უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უკრაინული დრონების მიყიდვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. მან პოტენციური კონტრაქტი $10-დან $30 მილიარდამდე შეაფასა.
როგორც ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეთანხმება უკვე ძალაშია და და ის „ორმხრივად მოგებიანი“ იქნება: ამერიკის შეერთებული შტატები შეიძენს უკრაინაში წარმოებულ დრონებს, ხოლო უკრაინა ამერიკულ შეიარაღებას მიიღებს.
პარალელურად, ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების მიყიდვასთან დაკავშირებით ორი პოტენციური პროექტი დაამტკიცა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით $330 მილიონს შეადგენს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებთან მომავალ კონტრაქტებს ზედამხედველობას ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, თავდაცვის მინისტრი დენის შმიჰალი და პრეზიდენტის მრჩეველი ალექსანდრ კამიშინი გაუწევენ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა თავდაცვითი მრეწველობის ელემენტების ქვეყნის გარეთ გადატანაზე მუშაობას აგრძელებს და ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს დანიასთან, ნორვეგიასთან და გერმანიასთან აწარმოებს.
„მაგალითად, დანია შექმნის შორ მანძილზე მოქმედი დრონების საწარმოო ხაზებს. ისინი ამისთვის დამატებით დაფინანსებას გამოყოფენ — 100, 200 ან 300 მილიონს. დრონები დანიაში იწარმოვება და ომის განმავლობაში მოგვაწვდიან,“ — განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ეს საწარმოო ხაზი კერძო სექტორთან ერთად 50/50 პრინციპით იმუშავებს. მისივე თქმით, ომის დასრულების შემდეგ დანია დრონების საკუთარი არმიისთვის დაგროვებას შეძლებს.
2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინამ დრონების წარმოება ყველა მიმართულებით გააფართოვა — ჰაერის, ხმელეთისა და ზღვის. 2025 წლისთვის ქვეყანა შორ მანძილზე მოქმედი 30,000 დრონის წარმოებას გეგმავს.
შეგახსენებთ, 2024 წლის 1-ელ ივნისს უკრაინამ „ობობის ქსელის ოპერაციის“ ფარგლებში დრონებით მასშტაბური შეტევა განახორციელა. უკრაინელებმა შორ მანძილზე მოქმედი FPV-აპარატებით ერთდროულად იერიში რუსეთის სიღრმეში მდებარე ოთხ სამხედრო ავიაბაზაზე მიიტანეს.