მარტის ბოლოს საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ ₾51.81 მლრდ შეადგინა

მარტის ბოლოს საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ ₾51.81 მლრდ შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 2.60%-ით, 1.31 მილიარდი ლარით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 51.81 მილიარდ ლარს მიაღწია. ცნობისთვის, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.98% შეადგინა.

სებ-ის ცნობით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 706.91 მილიონი ლარით, 3.35%-ით გაიზარდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 2.78% შეადგინა. მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 607.05 მილიონი ლარით, 2.07%-ით გაიზარდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.41%-ს მიაღწია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი მარტის ბოლოსთვის 50.33%-ს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 0.17 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.25% შეადგინა – ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.56%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.97%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.67%, ხოლო ევროს წილმა 19.60% შეადგინა.