East is West

იყო დრო, როდესაც გლობუსს ესპანეთი და პორტუგალია ინაწილებდნენ, იყო ნაპოლეონის მიერ თითქმის მთლიანად შთანთქმული ევროპაც და ბრიტანეთის იმპერიის ყველა კონტინენტზე მოდებაც. იყო გიჟი ჰიტლერი და ველური სტალინი, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც დუნაის წყალს ეს ორი მეგატირანი ამღვრევდა, დასავლური ცივილიზაცია ძირითადად „შიდა გარჩევების" ფარგლებში რჩებოდა.

ახალ ათასწლეულში დასავლური სამყარო უკვე შეეჩვია მედიისგან ისეთი ამბების მიღებას, რომლებიც მსოფლიოში სრულიად უცხო ძალის პირველობას მოასწავებს. ნოემბრის ბოლოს ჟურნალისტები განიხილავდნენ ჩინეთის მიერ დაწესებულ ახალ საჰაერო თავდაცვით ზონას. თვით აშშ, ფორმალური უთანხმოების მიუხედავად, დაემორჩილა ჩინეთის საავიაციო კაპრიზებს.

მაგრამ საჰაერო დრამა აშკარად გადაფარა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამამ (PISA). ალბათ იშვიათად თუ ყოფილა აღმოსავლეთ აზიის გარდაუვალი ბატონობის შეგრძნება ისეთი მძაფრი, როგორიც დეკემბრის პირველ დღეებში იყო, როდესაც PISA-მ 2012 წლის შედეგები გაასაჯაროვა. თუ წინა ტესტირებები გვარწმუნებდა, რომ აზიელები ევროპელების ღირსეული კონკურენტები არიან, ამჯერად მათი სრული ტრიუმფი ვიხილეთ, ტესტირების სამივე მიმართულებით: მათემატიკა, კითხვა და მეცნიერება.

ცხადია, როდესაც ასეთ ხმამაღალ შესავალს ვაკეთებთ, ავსახავთ აღქმებს და არა PISA-ს კვლევების რეალურ მნიშვნელობას. რეაქციები ორ უკიდურესობას შორის მერყეობს: ტესტირების შედეგების გაფეტიშება და მათთვის ყოვლისმომცველი მნიშვნელობის მინიჭება, ან სრული უგულებელყოფის მცდელობები. პირველი ხშირია ზედაპირულ ჟურნალისტურ რეპორტაჟებში. მეორე გზას 2011 წელს განათლების მინისტრმა შაშკინმა დაგვაყენა, როდესაც წინა წლის დაბალ შედეგებს გაებუტა და საქართველო ტესტირებებიდან საერთოდ „გაიყვანა". ამავე გზას დაადგა ინდოეთი, რომელიც მაჩვენებლებით საქართველოსაც კი ჩამორჩა. ინდური განათლების თავკაცებმა გადაწყვეტილება ქვეყნის „კულტურასთან შეუსაბამობით" დაასაბუთეს. PISA მსგავს ბრალდებებს დამატებითი მონაცემებით პასუხობს, რომლებიც სწორედ „კულტურისგან დამოუკიდებლობას" ამტკიცებს. თუმცა ინდოელები მაინც ექსკლუზიურ ტესტებს ითხოვენ, რითაც კვლევაში დაბრუნებისა და კვლავ „შერცხვენის" საფრთხეს იცილებენ. საინტერესოა, გაბედავს თუ არა დაბრუნებას საქართველო. შაშკინის გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნებამდე გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აკრიტიკებდა.

კავკასიურ-ბოლივუდური დემარშის შემდეგ, კვლევას 65 ქვეყანა და ქალაქი შემორჩა. მათგან ნახევარზე მეტი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრია. კვლევაში შედარებით მაღალგანვითარებული ქვეყნები ჭარბობენ. აფრიკას მხოლოდ ტუნისი წარმოადგენს. არ მონაწილეობს არც აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა. ანუ, წინასწარ უნდა ითქვას, რომ კვლევაში დაბალ ადგილზე გასვლა თავისთავად არ ნიშნავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩამორჩენას. მაგრამ განსხვავება ბოლო და პირველი ადგილის მფლობელებს შორის მაინც დიდია (მათემატიკაში 67%-ს აღწევს).

აღმოსავლეთ აზიის წარმატების მასშტაბს დანარჩენი მსოფლიოს საუკეთესო მაჩვენებლების ჩამონათვალიც აჩვენებს: მათემატიკაში ლიხტენშტაინი, შვეიცარია და ნიდერლანდი საუკეთესოთა ათეულის ბოლო სამ ადგილზე მოხვდნენ. კითხვაში ფინეთმა და კანადამ მე-6-მე-7, ხოლო ირლანდიამ და პოლონეთმა მე-9-მე-10 ადგილები გაინაწილეს. მეცნიერებაში ფინელებმა და ესტონელებმა ღირსეული მე-5-მე-6, ხოლო პოლონელებმა და კანადელებმა მე-9-მე-10 ადგილები დაიკავეს. სულ ეს არის: დანარჩენი „საპრიზოები" აზიამ წაიღო.

საუკეთესო ადგილებს (სრულფასოვნად წარმოდგენილ ქვეყნებს შორის) სინგაპური, ტაივანი, სამხრეთი კორეა და იაპონია ინაწილებენ. მეცნიერების ტესტირებაში, ათეულში მოულოდნელად შეაღწია შედარებით ღარიბმა ვიეტნამმაც. ჩინეთის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა, რაც ბევრმა ჟურნალისტმა არ შეიმჩნია: მთელი ქვეყნის შედეგები, ხელისუფლების სურვილით, საიდუმლოდ რჩება. „ჩინეთის" გასწვრივ მხოლოდ შანხაის შედეგებია ნაჩვენები, რომლებიც „სახალხო რესპუბლიკისთვის" ერთგვარი პოტიომკინის სოფლისა და სილიკონის ველის კომბინაციაა. თუმცა ქალაქის ოცმილიონიანი მოსახლეობის გათვალისწინებით, შანხაის პირველი ადგილი მაინც სისტემური მიღწევაა. ჩინეთს ცალკე წარმოადგენს კიდევ ორი ავტონორმიური ქალაქი: ჰონკონგი და მაკაუ. რაც შეეხება ქვეყნის ღარიბ ნაწილებს, კვლევის ადმინისტრატორები ამხელენ, რომ შედეგები იქ უფრო დაბალი, მაგრამ მაინც „ევროპული" დონისაა.

დსთ-დან კვლევაში რუსეთი და ყაზახეთი მონაწილეობდნენ. მათი საუკეთესო შედეგი რუსეთის 34-ე ადგილია მათემატიკაში. საბჭოელების რეაქცია ტრადიციულად უსუსური და თვითკრიტიკულობისგან დაცლილია. ისეთი დამოუკიდებელი და „პროდასავლური" ტელევიზიაც კი, როგორიც RTVi-ა, გაცვეთილ სტერეოტიპს ებღაუჭება: „საბჭოთა განათლება ამერიკულს სჯობია". რეპორტიორი აზოგადებს მათემატიკის შედეგებს და აცხადებს, რომ რუსეთი ოდნავ, მაგრამ მაინც უსწრებს აშშ-ს. დანარჩენი ორი დარგი, სადაც აშშ ბევრად წინაა, საერთოდ ავიწყდებათ. ბუნებრივია, ამას მოჰყვება ინტერაქტივი, სადაც მაყურებელი უკვე კოლექტიურად ადასტურებს, რომ „საბჭოთა ჯობია" და ბოლოს ჟურნალისტები ჩინელების წარმატებებსაც საბჭოთა სისტემასთან მსგავსებებს უკავშირებენ (მაგალითად, „პირველიდან ბოლო კლასამდე ერთ ოთახში" სწავლას). ამ საკითხს მშვენივრად ეხმიანება OECD-ის ინდიკატორებისა და ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელის ციტატა: „რუსეთს კარგი მაჩვენებლები აქვს დაზეპირებაზე ორიენტირებულ ტესტირებებში, მაგრამ არა PISA-ში (რომელიც ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს ამოწმებს); ჩინეთს კარგი შედეგები აქვს როგორც დაზეპირებაზე ორიენტირებულ, ისე უფრო ფართო კვლევებში".

ერთჯერად შედეგებზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს დინამიკას. სამივე დარგის ერთდროული კვლევა პირველად 2003 წელს ჩატარდა და სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. სამივე მიმართულებით მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი, ყატარი. კლება ყველაზე მეტად ჩრდილო ევროპაში ჩანს, თუმცა ტრადიციულად ლიდერულ პოზიციებზე მყოფ ჩრდილოელებს, აღმოსავლეთ აზიის გარეთ, მაინც ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვთ. ერთადერთი სიახლე ამ მხრივ ლიდერებს შორის პოლონეთისა და ესტონეთის გამოჩენაა, რომლებიც ამავე რეგიონს შეიძლება მივაკუთვნოთ. სამხრეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის ვერც ერთი ქვეყანა, გარკვეული ზრდის მიუხედავად, ჯერჯერობით ვერც ერთი დარგის ტოპ-ოცეულშიც კი ვერ აღწევს. პოზიციებს კარგავენ, მაგრამ ოცეულში რჩებიან კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც დასკვნებია: რას გვეუბნება, რას მოასწავებს სასკოლო განათლების ტესტირების შედეგები. აქვე იმალება „ხმამაღალი" ინტერპრეტაციების ყველაზე დიდი ცდუნება. ხშირ შემთხვევაში, შედეგები ისეა მოწოდებული, თითქოს ტესტირებებში ლიდერობა თავისთავად ნიშნავდეს მომავალში ყველაზე სწრაფ ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ ან სამეცნიერო ზრდას. „ვაშინგტონ პოსტის" ანალიტიკოსი ველერი სტროსი ეჭვქვეშ აყენებს მსგავს დამოკიდებულებას და გვახსენებს, რომ 80-იანებში ამერიკელებს გამუდმებით აშინებდნენ მათი სკოლების ჩრდილოევროპულთან შედარებით დაბალი საშუალო მაჩვენებლებით. ამის მიუხედავად, 90-იან წლებში აშშ-ს სწრაფი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ბიუროკრატები ცდილობენ შედეგებით მანიპულირებას, რომ სასურველი ცვლილებები გაატარონ განათლების სისტემაში, განვითარების რეალურ, სერიოზულ დაბრკოლებებს კი ყურადღების მიღმა ტოვებენ.

თუ შედეგების უკან მდგომი მიზეზების თემას გავაგრძელებთ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მედიაანალიზებში გამოტოვებულია სკოლის განსხვავებული ხანგრძლივობისა და ორგანიზების საკითხიც. ტესტირება ყველა ქვეყანაში 15 წლის მოსწავლეებს უტარდებათ. იქ, სადაც სკოლა 11-წლიანია (ყაზახეთი, რუსეთი), კვლევაში მონაწილე მოსწავლეს სკოლის დასრულებამდე დაახლოებით ორჯერ ნაკლები დრო რჩება, ანუ სასკოლო ცოდნისა და უნარების უფრო დიდი წილი აქვს შეძენილი. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ არის გადანაწილებული დატვირთვა კლასების მიხედვით. საბჭოთა ყაიდის სკოლაში თავისუფლად შესაძლებელია სწავლის პიკს 15 წლამდე მიაღწიო, რაც ნაკლებად სავარაუდოა 13-კლასიან გერმანულ გიმნაზიაში.

ის, რომ არც ერთი ტესტირება არ შეიძლება მივიღოთ განათლებისა და ცხოვრების ხარისხის სრულფასოვან მაჩვენებლად, ცალსახაა. როგორი ღრმა და დაბალანსებულიც უნდა იყოს PISA-ს ტესტები, ისინი საერთოდ არ მოიცავს, მაგალითად, უცხო ენების ცოდნას, ხელოვნების დარგებს ან ფიზიკურ და ემოციურ განვითარებას, რომლებიც მნიშვნელოვან (ბევრისთვის, გადამწყვეტ) გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე. PISA-ს დამატებითმა კვლევამ პირდაპირ აჩვენა, რომ განსაკუთრებით „წარმატებულ" სისტემებში მოსწავლეები ხშირად განსაკუთრებით უბედურად გრძნობენ თავს. ჩინელი სპეციალისტებიც არ მალავენ, რომ აღმოსავლეთაზიელების სასკოლო წარმატებები უკიდურესად მაღალი დატვირთვის ფონზე მიიღწევა. რამდენად ტკბილია კენწერო, მხოლოდ ძალიან რთული და ხანგრძლივი კვლევები თუ დაადგენს.

განათლების მიზნების PISA-ს შედეგებამდე დაყვანა პრიმიტივიზმია არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების ბედის, არამედ სახელმწიფო სტრატეგიის თვალსაზრისითაც. ცენტრალიზაციის გარკვეულმა ფორმებმა შეიძლება კონკრეტულ ტესტირებებში საშუალო შედეგების ზრდა გამოიწვიოს, მაგრამ ცენტრალიზაცია ასევე იწვევს სისტემის მოუქნელობას. როდესაც ცვლილებების დრო დგება, საზოგადოება უზარმაზარ წინააღმდეგობას აწყდება. დეცენტრალიზებულ, შედარებით თავისუფალი კონკურენციის მქონე სისტემაში ყოველთვის არსებობს შანსი, რომ სკოლების ნაწილი მაინც აირჩევს სწორ გზას.

„გარდიანის" პესი სელბერგი PISA-ში დასავლური და ინგლისურენოვანი ქვეყნების პოზიციების შესუსტებას სწორედ „ბაზარზე დაფუძნებულ" რეფორმებს უკავშირებს. კერძოდ, საგანმანათლებლო რეფორმის გლობალურ მოძრაობას (GERM), რომელიც სკოლების ნაწილობრივ პრივატიზებას, მოსწავლეთათვის სკოლის თავისუფალ არჩევანსა და პედაგოგობის უფლების მოპოვების გამარტივებას ითვალისწინებს. სათუოა, რეალურად რამდენად შეესაბამება „თავისუფალი ბაზრის" სულისკვეთებას GERM-ი, რომელიც ასევე გულისხმობს სახელმწიფოს მიერ განათლების სტანდარტების დადგენასა და სკოლებისა და მასწავლებლების სტანდარტიზებულ შეფასებებს. ასეთ მიდგომას ალბათ უფრო ცენტრალიზების ახლებური ფორმა შეიძლება ეწოდოს.

სისტემების ეფექტიანობის სერიოზულ შეფასებას მაინც ცალკეული ქვეყნების მაჩვენებლებისა და პოლიტიკის დეტალურად შესწავლა სჭირდება. ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ აზიის ქვეყნებმა ზრდას სრულიად განსხვავებული სისტემების პირობებში მიაღწიეს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ გადამწყვეტი როლი ქვეყნის განვითარების საერთო დინამიკასა და კულტურულ თავისებურებებს აქვს.

საბოლოო ჯამში, სისტემის არჩევა უფრო ფილოსოფიური, ზნეობრივი და სტრატეგიული საკითხია, ვიდრე წმინდად ტექნიკური. თუ დემოკრატიულობისა და თავისუფლების ფასეულობებს ვაღიარებთ, მშრალად რიცხვებზე ორიენტირება ავტომატურად გამოირიცხება. თუმცა რიცხვებზე ორიენტირების შემთხვევაშიც მოკლევადიანი გათვლები სახიფათოა. მსოფლიოში რადიკალური მიდგომების ჭიდილის ფონზე, საქართველოსთვის უდიდესი გამოწვევა ოქროს შუალედის მონახვაა. ერთი მხრივ, არ უნდა გავექცეთ ტესტირებებს და უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო კვლევების შედეგები. მეორე მხრივ, განათლების პოლიტიკა ღრმა და გრძელვადიან მოსაზრებებზე უნდა დავაფუძნოთ.

 

წინა სტატია

ქართული ღვინო შეყვარებული გერმანელისგან
10 იანვარი, 2014

შემდეგი სტატია

საქართველოს გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ
14 იანვარი, 2014
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა