ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა, ნატოს წევრების ფინანსური შეთანხმების, PURL-ის ფარგლებში, მომავალი თვის დასრულებამდე, $3.5 მილიარდის მიღებას ვარაუდობს. გამოყოფილ თანხას კიევი აშშ-ისგან იარაღის შესასყიდად და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისთვის გამოიყენებს.
„ჩვენი პარტნიორებისგან, სპეციალურად PURL-ის პროგრამისთვის $2 მილიარდზე მეტი უკვე მივიღეთ. დამატებით თანხას ოქტომბერში მივიღებთ. ვვარაუდობ, რომ ეს თანხა დაახლოებით $3.5-3.6 მილიარდი იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ კიევში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ფინანსური შეთანხმება, რომელიც „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ (PURL) სახელითაა ცნობილი, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, ნატოს წევრი სახელმწიფოების შენატანებს აერთიანებს. ფონდში მიღებული თანხა ამერიკული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შესაძენად გამოიყენება.
ზელენსკის მომავალი შესყიდვის დეტალები არ გაუმხელია, თუმცა განაცხადა, რომ აშშ-ისგან მიღებულ იარაღს და საბრძოლო აღჭურვილობას შორის აუცილებლად იქნება საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების რაკეტები და მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) საბრძოლო მასალა.
ამასობაში, უკრაინელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, უკრაინის მინერალურ სექტორში ინვესტიციების წასახალისებლად შექმნილი აშშ-უკრაინის ფონდიც ამოქმედდება. ფონდი, $150 მილიონის საწყისი კაპიტალით, ოთხშაბათს გაიხსნება. აღნიშნული ინიციატივისთვის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის სააგენტო და უკრაინული მხარე თანაბარ თანხას, $75-75 მილიონს გამოყოფენ.