უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის და დონალდ ტრამპი დრონების „მეგა-გარიგებას“ განიხილავენ. მისივე ინფორმაციით, გარიგება კიევის მიერ აშშ-ისგან იარაღის შეძენის სანაცვლოდ, ვაშინგტონის მიერ ბრძოლის ველზე გამოცდილი უკრაინული დრონების შესყიდვას ითვალისწინებს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპთან მისი ბოლო მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო გარიგებაზე, რომელიც თითოეულ ქვეყანას საკუთარი საჰაერო ტექნოლოგიების გაძლიერებაში დაეხმარება.
„ამერიკელ ხალხს ეს ტექნოლოგია სჭირდება და თქვენ ის არსენალში უნდა გქონდეთ“, – განუცხადა ზელენსკიმ New York Post-ს.
უკრაინის ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ სწორედ დრონები იყო მთავარი იარაღი, რომელმაც მის ქვეყანას საშუალება მისცა, სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ებრძოლა. ვინაიდან ომი კვლავ გრძელდება, ქვეყანა აღნიშნულ ტექნოლოგიას დღესაც აქტიურად იყენებს. ომმა აჩვენა, რომ მცირე ზომის უპილოტო დრონები ერთ-ერთი საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი, თუმცა ეფექტიანი იარაღია.
„ჩვენ მზად ვიქნებით გავუზიაროთ ეს გამოცდილება ამერიკას და სხვა პარტნიორებს ევროპიდან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. როგორც მან დასძინა, უკრაინა მოლაპარაკებებს ასევე აწარმოებს დანიასთან, ნორვეგიასთან და გერმანიასთან.