WYNDHAM-ი ახალი კონცეფციით გონიოში

WYNDHAM-ი ახალი კონცეფციით გონიოში

შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ კი გონიოში, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სასტუმროების ქსელის, WYNDHAM-ის ახალი კომპლექსი შენდება. პროექტს დეველოპერული კომპანია NEXT GROUP-ი ახორციელებს. „ვინდამ რეზიდენსი“, რომლის დასრულებაც 2024 წლისთვის იგეგმება, განსხვავებული კონცეფციის იქნება. „ეს ნოუ-ჰაუ NEXT GROUP-ს ეკუთვნის“, ამბობს WYNDHAM HOTELS & RESORT-ის პრეზიდენტი, დიმიტრის მანიკისი, რომელთანაც ინტერვიუ ჩავწერეთ.

ბატონო მანიკის, Wyndham-ის ქსელი 9000-მდე სასტუმროს აერთიანებს მსოფლიოს გარშემო, თუმცა გონიოში, 5-ვარსკვლავიანი „ვინდამ რეზიდენსის“ შეთავაზება განსხვავებულია – საცხოვრებელი აპარტამენტები სასტუმროს მომსახურებით. ელოდებით, რომ სხვა ტრადიციული ბრენდებიც ამ ბიზნესმოდელით გააგრძელებენ განვითარებას?

ერთი სიტყვით – დიახ. სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ იმ ფორმით, როგორითაც მას აქამდე ვიცნობდით, მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. პანდემია მტკივნეული, თუმცა კარგი ეკონომიკური გაკვეთილი გამოდგა და ბევრი ბიზნესი კომერციული მოდელის მოქნილობასა და ეფექტიანობაზე დააფიქრა. მათ შორის ჩვენც. უფრო დაკვირვებით გავაანალიზეთ ე.წ. ბრენდული რეზიდენციების ბოლოდროინდელი წარმატება მსოფლიო ბაზარზე და საინტერესო დასკვნამდე მივედით. ამ შეთავაზების უნიკალურობა თავისუფლებაშია. ის აძლევს ადამიანებს საშუალებას, იცხოვრონ სახლში, სახლიდან შორს. ეს უდავოდ ის შესაძლებლობის ფანჯარაა, რომელიც ჩვენ, მსოფლიო ბრენდებმა, ჩვენი ხარისხის სტანდარტებით ახალ მწვერვალებზე უნდა ავიყვანოთ და ასეც მოხდება.

სახლში და თან სახლიდან შორს?

ზუსტად! ოღონდ წარმოიდგინეთ, რომ სახლის რუტინაზე საერთაშორისო მენეჯმენტ-კომპანია ზრუნავს და განსაკუთრებულ ყურადღებას დეტალების მიმართ იჩენს. თქვენ კი გრჩებათ ქონება, კომფორტი და თავისუფლება. გადაწყვეტთ მეგობრებთან ერთად საღამოს სახლში გატარებას? თქვენი კულინარიული ნიჭით დააპირებთ მათ გაოცებას? იდეალური! აპარტამენტი მრავალგზის გადააზრებული მსოფლიო სტანდარტების მიხედვითაა კეთილმოწყობილი და სრულად აღჭურვილი. აქ ოჯახური შეკრებების ორგანიზება ცალკე სიამოვნება იქნება.

თუმცა Wyndham-ის ახალ კომპლექსში კაზინოს გახსნასაც გეგმავთ…

დიახ. განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ე.წ. ბიზნესმოგზაურებზე და არამხოლოდ კაზინოს და გართობის მიმართულებით. გვსურს, „ვინდამ რეზიდენსი“ საუკეთესო ადგილად იქცეს შეხვედრებისთვის. ამისთვის ვაკეთებთ საკონფერენციო დარბაზებს, უმაღლესი კლასის რესტორანს, მოკლედ, ყველაფერს, რაც გონიოს კომპლექსს კუთვნილ სახელს დაუმკვიდრებს და ეს სახელი გაიგივებული იქნება მხოლოდ ხარისხთან.

რა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც Next Group-ის გონიოს პროექტში ჩართვა გადაგაწყვეტინათ?

პირველ რიგში, Next Group-ის გუნდი. იშვიათად შევხვედრილვარ საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაზე ასე შეყვარებულ ახალგაზრდებს. მოგვეწონა მათი სულისკვეთება, ხედვები და, ცხადია, საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება. თამამად ვიტყვი, რომ Wyndham-ში განებივრებული ვართ პროფესიონალებთან მუშაობით, მაგრამ Next-ის „ნოუ-ჰაუმ“ და ადგილობრივი ბაზრის ნიუანსების იუველირულმა ცოდნამ თავიდანვე სასიამოვნოდ გაგვაკვირვა.

გონიოზე რატომ შეაჩერეთ არჩევანი?

გონიოს ციხესიმაგრე ცოცხალი მტკიცებულებაა იმის, რომ საქართველო ანტიკური ევროპის ნაწილი იყო. დღეს კი მსოფლიო ტურიზმის მომავალ ცენტრად ვუყურებთ და Next Group-ის გუნდმა ეს აღქმა ასმაგად გაგვიმყარა. ისტორიული მნიშვნელობის მიღმა, გონიო საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც ჩვეულებრივი, ხმაურიანი ტურისტული გარემოდან მოშორებით სურს დასვენება. ზღვის წყალი სუფთაა, კურორტი მთებითაა გარშემორტყმული. ალბათ ბუნებრიობაა ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს გონიოში და დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი სტუმრებიც დააფასებენ. უნდა აღვნიშნო, რომ თურქეთის საზღვართან სიახლოვეც მნიშვნელოვანი უპირატესობაა მეზობელი დამსვენებლის მოსაზიდად. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ბიზნესში ყველაფრის მთქმელ სიტყვებს – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“ Wyndham-ის გონიოს კომპლექსის პირველ სტუმრებს თავად ვეტყვი. მათი თვალები კი ყველაფერს იტყვიან.

თქვენ ამბობთ, რომ საქართველოს ტურიზმის მომავალ ცენტრად მიიჩნევთ. სხვა გლობალური ბრენდების გააქტიურებასაც ელოდებით საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე?

Next Group-ის მიზანიც სწორედ ეგ არის და დარწმუნებული ვარ, წარმატებასაც მიაღწევენ. ჩვენ ჩვენი თავის, ჩვენი ბრენდის, ჩვენი იდეალების გვწამს. დასვენებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნა ის პასუხისმგებლობაა, რომელიც Wyndham-ის ოჯახის თითოეული წევრისა და მთელი ბრენდის რეპუტაციით არის გამყარებული. ისევ Next Group-ის გუნდს დავესესხები და მათივე სიტყვებს გავიმეორებ: ახალი გონიოს ისტორიის პირველ ფურცელს, 2024 წელს, Next Group-ი და ჩვენ ერთად დავწერთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.