WSJ: უკრაინაში Starlink-ის სამხედრო დანიშნულების სერვისების შეზღუდვის განკარგულება ილონ მასკმა გასცა

WSJ: უკრაინაში Starlink-ის სამხედრო დანიშნულების სერვისების შეზღუდვის განკარგულება ილონ მასკმა გასცა

ფოტო: The Washington Post via Getty Images

 

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, უკრაინაში სამხედრო დანიშნულების მქონე Starlink-ის ტერმინალების მუშაობის სიჩქარის შეზღუდვის განკარგულება გასცა. ამერიკული გამოცემა ინფორმაციას აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და საკითხთან დაკავშირებულ ადამიანებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ამ ნაბიჯმა უკრაინული დრონების ნაწილის გამოყენებას ხელი შეუშალა.

WSJ იტყობინება, რომ ამერიკელმა მილიარდერმა გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილა. ამასთან ერთად, შეზღუდვის დაწესებამდე მასკმა კონსულტაციები აშშ-ის ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსანთანაც გამართა.

საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან საუბრისას გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინაში Starlink-ის სამხედრო სერვისის შეზღუდვის გადაწყვეტილება აშშ-ის მთავრობისგან მიღებულ გზავნილს უკავშირდებოდა.

საკითხს სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით გამოეხმაურა ილონ მასკიც და განაცხადა, რომ „Starlink-ის სიჩქარისა თუ გამოყენების ნებისმიერი შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას აშშ-ის სამხედრო უწყება იღებს“. ტრამპმა კი ორშაბათს განაცხადა, რომ არ იცოდა, თუ ვინ იყო უკრაინაში Starlink-ის სამხედრო სერვისის შეზღუდვაზე პასუხისმგებელი, თუმცა ამის გარკვევა სურდა.

წაიკითხეთ ასევე: რა არის Starshield-ი, SpaceX-ის Starlink-ის სამხედრო ვერსია?

ცნობისთვის, უკრაინაში გამოყენებულ სამხედრო დანიშნულების Starlink-ზე შეზღუდვა 14 ოქტომბერს ამოქმედდა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკის რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა. აღნიშნულ მოწოდებამდეც ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის „ენერგეტიკული ზავის“ მიღწევის შესახებ განაცხადა, თუმცა შეთანხმება მალევე – ეჭქვეშ დადგა, რადგან მხარეებმა ერთმანეთი ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს.

პარალელურად, მასკის SpaceX-მა მესამე კვარტალის ფინანსური შედეგებიც გამოაქვეყნა. გასულ კვარტალში კომპანიის შემოსავალმა $14.6 მილიარდს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 161%-ით მეტია. რაც შეეხება ილონ მასკს, Forbes-ის შეფასებით, $925 მილიარდის ქონებით ის კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია.