მხრიდან ტაივანის სამხედრო დახმარებას, რადგან თვითმმართველ ტერიტორიას ის საკუთარი ქვეყნის ნაწილად მიიჩნევს. ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, დონგ ძუნმა, ხუთშაბათს, პეკინში გამართულ რეგიონულ თავდაცვის ფორუმზე, კიდევ ერთხელ გააფრთხილა ვაშინგტონი, თავი შეიკავოს „გარე ჩარევისგან“.
თავის მხრივ, საკუთარ თავდაცვის შესაძლებლობებს აძლიერებს ტაიპეიც. ტაივანის პრეზიდენტ ლაი ცინ-დეს განცხადებით, 2026 წლისთვის ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით 23%-ით, $31.1 მილიარდამდე გაიზრდება, ასევე გასულ კვირას დამტკიცდა დაფინანსება დრონებისა და გემების შესაძენად.