ერიკ იუანი მილიონობით ადამიანს სოციალურ დისტანცირებაში ეხმარება: ის მათ ვიდეოკონფერენციის ინსტრუმენტს, ZOOM-ს, უსასყიდლოდ აწვდის. ეს ნაბიჯი მას დიდ პატივისცემას უხვეჭს, ხოლო როცა პანდემია ჩაივლის, ამ მილიარდერის ბიზნესი, დიდი ალბათობით, საუკეთესო ფორმაში იქნება. მაგრამ, გაგანია გლობალურ კრიზისში, გაუძლებს კი მისი აპლიკაცია მოხმარებაში 610% – იან ნახტომს, ლამის ერთ ღამეში რომ მოხდა, ანკი პრაიმტაიმში ყოფნის თანმხლებ გამადიდებელ შუშებს?
Zoom-ის აღმასრულებელი დირექტორის, ერიკ იუანის შვილები, როგორც იქნა, დაინტერესდნენ, რით შოულობს მამა ფულს. არა, მთლად ასეც არაა: 2019-ის აპრილის დილას ისინი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვიდეოკონფერენციის კომპანიის დამფუძნებლის გვერდზე იყვნენ, როცა ამ უკანასკნელმა ე.წ. პირველი ზარი ჩამოჰკა Nasdaq-ში – Zoom-ის დებიუტისას საფონდო ბირჟაზე, რამაც ის მილიარდერად აქცია. მაგრამ მხოლოდ ამ შუა მარტის ორშაბათ დღეს იყო პირველად, რომ იუანის მერვეკლასელ ქალიშვილს, რომელიც კორონავირუსმა აიძულა, სკოლაში დისტანციურად “წასულიყო“, ბოლო-ბოლო კითხვა გაუჩნდა მამამისის სამსახურის თაობაზე. “ჩემს ქალიშვილს არასდროს უკითხავს, რას ვაკეთებდი, – ამბობს იუანი და გულიანად იღიმის. – პირველად მოვიდა და მკითხა, მამა, Zoom-ში ხელის აწევა როგორ უნდაო”. იუანის ვაჟიც, პირველკურსელი სტუდენტი, Zoom-ის განსაკუთრებული მომხმარებელი გახდა.
“ვუთხარი ჩემს ბიჭს, როგორც იქნა, მივხვდი, ამდენს რატომ ვმუშაობდი- მეთქი, – ამბობს იუანი. – გავაცნობიერე, რომ ეს ინსტრუმენტები, შესაძლოა, სწორედ თქვენთვის შევქმენი, ონლაინგაკვეთილებისთვის რომ გამოიყენოთ- მეთქი“.
ეს ახლად მოპოვებული პატივისცემა მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ შვილებს მამასთან ბრძოლა შეეწყვიტათ ოჯახის WiFi-სთვის, – ხუმრობს 50 წლის იუანი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლიდან მუშაობის ოჯახურ ცხოვრებაში, რომელიც, სულ უფრო მზარდად, Zoom-ის მეშვეობით ხორციელდება. კორონავირუსის მიერ პლანეტის დაზიანების კვალდაკვალ, სულ უფრო მეტი დიდი ქალაქი ექცევა კარანტინში, ადამიანები თავს სახლებს აფარებენ, სკოლები და უნივერსიტეტები კი მთელ მსოფლიოში იხურება. ჰოდა, Zoom-ი, ამ პირობებში, წამყვან ინსტრუმენტად იქცა, ბიზნესები ქმედით მდგომარეობაში რომ ამყოფოს, მოსწავლეები და სტუდენტები განათლებით რომ უზრუნველყოს და ადამიანები რომ დააკავშიროს ერთმანეთთან ვირტუალურ დაბადების დღეებზე, კოქტეილის წვეულებებსა თუ იოგის გაკვეთილებზე. მარტის ბოლო შაბათს, გლობალური მასშტაბით, პირველად ცხოვრებაში, თითქმის 3 მილიონმა ადამიანმა ჩამოტვირთა მობილურზე Zoom-ი.
ეს კომპანიისთვის რეკორდი იყო, ხოლო მობილურების კვლევითი ფირმა Apptopia-ს თანახმად, ჩამოტვირთვების ჯამურმა რიცხვმა, 2019-ის აპრილის პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ, 59 მილიონს გადააჭარბა. Apple-ის App Store- ზე, ამას წინათ, Zoom-მა პირველი ადგილი დაიკავა ყველა უფასო აპლიკაციას შორის და უკან მოიტოვა Google-ი, WhatsApp-ი და თვით Z თაობის საყვარელი TikTok-ი. და თან ეს რიცხვები არ მოიცავს იმ მილიონობით ადამიანს, რომლებიც Zoom-ში ლეპტოპებითა თუ დესკტოპებით შედიან. ამ ყველაფერმა სან- ხოსეში (კალიფორნია) დაფუძნებული Zoom-ი ახალ ფინანსურ სტრატოსფეროში გადაისროლა. აქციათა ფასი 143%-ითაა გაზრდილი პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ და 44%-ით – ბოლო თვეში, – იმ დროს, როცა S&P 500 11%-ით დავარდა. ამან კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $42 მილიარდს გაუტოლა, იუანის ქონება კი $5.5 მილიარდს, რამაც, თავის მხრივ, მას Forbes-ის მილიარდერთა წლევანდელ რეიტინგში ერთ- ერთი უმდიდრესი თვითნაბადი ახალწვეულის სტატუსი მოუპოვა.
Zoom-ს კოვიდ-19-ის გავრცელებამდეც ენერგიული ტემპი ჰქონდა აკრეფილი, თავისი 81,000 გადამხდელი მომხმარებლითურთ, მათ შორის, Samsung-ითა და Walmart-ით; 2020-ის იანვარს დასრულებულ ფისკალურ წელს მისი შემოსავლები $623 მილიონს შეადგენდა, წმინდა მოგებები კი $25 მილიონს, რაც, შემოსავლების შემთხვევაში 88%-იანი ზრდაა, მოგებების შემთხვევაში კი $23%-იანი. Zoom-ი მხოლოდ Wall Street- ის რჩეული როდია. ის სოციალური ფენომენიც გახლავთ.
Twitter- ზე, TikTok-ზე თუ სხვაგან, ის ვირუსულ მოვლენად იქცა, ეს კი საკმაოდ დიდი მიღწევაა ბიზნესის პროგრამული უზრუნველყოფისთვის. „ამწუთას პროფესორისგან იმეილი მივიღე: “შეგახსენებთ, რომ Zoom-შეხვედრის დროს, ვალდებულები ხართ, ჩაცმულები იყოთ“.
წესები მაშინ იქმნება, როცა მათი საჭიროება დგება და არა მანამდე“, – ხუმრობდა ერთი მომხმარებელი Twitter-ზე და 85,000-ზე მეტი მოწონებაც მოაგროვა. სხვა მომხმარებლის მახვილგონიერებამ 21,000 მოწონება დაიმსახურა: „ჰა-ჰა, გეგონათ, ჩემზე უკეთ იყავით, რადგან Harvard-ში ჩააბარეთ??? დღეს ყველანი Zoom University-ს სტუდენტები ვართ“ (რეალური Harvard-ი თავის ლექციებს Zoom-ზე ატარებს, რასაკვირველია).
Zoom-ის ბუმს, დიდწილად, იუანის გადაწყვეტილება უნთებს ცეცხლს, ულიმიტო უსასყიდლო წვდომით უზრუნველყოს ჩინეთის დაზარალებული რეგიონები – პირველ რიგში, და – უკვე მარტის შუა რიცხვებიდან – შეერთებულ შტატებში, იტალიასა და იაპონიაში დახურული ყველა სკოლა. შემდეგ, იგივე, სულ ცოტა, 19 სხვა ქვეყნის სკოლას შესთავაზა. თითქმის 84,000 ჩაერთო საქმეში. ამას მილიონობით ახალი ინდივიდუალური მომხმარებელი დაამატეთ, ვინც Zoom-ის უსასყიდლო 40-წუთიანი ვიდეოჩატებით სარგებლობს (ეს ნებისმიერი ინდივიდისა თუ ჯგუფისთვის არის ხელმისაწვდომი 100- ზე ნაკლები მონაწილის პირობებში), რაც პანდემიამდეც უფასო იყო.
Zoom-ი არ ამბობს, რა ჯდება ეს ამდენი უფასო სერვისი, მაგრამ Stifel-ის ანალიტიკოსის, ტომ როდერიკის შეფასებით, ამაზე დაახლოებით $30 მილიონიდან $50 მილიონამდე უნდა იხარჯებოდეს. ამასთან, ეს აურაცხელი ხალხი ხარჯიან კომპიუტერულ გამტარუნარიანობას იწოვს, რაც, JPMorgan Equity Research-ის ანალიტიკოსის, სტერლინგ ოტის თანახმად, ნიშნავს, რომ Zoom-ს, პრობლემის მოკლევადიანად მოგვარებისთვის მაინც, წესით, მოუწევს საჯარო cloud- რესურსებში ინვესტირება. Zoom-ის თქმით, მის ინფრასტრუქტურას უკვე შეუძლია, თვეში 8 მილიარდი წუთის შეხვედრებს გაართვას თავი: “მოთხოვნის უპრეცედენტო, მასიური ზრდის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ რამდენიმე საათში ათიათასობით სერვერთან გვქონდეს წვდომა და გამოვიყენოთ ისინი“. მართალია, იუანის გულუხვობა მოკლე ვადაში, შესაძლოა, ძვირი ჯდებოდეს, ის უდავოდ მდიდრულ შედეგებს გამოიღებს Zoom-ისთვის, რომელიც ვიდეოკონფერენციის ზოგად სახელად ქცევის გზას ადგას, როგორც ეს, მათი პროდუქტების დამსახურებით, ისეთი ბრენდების შემთხვევაში მოხდა, როგორიც Xerox-ი, Kleenex-ი და Google-ია (Zoom-ის ფორმა S-1-ის მიხედვით, მის მომხმარებელთა უმეტესობამ, 2018-ში, უფასო ანგარიშით დაიწყო აპლიკაციის გამოყენება).
Zoom-ის ყველაზე დიდი გამოწვევა ის კი არაა, ფული როგორ გააკეთოს, არამედ ის, რომ დარწმუნდეს: მისი სისტემები გაუძლებს მილიონობით ახალი მომხმარებლის ტვირთს ან კოლაფსს არ განიცდის ყურადღების ცენტრში ყოფნის ხვედრისაგან. “ეს არ იყო რთული გადაწყვეტილება, – ამბობს იუანი. – ჩვენთვის უაღრესად სასიამოვნო იყო ამ გადაწყვეტილებაზე ფიქრი. ვიცოდით, რომ რა პრობლემის წინაშეც არ უნდა ვმდგარიყავით, დავძლევდით. ხარჯები, ჩვენი საჯარო კომპანიის მთლიანი მოგება, ჩვენი შესაძლებლობები… ყველაფერი სხვა მეორეხარისხოვანია“. ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციის, შანდუნის მკვიდრი სამთო ინჟინრების ვაჟი, იუანი, ახალგაზრდობიდანვე ისეთი ანტრეპრენიორებით იყო მოხიბლული, როგორიც ბილ გეიტსია.
1991 წელს შანდუნის უნივერსიტეტში გამოყენებითი მათემატიკის დიპლომის მოპოვების შემდეგ მან ამერიკაში გადაწყვიტა წასვლა. გამგზავრებამდე, აშშ- ის მესაზღვრეებმა მას მისი სავიზიტო ბარათის ინგლისური ვერსია მოსთხოვეს. ბარათზე იუანი კონსულტანტად იყო მოხსენიებული, მესაზღვრეებმა კი ის შეცდომით ნახევარ განაკვეთზე მომუშავე მშენებლად მიიჩნიეს. ვიზაზე უარი ეთქვა. მომდევნო წელიწად- ნახევრის განმავლობაში, აწ უკვე სკეპტიკურად განწყობილმა საიმიგრაციო სამსახურებმა იუანი კიდევ შვიდჯერ გაისტუმრეს უარით. მაგრამ ის არ ნებდებოდა. ბოლო- ბოლო, შეძლო და კალიფორნიაში ამოყო თავი, სადაც სამსახური Webex-ში იშოვა – ვებკონფერენციებისა და ვიდეოკონფერენციების აპლიკაციათა ერთ- ერთ ადრეულ მოთამაშეში.
Webex-ი 2007-ში Cisco-მ შეისყიდა, იუანმა კი, სერვისის ხარისხით განხიბლულმა, სამუშაო ოთხი წლისა და ოთხი თვის შემდეგ დატოვა. ის Zoom-ის შექმნას შეუდგა და შესაბამისი საჭიროების მქონე ისეთ ორგანიზაციებსა და ინსტიტუციებთან დაიწყო თანამშრომლობა, როგორიც, მაგალითად, University of San Francisco-ა, თანაც უფასოდ. ახლა, როცა Zoom-ს სასიცოცხლო როლი აქვს შინ მუშაობის ეკონომიკისთვის, ეს ალტრუისტული იმპულსი გლობალურ მნიშვნელობას იძენს. მაგრამ ის სულაც არ გახლავთ ერთადერთი კომპანია, ამ ტრენდს რომ უწყობდეს ფეხს (და მოგვიანებით მოგებაზე რომ გამოთქვამდეს პრეტენზიას).
Google- მაც და Microsoft-მაც განაცხადეს, რომ თავიანთი საკლასო ოთახისა და ვიდეოკონფერენციის ინსტრუმენტებისთვის სულ უფრო მეტ უფასო ფუნქციას ახდიდნენ ფარდას. ბელმონტში (კალიფორნია) დაფუძნებული cloud-კომუნიკაციების კომპანია RingCentral-ი და ნიუ- იორკში დაფუძნებული საგანმანათლებლო ტექნოლოგიური ფირმა Newsela მრავალთაგან ორი ნაკლებად ცნობილი მოთამაშეა, რომლებიც იმავეს აკეთებენ. მაგრამ, როგორც ჩანს, არც ერთ სხვა კომპანიას არ შეუძენია ამდენი ახალი მომხმარებელი ასე მოკლე დროში.
რამდენად შეძლებს Zoom-ი გამოწვევებისთვის ფეხის აწყობას? „მზად არის თქვენი პლატფორმა, რომ ის, პრაქტიკულად, ამერიკის ყველა კოლეჯის ყველა ჯგუფმა გამოიყენოს? ერთდროულად? რიტორიკულად ვკითხულობ“, – წერდა Twitter-ზე Brown University-ის ამერიკული კვლევების ასისტენტ- პროფესორი ადრიენ კინი. – “არარეალისტურია მოლოდინი, რომ ლექციებს უბრალოდ Zoom-ზე გადავიტანთ და ყველაფერი რიგზე იქნება“, – მისწერა მან მოგვიანებით Forbes-ს იმეილით და აღნიშნა, რომ ზოგი სტუდენტი ამერიკაში არ ცხოვრობს, ხარვეზებიანი Wi-Fi აქვს ან არა აქვს სახლში მშვიდი სივრცე. “ასეა თუ ისე, ერთი სული მაქვს ხოლმე, მათ როდის დავინახავ და მათ ხმას გავიგონებ”. იუანი არ ნერვიულობს. როცა Zoom-ის ინფრასტრუქტურაზე მიდგება საქმე, ის თავდაჯერებულია, მისი გუნდი კი შინ მუშაობითა და შინ სწავლით შთაგონებულ სხვა ფუნქციებზეც მუშაობს, დაწყებული სახის უკეთესი განათებით, პროფესორებისთვის სალექციო ინსტრუმენტებით დამთავრებული.
და, პარალელურად, იუანი Zoom-ით მაქსიმალურად ბევრ დაზარალებულ სკოლას უზრუნველყოფს, რამდენისთვისაც კი მის გუნდს შეუძლია თავის გართმევა. “ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი კატალიზატორი იყო, რომ, ფაქტობრივად, ერთ ღამეში, ყველა ქვეყანაში ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ Zoom-ისნაირი ინსტრუმენტი სჭირდებოდათ ერთმანეთთან დასაკავშირებლად, – ამბობს იუანი. – ამ თვალსაზრისით, მგონი, ბევრი გვაქვს საამაყო. ვნახეთ, რომ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მცირედი სიკეთის მოტანა შეუძლია სამყაროსთვის“. იუანი, სავარაუდოდ, ვერ იწინასწარმეტყველებდა, თუ რამდენად გააიოლებდა Zoom-ი ახალი ცხოვრების წესისთვის ჩვეულ სოციალურ დისტანცირებას. მაგრამ კომპანიამ სერიოზულ ცვლილებებს მიჰყო ხელი, როცა კოვიდ- 19- მა, იანვრიდან, ძირის გამოთხრა იწყო ბიზნესისათვის ჩინეთში. ამ პერიოდში ისეთი მომხმარებლები, როგორიც Walmart-ი და Dell-ი არიან, იუანის თქმით, კომპანიას შეფიქრიანებულები დაუკავშირდნენ, ღელავდნენ, რამდენად შესაძლებელია, ჩვენი ადგილობრივი თანამშრომლები სრული განაკვეთით Zoom-კომუნიკაციებზე გადავიდნენო.
საჯარო ბაზარზე გასვლამდე, Zoom-ს თავისი კადრები გადაემზადებინა ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირების მიმართულებით, თუმცა კომპანიას ნამდვილად არ უფიქრია, რომ უახლოესი კატასტროფა პანდემია იქნებოდა. Zoom-ის 17 მონაცემთა ცენტრი, იუანის თანახმად, იმგვარად შეიქმნა, რომ მოხმარების გაასმაგებას გაუმკლავდეს. „cloud-თან დაკავშირებული შესანიშნავი ასპექტი ისაა, რომ, მოგეხსენებათ, თეორიულად, მისი მოცულობა შეუზღუდავია“, – ამბობს ის. და მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, ჩინეთსა და მალაიზიაში, მიმოფანტული საინჟინრო გუნდებით აღჭურვილს, Zoom-ს აქვს საკმარისი ტექნიკური უნარ- ჩვევები, დისტანციურად რომ გაუწიოს მონიტორინგი თავის სისტემებს 24 საათის განმავლობაში. და მაინც, Zoom-ის ზოგიერთი მომხმარებელი ვიდეოს ხარისხში გარკვეულ ხარვეზებს ამჩნევს ან გასჭირვებია შესვლა.
Zoom-ის ონლაინდახმარების ცენტრი საძულველი “ჩვეულზე ხანგრძლივი მოლოდინის დროის“ მოწმეა. 23 მარტს კომპანიის სერვისის გვერდმა აღიარა, რომ მისი უფასო სერვისის რიგი მომხმარებლები შეხვედრათა დაწყებისა და დასწრების პრობლემებზე იუწყებოდნენ. რა გასაკვირია – Apptopia-ს თანახმად, ყოველდღიურად აქტიურ მობილურ მომხმარებელთა რიცხვმა 610%-ით ისკუპა ბოლო ორ თვეში. ეს მხოლოდ Zoom-ის გამოწვევა როდია. კომუნიკაციათა ტექნოლოგიის ფირმა CommScope-ის ტექნოლოგიური დირექტორის, მორგან კერკის თქმით, მთლიანად ინტერნეტი ვერ აუდის ამდენ ადამიანს, აწ უკვე სულ ონლაინ რომ ცხოვრობენ. კერკის რეკომენდაცია ასეთია: დაგეგმეთ Zoom-ის (ან ნებისმიერი ვირტუალური) შეხვედრა ზუსტ დროს 15 წუთი რომ გადაცდება, რათა ვირტუალურ საცობს აარიდოთ თავი. ამგვარმა უნივერსალობამ უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მკვლევრებს მეტი გამადიდებელი შუშა მოამარჯვებინა. მარტის მიწურულს, Vice Media-ს ტექნოლოგიური სიახლეების საიტზე, Motherboard-ზე, დაწერეს, რომ Zoom-ი მონაცემებს Facebook-ს უგზავნიდა და იმ შემთხვევებშიც კი, როცა მომხმარებლებს არ ჰქონდათ Facebook-ის ანგარიშები.
Zoom-ის თქმით, ეს მხოლოდ მეტა- მონაცემებზე ვრცელდებოდა – ანუ იმაზე, თუ რომელ ელექტრონულ აღჭურვილობას იყენებდი, რამხელა იყო შენი ეკრანის ზომა და რომელ ენობრივ და დროით სარტყელში იყავი. ამ ამბების გამომჟღავნებიდან ერთი დღის თავზე, იუანმა სინანულის შემცველი ბლოგპოსტი დაწერა, სადაც განმარტავდა, რომ მისი პროგრამა მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, Facebook-ით შემოსულიყვნენ და რომ ახლა ეს კოდი მოხსნილიყო. Zoom-ი, როგორც თავად ამბობენ, მომხმარებელთა მონაცემებს მხოლოდ მაშინ აგროვებს, თუ ეს აბსოლუტური აუცილებლობაა “ტექნიკური და ოპერაციული მხარდაჭერის“ უზრუნველსაყოფად, სხვა სიტყვებით – იმისთვის, რათა დარწმუნდნენ, რომ თქვენი შეხვედრის აუდიო- და ვიდეოფუნქციები უხარვეზოდ მუშაობს. ერთ- ერთი სკოლა კოლორადოში აცხადებს, რომ ის არ იყენებს Zoom-ს, მიზეზად კი იმ გაურკვევლობას ასახელებს, რაც მონაცემების გამოყენებას ახლავს – ვინ გამოიყენებს ამ მონაცემებს და ვის ექნება მათზე კონტროლი მომავალში? როგორც Zoom-ში PepsiCo-დან ახლად გადასული ლინ ჰაალანდი – გლობალური რისკებისა და რეგულაციების დაცვის დირექტორი – ამბობს, Zoom-ს არა აქვს შესაძლებლობა, ვინმეს საუბრებსა თუ შეხვედრებს გაუწიოს მონიტორინგი რეალურ დროში.
და, მართალია, Zoom-ს ე.წ. ყურადღების გამკვალავი ინსტრუმენტისთვისაც აკრიტიკებენ, რომელსაც შეუძლია, მის გამომყენებელ ადმინისტრატორებს უთხრას, ვინმე თუ რამე სხვას გახსნის Zoom-ის შეხვედრის დროს 30 წამზე მეტი ხნით, მაგრამ, ჰაალანდის თანახმად, Zoom-ი არ ადევნებს თვალს, რა აქვთ მომხმარებლებს Zoom-ის გარდა გახსნილი. “ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, დავიცვათ როგორც მოსწავლეებისა და სტუდენტების, ისე ყველა ჩვენი მომხმარებლის მონაცემთა ანონიმურობა და უსაფრთხოება“, – აღნიშნავს ის. და მომხმარებელთა ჰაკერებისგან დაცვაზე რას იტყვიან? 30 მარტს, ნიუ- იორკის იუსტიციის მინისტრის, ლეტიშა ჯეიმსის ოფისმა Zoom-ს წერილი გაუგზავნა, სადაც კონფიდენციალობასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი იყო ხაზგასმული, მათრიცხვში, ისიც, რამდენად გახდიდა მომხმარებელთა მკვეთრი ზრდა პლატფორმას უფრო მოწყვლადს ჰაკერებისთვის. “პანდემია კოვიდ- 19- ის პერიოდში, ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ საავადმყოფოებს, უნივერსიტეტებს, სკოლებსა და სხვა ბიზნესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვთ შესაძლებლობა, ურთიერთდაკავშირებულნი და ოპერატიულები დარჩნენ, – აღნიშნა Zoom-მა Forbes-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში. – ჩვენ ვაფასებთ ნიუ-იორკის იუსტიციის მინისტრის ჩართულობას ამ საკითხებში და მზად ვართ, ის მოთხოვნილი ინფორმაციით უზრუნველვყოთ”.
იუანი, რომელმაც სათავო ოფისი ახლა დროებით სახლში გადაიტანა, ამბობს, რომ გაზრდილმა მოთხოვნამ მისი სამუშაო დილის 7:30-დან ღამის 11:30-მდე გაახანგრძლივა. “სახლში უფრო დაკავებული ვარ. დედაჩემი [რომელიც ჩვენთან ცხოვრობს] მეუბნება, როგორ ახერხებ, რომ ყოველდღე ამდენი შეხვედრა გქონდეს, ლანჩს სულ აღარ ჭამო!” სოციალური მედიის შესამოწმებლად დროს მაინც პოულობს, სადაც ის კარგა ხანია, იმითაა ცნობილი, რომ ინდივიდუალური მომხმარებლების კითხვებზე პირადად რეაგირებს და მათ პრობლემების მოგვარებას ჰპირდება. “ეს ყურადღების გადასატანად არაა … ეს ჩვენი ბიზნესის მუშაობის ნაწილია, – ამბობს იუანი. – Zoom-ისნაირ კომპანიაში, მით უფრო, თავიდან, პრობლემები ყოველდღე იჩენს თავს. გინდა ამ პრობლემების ცოდნა თუ გირჩევნია, დაემალო? მე მირჩევნია, ვიცოდე“. ამგვარი ნაბიჯებიდან ზოგიერთმა ისეთი გაუმჯობესებები გამოიღო შედეგად, როგორიც ვირტუალური ფონები და მასწავლებლებისთვის განკუთვნილი დეფოლტ- პარამეტრებია, რომლებიც მოსწავლეთა ეკრანებს კეტავს ისე, რომ მათ, ოინის სახით, გაკვეთილზე “თავდასხმა“ ვერ შეძლონ.
Zoom-მა სხვა ახალი შესაძლებლობებიც ჩაუშვა, მაგალითად, სამომხმარებლო აპლიკაციებით შთაგონებული კორექტირების ფუნქცია მომხმარებლის სახისა და განათებისათვის. კომპანია კოლეჯის ზომის ჯგუფებისთვის განკუთვნილ ინსტრუმენტზეც მუშაობს, რომლის მეშვეობითაც ყოველი სტუდენტის ვიდეოს ისეთი სახე ექნება, თითქოს ერთი და იმავე კუთხიდან არის გადაღებულიო. ამ ყველაფრის მიუხედავად, იუანს, როგორც თავად ამბობს, შუაღამეს ეღვიძება და ნერვიულობს, რამდენად საკმარისია Zoom-ის ძალისხმევა. მსოფლიოს ზოგიერთ კუთხეში, ზოგ სკოლას უნდა Zoom-ი, მაგრამ ჯერ არა აქვს.
კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო, იგივე პროგრამა არ შესთავაზოს არაკომერციულ ორგანიზაციებსა თუ სხვა გასაჭირში მყოფ პროგრამებს. იუანის თქმით, მართალია, კოლეჯამდელი საგანმანათლებლო უწყებების იმეილის მისამართები ადვილი შესამოწმებელია, ჯერჯერობით დანარჩენების ავტომატური განხილვისა და დასტურის მიცემის კარგ გზას Zoom-ი არ ფლობს. რა ბედი ეწევა Zoom-ს პანდემიის გადავლის შემდეგ? ანალიტიკოსთა პროგნოზით, მისი აქციები, ახლა რომ ნავარაუდევზე განუზომლად ძვირად ბრუნავს, მიწიერ დონეებს დაუბრუნდება ხალხის ოფისებში დაბრუნების კვალდაკვალ, თუმცა ზოგმა ვირუსი ბიზნესებისთვის “გამომაფხიზლებელ მომენტად“ შეიძლება, აღიქვას და ქირისა და მგზავრობის ხარჯების დაზოგვის მიზნით, მუდმივად სახლიდან მუშაობაზე გადასვლა გადაწყვიტოს.
RBC-ის ანალიტიკოსის, ალექს ზურკინის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში, Zoom-მა უნდა შეძლოს უფასო მომხმარებლების გადამხდელებად ქცევა და ამით მოგების ნახვაც. „Zoom-ი პასუხისმგებლობიანი კორპორაციაა, – დასძენს JPMorgan Equity Research-ის სტერლინგ ოტი. – ისინი უსამართლო უპირატესობის მოპოვებას არ ლამობენ. ვფიქრობთ, კეთილშობილებას შორ გზაზე შეუძლია სიარული“. როგორც იუანი ამბობს, მან შეაჩერა ყველა ის პროექტი და გეგმა, რომელთაც Zoom-ის ეფექტიანად მუშაობაში უშუალო წვლილი არ შეაქვთ… და არ ეხმარებიან მოსწავლეებს ამ კრიზისის დროს. თავისი აღმასრულებლებისთვის მითითება აქვს მიცემული, რომ Zoom-ის ამჟამინდელი ბუმით არ ისარგებლონ და გაყიდვებისა და მარკეტინგის სტიმულირებას არ შეუდგნენ. მან, ასევე, ბონუსები გამოუყო Zoom-ის ყველა თანამშრომელს, – ორი კვირის გასამრჯელოს ეკვივალენტი, – ვინც, მსუბუქად რომ ვთქვათ, ზეგანაკვეთზე მუშაობს აპლიკაციის მოხმარების ამ უპრეცედენტო ზრდის პირობებში. “გუნდს ვუთხარი, რომ ნებისმიერი ასეთი კრიზისის შემთხვევაში, არ უნდა ვისარგებლოთ მარკეტინგისა თუ გაყიდვების შესაძლებლობით. მოდი, ჩვენს მომხმარებლებზე ვფოკუსირდეთ- მეთქი, – ამბობს იუანი. – თუ ამ შესაძლებლობას ფულის შოვნის ბერკეტად გამოიყენებ, ვფიქრობ, საძაგელ კულტურას გააჩენ“.