რა არის Starshield-ი, SpaceX-ის Starlink-ის სამხედრო ვერსია?

რა არის Starshield-ი, SpaceX-ის Starlink-ის სამხედრო ვერსია?

ფოტო: Inna Varenytsia/Reuters

 

გასულ კვირას უკრაინამ განაცხადა, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა სამხედრო დანიშნულების Starlink-ის სერვისებზე წვდომა შეზღუდა, რამაც ხელი შეუშალა უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებულ დარტყმებსა და საჰაერო თავდაცვით ოპერაციებს.

უკრაინის მიერ გავრცელებულმა განცხადებამ კვლავ დღის წესრიგში დააბრუნა Starlink-სა (SpaceX-ის კომერციული სატელიტური ინტერნეტსერვისი) და Starshield-ს (პენტაგონისთვის შექმნილი სამხედრო ვერსია) შორის არსებულ განსხვავებებზე მსჯელობა. მიუხედავად იმისა, რომ, მასკის თქმით, ეს ორი სისტემა ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, ხშირ შემთხვევაში ისინი ერთსა და იმავე საბაზისო სატელიტურ ტექნოლოგიას იყენებს.

„Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და მის კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა ილონ მასკმა გასულ ოთხშაბათს. მისი განმარტებით, სიჩქარესა თუ გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეზღუდვას აშშ-ის სამხედრო უწყება ან პრეზიდენტი განსაზღვრავს. „Starlink-ი კომერციული სერვისია, რომელიც SpaceX-ის საკუთრებაა და მის კონტროლს ექვემდებარება. Starlink-ის გამოყენება შემოიფარგლება სამოქალაქო ან თავდაცვითი მიზნებით. მისი გამოყენება დაუშვებელია შეტევითი სამხედრო ოპერაციებისთვის, რადგან ეს შეუსაბამო იქნებოდა კომერციული კომპანიისთვის“, – აღნიშნა მასკმა.

Starlink-ი, რომელიც SpaceX-ის შემოსავლის მთავარი წყაროა, სატელიტური ინტერნეტქსელია. ის 11,000-ზე მეტი თანამგზავრისგან შედგება და ინტერნეტს პირდაპირ მომხმარებლის ტერმინალებს აწვდის. სისტემას დაახლოებით 13 მილიონი აბონენტი ჰყავს, მათ შორის არიან როგორც კერძო ოჯახები, ისე საზღვაო გადამზიდავი კომპანიები და მსხვილი ავიახაზები.

რაც შეეხება Starshield-ს, ის SpaceX-ის ბიზნესერთეულია, რომელიც პენტაგონისთვის სამხედრო და სადაზვერვო სატელიტურ სისტემებს ქმნის. მართალია, მისი მისიები Starlink-ის კომერციული მომსახურებისგან დამოუკიდებელია, თუმცა ეს გამიჯვნა ყოველთვის მკაფიო არ არის. Starshield-ის უსაფრთხო საკომუნიკაციო სერვისები იყენებს გაძლიერებულ დაშიფვრასა და სპეციალიზებულ ტერმინალებს, თუმცა Starlink-ის სატელიტების ვრცელ ქსელს ეყრდნობა.

SpaceX-ის განცხადებით, Starshield-ი Starlink-ის ტექნოლოგიებს, საინჟინრო გადაწყვეტებსა და ოპერაციულ გამოცდილებას იყენებს. კომპანიის ცნობით, სისტემის სამხედრო დანიშნულების ვერსია, უსაფრთხო კომუნიკაციის გარდა, მომხმარებლებს დედამიწის დაკვირვების შესაძლებლობასაც სთავაზობს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.