თბილისის MERCEDES-BENZ-ის მოდის კვირეულის ტოპ-5 დიზაინერი

ვროპის მოდის მავერიკებმა – Balenciaga-მ და Mugler- მა – პირველად დადგეს ფეხი იმ მიწაზე, რომელიც მათ ძალზე უცნაური ძაფით აკავშირებს. საქმე ისაა, რომ თავისი განუმეორებელი სტილით განთქმული ორივე ბრენდის მემკვიდრე სწორედ საქართველოდან არის წარმოშობით. საუბარია მთიან კავკასიაზე და არა აშშ-ის სამხრეთ შტატ ჯორჯიაზე.

ბოლო ათწლეულის მანძილზე საქართველომ ორი საერთაშორისო აღიარების მქონე დიზაინერის ექსპორტი მოახდინა, ესენი არიან: ბალენსიაგას კრეატიული დირექტორი და პარიზში მდებარე Vetemens-ის ბრენდის დე ფაქტო ხელმძღვანელი – დემნა გვასალია და Thierry Mugler -ისა და ლონდონში მდებარე იმავე სახელწოდების ბრენდის კრეატიული დირექტორი – დავით კომა. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ექსპერიმენტული მოდის სცენამ ის იდეალური გარემო შექმნა, რომელმაც ასეთი ტალანტების აღმოცენებას შეუწყო ხელი. ახლა თბილისი პროფესიონალ დიზაინერებზე მონადირე უამრავი “ჰედჰანტერის” რადარზე გამოჩნდა. ახლახან თბილისში გამართული მოდის კვირეული სახელწოდებით 2016 Mercedes Benz Fashion Week Tbilisi კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ნათქვამს.

აღმოსავლეთისა და დასავლეთის ისტორიულ და კულტურულ გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოში ეგზოტიკური და თანამედროვე თვისებები თანაბრად არის გადანაწილებული. ერთი მხრივ, აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ საოცარი უძველესი ნანგრევები და, მეორე მხრივ, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი არქიტექტორების მიერ შექმნილი ცათამბჯენები. ცვლილებები აქ ყველგან იგრძნობა, ხოლო საზოგადოების ყველა ფენა, მათ შორის მოდის ინდუსტრია, ამ ცვლილებებს ხელგაშლილი ეგებება.

თბილისში მოღვაწე დამწყები ნიჭიერი დიზაინერების დიდი უპირატესობა ის გახლავთ, რომ თავიანთ სამოსელს ისინი ადგილობრივად აწარმოებენ. ხოლო მათი უარყოფითი მხარე განვითარებად ბაზრებზე ახალგაზრდა ბრენდებისათვის დამახასიათებელ ერთ გავრცელებულ შეცდომას უკავშირდება: ისინი ზედმეტ ინვესტიციას ახორციელებენ ეროვნული მემკვიდრეობის პატივსაგებად. ამგვარმა მიდგომამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მათ დამკვიდრებას ადგილობრივი ახლად აღმოცენებული მოდის სცენაზე, მაგრამ ვერ დაეხმარება გლობალურ კომერციულ რუკაზე ადგილის დაკავებაში. შედეგად, მათი კლიენტების უმრავლესობა თავად ქართველები, შეძლებული რუსები და ყაზახები არიან. მათ კი, ვისაც საერთაშორისო აღიარება და მისი თანამდევი სავაჭრო კლიენტურა სურს, ექსპერიმენტული მოდის ბალანსი უფრო ფუნქციური დიზაინის მიმართულებით უნდა წარმართოს და არ ე.წ. “სუვენირი-კოსტიუმის”. ეს არის ფორმულა, რომელიც დღემდე ვერ გაითავისა ბევრმა ქართველმა და სხვა ეროვნების დიზაინერმა. მაგრამ ცვლილებები უკვე ახლოს არის და ეს ცვლილებები ძალზე სწრაფად ხდება.

გთავაზობთ 2016 წლის Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ხუთ საუკეთესო კოლექციას, რომლებმაც ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია

ალექსანდერ არუთინოვი

საქართველოში დაბადებული და მოსკოვში მოღვაწე დიზაინერი ალექსანდერ არუთინოვი კვირეულზე თავისი შემოდგომა/ ზამთარი 2016 წლის კოლექციით წარდგა. შეიძლება ითქვას, რომ მისი კოლექცია იყო ქართული კულტურული ტრადიციებისა და დახვეწილი თანამედროვე ფორმების ერთ-ერთი საუკეთესო შერწყმა. არუთინოვმა წარმოგვიდგინა გასაოცარი კოლექცია კომფორტული ტანისამოსის, რომელიც ადვილად შეიძლება ატაროთ როგორც დღისით, ასევე საღამოს წვეულებაზე. ამ სეზონზე ალექსანდერ არუთინოვმა თავისი ამბავი ნაქარგების საშუალებით გადმოგვცა. მის მიერ შექმნილ კოლექციას ამშვენებდა მეტად ექსცენტრული ელემენტები ყვავილების, ფრინველებისა და სხვა მოტივების სახით.

თამუნა ინგოროყვა

პარიზის ერთ-ერთი პრესტიჟული მოდის ინსტიტუტის “ესმოდის” კურსდამთავრებული თამუნა ინგოროყვა ქართული მოდის ყველაზე ცნობილი სახეა. 2002 წლიდან მოყოლებული, თამუნა ინგოროყვა საკუთარი სახელის ბრენდით ქმნის ტანისამოსის დიზაინს და მისი კლიენტურაც სულ უფრო იზრდება. ინგოროყვა არის თვითგამოცხადებული მინიმალისტი, რომელმაც დიდი გამოცდილება შეიძინა “ნინა რიჩის” მოდის სახლში მუშაობისას. მისი კოლექცია შემოდგომა/ზამთარი 2016 გამოირჩეოდა იმ თავშეკავებული და დახვეწილი ელეგანტურობით, რომლისკენაც ბევრი ქართველი დიზაინერი ისწრაფვის. მისი ტყავისაგან შექმნილი სამოსი ასევე გამოირჩევა თავისი ექსტრავაგანტურობით და მიუთითებს იმაზე, რომ ინგოროყვამ კარგად იცის ამ მეტად რთული მასალით მუშაობა.

გიორგი ფანცულაია

ამ ახალგაზრდა დიზაინერს თავისუფლად შეიძლება მოდის ვეტერანიც კი ვუწოდოთ. გიორგი ფანცულაია 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ქმნის დიზაინს ნაკლებად ცნობილი თურქული ბრენდებისათვის და საკუთარ დროსა და ნიჭს თბილისსა და სტამბულს შორის ანაწილებს. ამ გამოცდილების წყალობით, ფანცულაიამ სრულყო თავისი 3D ტექნიკა და შექმნა დახვეწილი ფორმის ტანისამოსი, რაც მას ადგილობრივ დიზაინერებს შორის ადვილად ამოსაცნობს ხდის. თამუნა ინგოროყვას მსგავსად, გიორგი ფანცულაიაც თბილისის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში სწავლობდა. როგორც ჩანს, ამ სასწავლებელში კარგად მომზადებული ახალი ტალანტის უწყეტი ნაკადის გენერირება ხდება.

ლალო დოლიძე

ნაქსოვი ტანსაცმელი ახლა ძალზე აქტუალურია, შეგიძლიათ ჰკითხოთ ამერიკის მოდის საბჭოსა და ჟურნალ “ვოგის” ფონდის მიერ ახლახან საუკეთესო ნაქსოვი დიზაინისათვის დაჯილდოებულ რაიენ როშეს. ეს არის ძალზე საინტერესო მიმართულება და ლალო დოლიძის არჩევანი მას მომენტალურად აქცევს საქართველოს მოდის ინდუსტრიის ავანგარდში (და ასევე თითქმის სრულ მონოპოლიას ანიჭებს მას). მაშინ როდესაც მოდის ბაზარი სავსეა ნიშებით, ლალო დოლიძის მხრიდან ეს არის ძალზე ჭკვიანური ბიზნესსვლა. უნდა აღინიშნოს, რომ მისი ბოლო კოლექცია აუცილებლად დიდ მოწონებას დაიმსახურებდა მილანსა და ნიუ-იორკში, სადაც მქსოველ დიზაინერებს განსაკუთრებულად აფასებენ. ერთადერთი პრობლება (რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მის შემოქმედებას) ის გახლავთ, რომ ლალო დოლიძის ტანისამოსი ხელით არის ნაქსოვი და, შესაბამისად, დიდი რაოდენობით მისი წარმოება შეუძლებელია. ეს ფაქტორი კი მომავალში ბიზნესგაფართოებისათვის შესაძლოა დიდი გამოწვევა გახდეს.

ბესარიონი

ბესარიონი ორი დედის შვილია: საქართველოსა და რუსეთის. იგი მიეკუთვნება ხელოვანთა იმ ძალზე მცირერიცხოვან კატეგორიას, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებული მღელვარე საზღვრის ორივე მხარეს უყვართ როგორც მოდური პრესის წარმომადგენლებს, ასევე მყიდველებს. ორივე ქვეყნის დედაქალაქში ბესარიონმა, როგორც დიზაინერმა და DJ-მ, შეიქმნა რეპუტაცია ერთგვარი მეამბოხე, ცელქი ადამიანის, რომელიც პუბლიკას მუდამ აოცებს თავისი ექსცენტრული გამოსვლებით. მიუხედავად იმისა, რომ მის ბოლო კოლექციაში Vetemens-თან მსგავსება იგრძნობოდა, იგი მყარი მსოფლმხედველობით გამოირჩევა და პატივს მიაგებს გლობალურ ტენდენციებს. ამავდროულად ბესარიონის კოლექციაში ქართული ტრადიციების მოულოდნელი შერწყმა იჩენს თავს. მაგალითად გამოდგება ზემოთ ნაჩვენები მოდელი ულამაზესი მაქმანის გაფორმებით.

რას უნდა ველოდეთ თბილისისაგან მომავალი MERCEDES-BENZ‑ის მოდის კვირეულზე?

თბილისში გამართული 2016 წლის Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული შეიძლება ჩავთვალოთ საუკეთესო მოდის კვირეულად, რომელმაც ერთ ჭერქვეშ მოუყარა თავი ქართველ, რუს, უკრაინელ, ყაზახ და სხვა ეროვნების დიზაინერებს. ყირიმში ომის დაწყებამდე რუსეთიც ახერხებდა დიდი ენერგიითა და წარმატებით ამის განხორციელებას. ამ ეტაპზე ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ესტაფეტა მოდის ერთი დედაქალაქიდან მეორეს გადაეცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო მოდის სცენა დიდი სითბოთი და მოწონებით შეეგება თბილისის მოდის კვირეულს.

ქართველებს ბევრი რამ აქვთ საამაყო. არცთუ ისე იოლია მოდის დღესასწაულის აღნიშვნა და ნიჭიერ დიზაინერთა მხარდაჭერა მათი ბიზნესგანვითარების ესოდენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ეტაპზე, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ასეთი სუსტია. საქართველომ მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღო წარსულში რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში გამართული მოდის კვირეულებიდან და თავისთან გამართულ მოდის კვირეულზე უხვად მოიწვია უცხოური პრესა, გლობალური მოდის სფეროში მთავარი დამფინანსებლები, ონლაინ-ბლოგერები და სხვა გამოჩენილი ადამიანები.

წარმატების ქართულ ფორმულას აკლდა უცხოელი მყიდველები და ასევე დინამიკური გლობალური მოდის ბაზრის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება.

“იმედია, მომავალში ჩვენ უფრო ინტეგრირებული გავხდებით მსოფლიო მოდის სამყაროში და ქართველი დიზაინერებიც უფრო მეტ წარმატებასა და აღიარებას ჰპოვებენ. პირველ რიგში, საქართველოს ესაჭიროება კარგი მოდის სკოლები და მაღალი დონის განათლება ამ სფეროში” ,– ამბობს თბილისში Mercedes Benz-ის მოდის კვირეულის ორგნიზატორი სოფო ჭყონია.

ჩვენ სრულებით ვეთანხმებით სოფო ჭყონიას განცხადებას. მსოფლიო მოდის ბაზარზე ინტეგრირება აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზრდისათვის. თუმცა ქვეყნის შიგნით მდგრადი ბილიკისა და დახმარების გარეშე ამის განხორციელება ძალზე რთული იქნება. ბოლო პერიოდში ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების მიერ საერთაშორისო მოდის ასპარეზზე მიღწეული წარმატების წყალობით, საქართველომ უკვე მიიპყრო მოდის სფეროს ყურადღება. განსაკუთრებით ეს ეხება Christian Dior-ის მოდის სახლის ხელმძღვანელებს, რომლებიც ჯერ კიდევ ეძებენ ახალ კრეატიულ დირექტორს, ვინც რაფ სიმონსის ადგილს დაიკავებს.

წინა სტატია

Solid Friend Of Georgia
16 ივნისი, 2016

შემდეგი სტატია

საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო საქმიანობაშია
16 ივნისი, 2016
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა