ზელენსკი-მაკრონის შეთანხმება: უკრაინა Rafale-ის ტიპის 100 ავიაგამანადგურებელს შეიძენს

ზელენსკი-მაკრონის შეთანხმება: უკრაინა Rafale-ის ტიპის 100 ავიაგამანადგურებელს შეიძენს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავდაცვის სექტორში თანამშრომლობის განზრახვის დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომლის ფარგლებშიც კიევმა Rafale-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების „ისტორიული შეკვეთა“ განახორციელა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საფრანგეთში ზელენსკის ოფიციალური ვიზიტის დროს ხელმოწერილი დეკლარაცია უკრაინის მიერ „თავდაცვითი აღჭურვილობის შეძენას“ ეხება. შეთანხმების სრული შინაარსი ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.

უკრაინის პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, რომ ქვეყანა Dassault-ის მიერ წარმოებული Rafale-ის ტიპის 100 გამანადგურებლის შეძენას გეგმავს – 4.5 თაობის მრავალფუნქციური თვითმფრინავის, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ევროპულ გამანადგურებლად მიიჩნევა.

როგორც Le Monde-ი იტყობინება, შეთანხმება 10-წლიან პერიოდზეა გათვლილი და Rafale-ის ტიპის გამანადგურებლებისა და მათთან დაკავშირებული იარაღის, ასევე SAMP/T საჰაერო თავდაცვის, დრონებისა და სარადარო სისტემების შესყიდვის პოტენციურ სამომავლო კონტრაქტებს ითვალისწინებს.

მაკრონის ოფისმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ორი ლიდერი პარიზში შეხვედრის დროს განიხილავს ორმხრივ თანამშრომლობას „ენერგეტიკის, ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროებში“, ასევე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მომზადების პროგრესს „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პარიზი უკრაინის მთავარი მოკავშირეა. მან ქვეყანას მიაწოდა Mirage 2000-ის ტიპის გამანადგურებლები, არტილერია, SCALP-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და სხვა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი 16 ნოემბერს საბერძნეთს ეწვია, სადაც მან გაზის მიწოდების ახალი მარშრუტის შესახებ შეთანხმება დადო. ზელენსკი, სავარაუდოდ, 18 ნოემბერს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ მოლაპარაკებების მიზნით ესპანეთს ეწვევა.