უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 4 სექტემბერს პარიზში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ AFP და Suspline-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
Financial Times-ის ცნობით კი, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეხვედრაზე ზელენსკი და სხვა ევროპელი ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში მიიწვია.
AFP-ს წყარომ განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც კიევსა და მოსკოვს შორის სწრაფი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში შუამავლის როლს ასრულებს, ამ ეტაპზე შეხვედრას არ დაესწრება.
საინფორმაციო სააგენტოს წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და დიპლომატიაზე იქნება ფოკუსირებული, რადგან რუსეთი ომის დასრულებისკენ ნაბიჯების გადადგმას კვლავ თავს არიდებს.
Financial Times-ის ინფორმაციით, 4 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრას ის ევროპელი ლიდერები დაესწრებიან, რომლებიც ზელენკისთან ერთად ტრამპთან შესახვედრად 18 აგვისტოს ვაშინგტონში ჩავიდნენ. შეგახსენებთ, მათ შორი იყვნენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სხვა ლიდერები.