“ეგო-პორტრეტიზმი” ანუ რა სჭირს ჩვენს სამყაროს

ყოველდღიური ფიქრებით დამძიმებული შინისკენ მიემართები. უცებ თვალს ოქროსფერი ციალი გჭრის და სამყაროსთვის თვალის გასწორებას გაიძულებს. ადგილზე შეშდები. შეშდები, რადგან გრძნობ, რომ ბუნების საოცრების მოზიარე ხდები; ხედავ ბეტონის ქალაქში შემოჭრილ სხივებს, რომელთაც ჩამავალი მზე შენს რუტინულ სამყაროში გზავნის. სუნთქვას ნარინჯისფერი ციალი გიკრავს და ხვდები, რომ ამ სილამაზის შემხედვარე სიცოცხლე ნამდვილად ღირს. იდილიურ ფიქრებში ჩაფლულს, რეალობაში რაღაცის ჩხაკუნი გაბრუნებს. დაბნეული იხედები გვერდით და ხედავ ახალგაზრდას, რომელიც სურათს იღებს. უფრო სწორად საკუთარ თავს უღებს. მზის ჩასვლამდე ხომ რამდენიმე წამი აქვს დარჩენილი Selfie-ს გადასაღებად. 

"ეგო-პორტრეტები"

მსოფლიო მოსახლეობა ყოველდღიურად მილიონზე მეტ Selfie-ს იღებს. გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, 25 700  არის იმ “ეგო-პორტრეტების” რაოდენობა, რომელთაც საშუალო ასაკის ადამიანი თავისი სიცოცხლის 27 375 დღის განმავლობაში იღებს. InfoTrend-ის “წინასწარმეტყველების” მიხედვით, 2017 წელს გადაღებული ფოტოების რაოდენობა 1.2 ტრილიონს მიაღწევს, რაც წინა წელთან შედარებით 9% -იანი ზრდის მაჩვენებელი იქნება. აღსანიშნავია, რომ მათი 85% მობილური ტელეფონით “შეიქმნება”.

ნარცისულმა ლტოლვამ თვითგამოხატვის სახე მიიღო. ახალგაზრდა თაობა ხედებისა და მის გარშემო არსებული სამყაროს აღბეჭდვის ნაცვლად, იღებს სურათებს ან ვიდეოებს, რომელთა ცენტრშიც თავად არის. ამ ხერხით ცდილობენ ისინი საკუთარი ავთენტურობის გაზრდას.

კრახი და ინოვაცია

“ეგო-პორტრეტები” იპყრობენ სოციალური ქსელის სივრცეებს. გიგანტთა შორის მნიშვნელოვან ადგილს Snapchat-ი იკავებს. 2017 წლის მონაცემთა მიხედვით, აპლიკაციის ყოველდღიურ მომხმარებელთა რიცხვი 166 მილიონს აღწევს.  მიუხედავად ამისა, Snap-ის მომხმარებელთა ზრდის ტემპი ნელდება, 2017 წლის პირველ მეოთხედში მან მხოლოდ 5% შეადგინა. იგი არც ისე ძლიერი აღმოჩნდა ისეთ გიგანტ აპლიკაციასთან “ბრძოლაში”, როგორიც Instagram-ია. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ აპლიკაციის ყოველდღიურ მომხმარებელთა რიცხვი 200 მილიონს აჭარბებს.  ეს მაჩვენებელი კი მთლიან Snapchat -ის მომხმარებელთა რაოდენობაზე მეტია. მიუხედავად ამისა, ადამიანი ამ უკანასკნელს დღის განმავლობაში “30 წუთსა და მეტს” უთმობს. აპლიკაციამ 2017 წლის პირველ მეოთხედში $8.3 მილიონი გამოიმუშავა, თუმცა ეს რიცხვი არც ისე შთამბეჭდავად გამოიყურება, როდესაც აღმოაჩენ, რომ ამავე პერიოდში კომპანიამ $2.2 მილიარდი დაკარგა.

Snapchat -მა შემოსავლის მისაღებად აქცენტი მომხმარებლიდან დამკვეთებზე გადაიტანა, რაც დადებითი შედეგის მომტანი აღმოჩნდა. Snap-ის აღმასრულებელი დირექტორის, ევან სპიგელისა და მისი გუნდის ვარაუდით, სპონსირებული Selfie Filters-ი, რომლებიც საშუალებას აძლევენ მომხმარებელს, საკუთარი “ეგო-პორტრეტი” რეკლამად აქციოს, დღეში 16 მილიონ ნახვას მიაღწევს. ხოლო ასეთი სახის რეკლამებიდან შემოსული ყოველდღიური თანხა $750.000 იქნება, რაც საბოლოო ჯამში, Snapchat-ის აპლიკაციას მსოფლიოში ყველაზე დიდი სარეკლამო ბიუჯეტის მქონე სოციალურ ქსელად აქცევს.

Snapchat-აპლიკაცია სიახლეებს სთავაზობს თავის მომხმარებელს. როგორც ცნობილია, აპლიკაციის შემქმნელები მოლაპარაკებებს აწარმოებენ დრონების მწარმოებელ ჩინურ  კომპანია  Zero Zero Robotics-თან. The Information-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულების “ღირებულება” $150-$200 მილიონამდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ Snap-ის მიერ დახარჯული ყველაზე დიდი თანხა შეადგენდა $250 მილიონს, რომელიც მან გადაუხადა სოციალური რუკის კომპანია Zenly-ს (თუმცა თანხის რაოდენობა არ არის დადასტურებული Snap-ის მიერ).

ძველი და ახალი

“ეგო-პორტრეტების” მანია კიდევ უფრო შორს მიდის. 2013 წელს ბაზარზე გამოჩნდა კომპანია Artec Group -ის ნაწარმი Shapify. იგი მომხმარებელს სთავაზობს Selfie-ს 3D ვერსიას. Shapify.me ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც iPhone X -ის 3D სკანერი შესაძლებლობას აძლევს მფლობელს, შექმნას 3D Selfie. Artec-ი აცხადებს, რომ იგი ორიენტირებულია მომხმარებლებზე და ცდილობს მისცეს მათ შესაძლებლობა, შეიძინონ გამოცდილება და თავად შექმნან 3D “პატარა მე” ფიგურა. iPhone X -ის პრეზენტაცია 2017 წლის 12 სექტემბერს ჩატარდა, რომელზეც ინოვაციური 3D აპლიკაციის შესახებაც ისაუბრეს. ამ ეტაპზე, ახალი აპლიკაციის მომავალის შესახებ მხოლოდ ჰიპოთეზური წარმოდგენები შეგვიძლია გვქონდეს.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის

Selfie-ს ინდუსტრიამ, გაგიკვირდებათ და, საკრედიტო ბარათებისა და საგადამხდელო სისტემების სივრცეშიც კი შეაღწია. MasterCard -ი მომხმარებელს გადახდის ინოვაციურ გზას სთავაზობს. აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს, დაადასტუროს გადახდები ერთი მარტივი გაჩხაკუნებით, კერძოდ კი, Selfie-ს  გადაღებით. პირველად ამ ტიპის გადახდა გამოიყენა BMO Financial Group-მა 2017 წელს.

ამჟამად გადახდის ეს სისტემა კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, 12 ბაზარზეა გავრცელებული. ესენია: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, გერმანია, უნგრეთი, ჰოლანდია, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ 2017 წლის ბოლოსთვის მთელი მსოფლიოს “დაპყრობას” შეძლებენ.

Selfie ფოტოები ეგო-პორტრეტები სოციალური ქსელები Forbes Junior

წინა სტატია

Thick And Thin Stripes
24 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

ჭკვიანი ქალაქები
30 მარტი, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა