WWE-მ ბიუჯეტის შემცირების გამო ბევრი ცნობილი ვარსკვლავი გაათავისუფლა

WWE-მ ბიუჯეტის შემცირების გამო ბევრი ცნობილი ვარსკვლავი გაათავისუფლა

ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, გასულ კვირას WWE-მ საბიუჯეტო შემცირების გამო კომპანიის ბევრი ცნობილი ვარსკვლავი გაათავისუფლა. მათ შორის კეიტ ლი, კარიონ კროსი და ნია იაქსიც არიან. Forbes-სათვის მიცემულ კომენტარში კი კომპანია გათავისუფლებულ ვარსკვლავებს მომავალში წარმატებას უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ WWE ამერიკელ მაყურებელში საკმაოდ პოპულარული გასართობი შოუა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი უყურებს. სწორედ ამიტომ, სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ კომპანიის ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზებს.

თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიამ საკუთარი პერსონალის შემცირება ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისიდან დაიწყო. 2020 წლის აპრილში, პანდემიის დაწყებიდან მალევე, WWE-მ 200-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა, რომელთა შორისაც 22 მოჭიდავე და 10 პროდიუსერიც გახლდათ. გათავისუფლებების სერია კი მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა.

2021 წელს უკვე 50 მოჭიდავე გაათავისუფლეს, რომელთა შორისაც WWE-ის 2020 წლის უნივერსალური ჩემპიონატის გამარჯვებული,  ბრონ სტროუმენი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი მოჭიდავე  მიკი ჯეიმსიც იყვნენ.

საინტერესოა, რომ 2019 წლიდან მოყოლებული WWE-ის მაყურებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2019 წელს მისი მაყურებლების რაოდენობამ 1.83 მილიონი ადამიანი შეადგინა, მაშინ როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს 2.16 მილიონი იყო. თუმცა გასულ კვირას კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, მესამე კვარტალში 15%-იანი საშემოსავლო ზრდა აღინიშნება გასული წელის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით და ის 255.8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *