არის თუ არა მონოპოლია ყოველთვის ცუდი?

1998 წელს აშშ-ს რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ Microsoft-ი წარმოადგენდა უკანონო მონოპოლიას. კომპანიას დაევალა კონკურენტებისათვის მისი ოპერაციული სისტემის შესახებ ინფორმაციის გაზიარება, რომ ამ უკანასკნელებს საშუალება ჰქონოდათ ვინდოუსის პლატფორმის გამოყენებით განევითარებინათ ინოვაციური პროდუქტები.

ბევრი მიიჩნევს, რომ Google-ს გააჩნია მონოპოლიური ძალაუფლება ინტერნეტ საძიებო სისტემის ბაზარზე. მომხმარებლების 65% სწორედ Google-ის საძიებო სისტემას იყენებს, ეს მაშინ, როდესაც უახლოეს კონკურენტებს Bing და Yahoo-ს ჯამში ბაზრის მხოლოდ 34% უჭირავთ. Google ასევე აკონტროლებს საძიებო სისტემასთან დაკავშირებული რეკლამის 80%-ს.

2010 წლიდან Google-მა სამჯერ მიიღო უარი ევროპის მარეგულირებელი ორგანოსგან მის საძიებო სისტემასთან დაკავშირებული ანტიმონოპოლიურ შემთხვევაზე. რა იყო ევროპის მარეგულირებლების მოტივაცია? რა არის ცუდი იმაში, რომ კომპანია ფლობდეს მონოპოლიურ ძალაუფლებას ბაზარზე?

მონოპოლია არის ბაზრის სტრუქტურა, რომელიც მოიცავს ერთ კომპანიას, რომელიც აწარმოებს უნიკალურ პროდუქციას ახლო შემცვლელების გარეშე. ასეთი მონოპოლისტი არის ფასის დამდგენი და შესაბამისად აქვს სრული კონტროლი ბაზრის მიწოდების ნაწილზე. ქვემოთ განხილულია მონოპოლიების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზები:

როგორც უკვე აღინიშნა, როდესაც კომპანია ფლობს მონოპოლიურ ძალაუფლებას, ის აწესებს ფასს, რომელიც მაღალია კონკურენტულ ფასთან შედარებით. მაღალი ფასების პირობებში მომხმარებლების მოთხოვნა ეცემა, შესაბამისად კონკურენტულ ბაზრებთან შედარებით წარმოების მოცულობა და მოხმარება ეცემა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც კომპანიას აქვს მონოპოლიური ძალაუფლება, ფასი არის მაღალი, ხოლო წარმოების მოცულობა დაბალი, ადგილი აქვს რესურსების არაეფექტიან გადანაწილებას.

დასაქმება დიდწილად განპირობებულია წარმოების მოცულობით, შემცირებული გამოშვების პირობებში მონოპოლიურ ბაზარზე დასაქმება შეიძლება იყოს დაბალი, ვიდრე ეს კონკურენტულ ბაზარზე იქნებოდა.

რადგან მონოპოლისტის მიერ წარმოებულ პროდუქციას ახლო შემცვლელები არ გააჩნია, მონოპოლისტმა შეიძლება ბაზარს მიაწოდოს დაბალი ხარისხის ნაწარმი. საქმე იმაშია, რომ ასეთი ტიპის ბაზარზე მომხმარებლისთვის არჩევანი შეზღუდულია. მაგრამ მყიდველს ყოველთვის მოსწონს როდესაც აქვს არჩევანის საშუალება, თუნდაც თუ ორი პროდუქტი ფუნქციურად არ განსხვდება ერთმანეთისგან და ბრენდინგი არის ერთადერთი მიზეზი რატომ ამჯობინებს მომხმარებელი ერთი პროდუქტის შეძენას ვიდრე მეორისას.

მონოპლისტს არ აქვს არანაირი მოტივაცია იყოს ინოვაციური, რომ ბაზარს შესათავაზოს ახალი და გაუმჯობესებული პროდუქტი. ამის საწინააღმდეგოდ, მაღალკონკურენტული ბაზარი იძლევა შესაძლებლობას და მოითხოვს კიდეც კომპანიების მხრიდან მუდმივ ინოვაციურობას. შესაბამისად, მონოპოლისტის წარმოება შეიძლება იყოს არაეფექტიანი, რადგან კონკურენტების არ არსებობის გამო მონოპოლისტს არ აქვს სტიმული მინიმალურ ზღვრამდე  შეამციროს წარმოების საშუალო დანახარჯი.

მონოპოლიის კიდევ ერთი პრობლემა შემოსავლის არათანაბარი გადანაწილება და სოციალური დანაკარგია. იმის გათვალისწინებით, რომ მონოპოლია აწესებს ზღვრულ დანახარჯზე მაღალ ფასს და იღებს ეკონომიკურ მოგებას, სამომხმარებლო დანაზოგი გადაედინება მომხმარებლებიდან მონოპოლისტისკენ. ამავდროულად სამომხმარებლო და მწარმოებლის დანაზოგების შემცირების ხარჯზე, ადგილი აქვს სოციალური დანაკარგის წარმოქმნას.

არის თუ არა მონოპოლია ყოველთვის ცუდი? როგორც ზემოთ აღინიშნა Google ფლობს მონოპოლიურ ძალაუფლებას, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კომპანია არის ნაკლებად ინოვაციური? ზოგჯერ წარმოების პროცესის დაწყება იმდენად მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ ეკონომიკურ აზრს იძენს მონოპოლიის დაშვება ბაზარზე. ეს განსაკუთრებით მართლდება ელექტრო, გაზ და წყალმომარაგების სექტორში, სადაც ხშირად გვხვდება სახელმწიფო მონოპოლიები. ასეთ შემთხვევებში მომხმარებლის ინტერესის დასაცავად ჩნდება რეგულაციის საჭიროება. რაც იმას გულისხმობს, რომ ვუშვებთ მონოპოლიას მაგრამ ვარეგულირებთ, რადგან მინიმუმზე დავიყვანოთ სოციალური დანაკარგი.

მსგავსი ვითარებაა „ბუნებრივი მონოპოლიების“ შემთხვევაშიც, რომლის დროსაც მონოპოლისტს არ სჭირდება სტრატეგიული ქცევა, კონკურენტების ბაზრიდან გაძევების მიზნით. ამ შემთხვევაში, რადგან მონოპოლისტური ძალაუფლება ვერ იქნება ელიმინირებული კომპანიების სტრატეგიული ქცევის კონტროლით, საუკეთესო გადაწყვეტილება მონოპოლისტის მიერ დაწესებული ფასისა და წარმოებული რაოდენობის კონტროლია. უფრო მეტიც, ხშირად ასეთი ტიპის მონოპოლისტის დანაწევრება უფრო მაღალ საზოგადოებრივ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე მისი შენარჩუნება.

ზოგიერთ ინდუსტრიას სჭირდება კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით მაღალი დანახარჯების გაწევა, რისი განხორციელებაც მსხვილი კომპანიისგან უფრო მარტივია. ასე რომ დამოკიდებულია ინდუსტრიაზე, მიმართულებებში, სადაც არ არის მასშტაბის ეკონომიის გავნითარების დიდი პოტენციალი და სადაც მნიშვნელოვანია მომხმარებლებს ჰქონდეთ არჩევანის საშუალება მონოპოლია არაეფექტიანია და სოციალურ დანაკარგს იწვევს.

წინა სტატია

ევროკავშირის დამფუძნებელი მამები
18 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

მეწარმეობა, როგორც შემოქმედება
12 იანვარი, 2016
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
Forbes Woman | ივნ, 28, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა