საქართველოს საგარეო პოლიტიკა

საგარეო პოლიტიკა ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს. საქართველოსთვის, როგორც პატარა და რთული გეოპოლიტიკის მქონე სახელმწიფოსთვის, მწყობრი საგარეო პოლიტიკა გადამწყვეტია უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად. მისი როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრიზისების პერიოდში. რომ დავაკონკრეტოთ, განუზომლად დიდი რესურსების მქონე რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ნაწილის ოკუპაციის პირობებში სუვერენიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი საშუალება საერთაშორისო თანამეგობრობის მზარდი მხარდაჭერის უზრუნველყოფაა.

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთი რეგიონში არა ნორმალურ ურთიერთობებს, არამედ ექსკლუზიური გავლენის სფეროს მოპოვებას განსაკუთრებული აგრესიულობით ცდილობს. ამ ექსკლუზიური სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი კი საქართველოა. ამ პირობებში საქართველოსთვის გამართული და ეფექტური საგარეო პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, როგორც უსაფრთხოების გარანტიის ერთადერთ საშუალებაზე, დასავლეთის სახელმწიფოების მზარდ ჩართულობასა და მხარდაჭერაზე, გადამწყვეტი ხდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისათვის.

სწორედ ამ კონტექსტში და ამ კონკრეტული გადმოსახედიდან არის მნიშვნელოვანი საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკის ანალიზი. რამდენად მკაფიო, მწყობრი და ეფექტურია დღევანდელი საგარეო პოლიტიკა? თუ ორი წლის წინ ამ საკითხზე მხოლოდ დასმული კითხვებით და შესაძლო პროგნოზებით შემოვიფარგლებოდით, დღეს შეიძლება უკვე კონკრეტული საგარეოპოლიტიკური ქმედებებისა და გადაწყვეტილებების ანალიზი.

სანამ უშუალოდ ანალიზზე გადავალთ, საჭიროდ მეჩვენება საგარეო პოლიტიკის მოკლე განმარტება – რას წარმოადგენს საგარეო პოლიტიკა? ეს საჭიროება გამოწვეულია არა თეორიული აუცილებლობით, არამედ დღევანდელი პოლიტიკური დისკურსით, როდესაც ხშირად გვესმის კამათი იმის თაობაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის პირველი პირების საჯარო განცხადებებს, რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო პრესას, ლობისტებს; საკმარისია თუ არა საგარეო პოლიტიკური კურსის მხოლოდ დეკლარირება, რამდენად გადაჯაჭვულია იგი შიდაპოლიტიკურ პროცესებთან. ამრიგად, მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ, თუ როგორ ვზომავთ საგარეო პოლიტიკის კურსს და ეფექტურობას.

საგარეო პოლიტიკური კურსი შედგება განცხადებებისა და ქმედებების ერთობლიობისაგან. თავის მხრივ, განცხადებები წარმოადგენს: ა) ოფიციალურ დოკუმენტებში – უსაფრთხოების კონცეფციაში, საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში, სამხედრო დოქტრინაში, პარტიის პროგრამასა თუ სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში დეკლარირებული დებულებები; ბ) ქვეყნის ხელისუფლების (აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები) მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებები (ქვეყნის შიგნით და გარეთ); გ) საერთაშორისო პრესასთან გაკეთებული განცხადებები და “გზავნილები” დ) საერთაშორისო დოკუმენტებში დაფიქსირებული პოზიციები. საგარეო პოლიტიკური ქმედებები წარმოადგენს: ა) დიპლომატიური ქმედებები (ოფიციალური, სამუშაო ვიზიტები, შეხვედრები, ა.შ) ბ) საერთაშორისო ინიციატივები გ) საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიურობა დ) საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება ე) დიპლომატიური ქმედებების დამხმარე საშუალება, ლობისტების მუშაობა. სწორედ ამ კომპონენტების ერთობლიობა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, თანხვდენა წარმოადგენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საზომს.

დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სწორედ ამ კომპონენტების თანხვდენის არარსებობა წარმოადგენს, რაც იწვევს ლეგიტიმურ შეკითხვებს საგარეო კურსის შესახებ. მაგალითად, როგორ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან მიმართებით, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი ხშირად საუბრობენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და მათზე დასავლეთის რეაგირების აუცილებლობაზე, ხოლო პრემიერ-მინისტრი ან მუდმივად გაურბის ამაზე საუბარს ან მეტიც, საუბრობს რუსეთთან ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე. როგორ უნდა განვსაზღვროთ ქვეყნის დამოკიდებულება, მაგალითად, აფხაზეთში მიმდინარე ბოლო მოვლენებთან მიმართებით, როდესაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ანექსიის საფრთხეზე მიუთითებს, ხოლო პრემიერ-მინისტრი “შიდა საკადრო გადაადგილებად” აფასებს მათ. როგორ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი დამოკიდებულება ნატოში ინტეგრაციის მიმართ, როდესაც სექტემბერში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინა, როგორც მინიმუმ, ექვსი თვის პერიოდში, პრემიერ-მინისტრის არც ერთი საერთაშორისო ვიზიტის დროს ნატოში ინტეგრაციის თემატიკა, არგუმენტაცია არ ყოფილა ვიზიტის ცენტრალური თემა, ან ხშირად – საერთოდ ნახსენებიც კი. როგორ უნდა განსაზღვრო ქვეყნის დამოკიდებულება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მიმართ, როდესაც მისი განხორციელების წინ მათი ინიციატორი პარტნიორი ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენელს (შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შეურაცხმყოფელი რიტორიკით მიმართავს (“სააკაშვილის კლუბის წევრები”). როგორ უნდა განსაზღვრო ქვეყნის დამოკიდებულება ნატოში ინტეგრაციის მიმართ, როდესაც ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის წინ ქვეყნის გენშტაბის უფროსს (მათ მთავარ მასპინძელს) აპატიმრებ, როგორც მალევე აღმოჩნდა, ყოველგვარი სამართლებრივი აუცილებლობის გარეშე.

სამწუხაროდ, ბევრი ამგვარი მაგალითის მოყვანა შეიძლება. თუმცა ჩვენი ამოცანაა არა უბრალოდ პრობლემების ჩამოთვლა, არამედ მათი ანალიზი, მათი მიზეზებისა და შედეგების განსაზღვრა, რაც, სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა, მათი გამოსწორების საწინდარი გახდეს.

დეკლარირებულად ხელისუფლების საგარეო კურსი პროდასავლურად რჩება, მეტიც, ხელმოწერილია ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, რაც კონკრეტულ შედეგზე მიუთითებს ამ მიმართულებით. თუმცა დღევანდელ საგარეო პოლიტიკას თან სდევს ორი სტრატეგიული ხარვეზი, რამაც შესაძლოა ამ დეკლარირებული კურსის კრახი გამოიწვიოს:

ილუზია, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია დასავლეთთან ინტეგრაციის პარალელურად და ამისათვის აუცილებელია არაფრის დიდებით არ გავაღიზიანოთ რუსეთი. აღნიშნული დებულება ქართული ოცნების პოლიტიკურმა გუნდმა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე განაცხადა. შეიძლება ითქვას, ეს მათ მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად განისაზღვრა. პრაქტიკულად, ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის ამოცანა, “დასავლური ინტეგრაციის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პარალელურად” თეზისმა ჩაანაცვლა, რაც, გარდა ამ ამოცანის არარეალისტურობისა, ორი განსხვავებული რამ არის.

ამ ამოცანების შეუთავსებლობა ზედაპირზე დევს და ბევრ კვლევას არ მოითხოვს. რუსეთს ოფიციალურ დოკუმენტებში აქვს დეკლარირებული ნატოში გაფართოება როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკური საფრთხე. ამის მიუღებლობაზე მუდმივად საუბრობენ ქვეყნის პირველი პირები. გავიხსენოთ მედვედევის 2011 წლის განცხადება, როდესაც იგი საქართველოში 2008 წელს შემოსულ 58 არმიის წარმომადგენლებს ესაუბრებოდა და ხაზგასმით განაცხადა – “რომ არა 2008 წლის ომი, ნატო უკვე ჩვენს საზღვრებთან იქნებოდა მოსული”. უკრაინის მოვლენებმა, კერძოდ, უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე რუსეთის სამხედრო რეაქციამ ის ილუზიაც გააქარწყლა, რომ რუსეთი მხოლოდ ნატოში ხედავს საფრთხეს და რეგიონში ევროკავშირის შემოსვლა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მუქარის განცხადებები ჟღერდა აგრეთვე მედვედევის ვრცელ ინტერვიუში რუსთავი2-თან, სადაც მან საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასთან მიმართებით შეგვახსენა, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე გაკეთდა რუსეთის ოფიციალური განცხადება, რომ მათი მხრიდან შემხვედრი ზომები იქნება მიღებული. დღეს, ფაქტობრივად, აღარავინ დაობს მსოფლიოში იმის შესახებ, რომ რუსეთის სტრატეგიულ ამოცანას საბჭოთა კავშირის მსგავსი წარმონაქმნის რეანიმირება წარმოადგენს და ამრიგად, მათთვის მიუღებელია ნებისმიერი პროცესი, რომელიც ე.წ. პოსტსაბჭოთა ქვეყნების მისი გავლენის სფეროდან გასვლას უზრუნველყოფს. შესაბამისად, საქართველოს დასავლური ინტეგრაცია ეწინააღმდეგება რუსეთის მთავარ სტრატეგიულ ამოცანას, რაც ამ ორი ამოცანის თანაარსებობას გამორიცხავს.

ამ ამოცანის ფონზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკამ კვლავ “ბალანსირების” პოლიტიკის ფორმა შეიძინა. სხვა ქვეყნების მაგალითებს რომ თავი დავანებოთ, “ბალანსირების” პოლიტიკის წარუმატებლობა თავად გვაქვს გამოცდილი 90-იან წლებში, როდესაც დასავლეთთან და რუსეთთან ბალანსირების მცდელობამ არც რუსეთთან მოგვიტანა რაიმე შედეგი და არც დასავლეთთან. დღეს, როდესაც რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება უმწვავეს ფაზაშია შესული და ბევრს “ცივი ომის” პერიოდს აგონებს, საქართველოს “ბალანსირების” პოლიტიკა საქართველოს, როგორც ორიენტაციისა და პოზიციის არმქონე ქვეყანად წარმოგვაჩენს. სწორედ ამ ორიენტირის არქონაზე მიუთითებს ხელისუფლების წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ქმედებები ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიც არის აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა, უკრაინა და ა.შ.

 “ბალანსირებისა” და რუსეთის “არგაღიზიანების” პოლიტიკის ყველაზე ნათელი მაგალითია უკრაინასთან მიმართებით საქართველოს პოზიცია, რომელიც მოკლედ შეიძლება დისტანცირებით დახასიათდეს. ეს პოლიტიკა, გარდა მორალური მიუღებლობისა, პრაგმატულად ნეგატიური შედეგების მომტანია. თავისთავად ვინმეს, მათ შორის რუსეთის, “გაღიზიანება” არ შეიძლება პოზიტიური ან სწორი მიდგომა იყოს. თუმცა მთავარი კითხვაა, რის ფასად ხდება ეს “არგაღიზიანება” და რისი მომტანია იგი. იმის ფონზე, რომ “არგაღიზიანება” რუსეთის სტრატეგიულ ამოცანას, დაგვაბრუნოს თავისი გავლენის სფეროს ქვეშ ვერ შეცვლის, დღეს უკვე შეიძლება კონკრეტულად ითქვას, რა უჯდება საქართველოს ეს პოლიტიკა. პირველ რიგში ეს არის საერთაშორისო ყურადღების მოდუნება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემებთან მიმართებით. არსობრივად რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსია თუ აღმოსავლეთ უკრაინაში ომი იდენტურია ჩვენს ქვეყანაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში რუსეთის ქმედებებისა. ამ ფონზე, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო (საერთაშორისო პრესა, მსოფლიოს წამყვანი ლიდერები, საერთაშორისო ბიუროკრატია) საუბრობს უკრაინაში რუსეთის ქმედებების მიუღებლობაზე, პრაქტიკულად გამქრალია მსოფლიო რიტორიკიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის თემატიკა. მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისა და აქტიური საგარეო პოლიტიკის პირობებში ყირიმისა და აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის თემატიკა რუსეთზე ზეწოლის რიტორიკის თანაბარი ნაწილები უნდა იყოს. გარდა განცხადებებისა, საქართველოს თემატიკა არ ფიგურირებს რუსეთის მიმართ კონკრეტული რეზოლუციებისა თუ სანქციების კონტექსტშიც. ამით საქართველო რუსეთზე ზეწოლის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმს კარგავს.

ეს ორმაგად საშიშია იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ უკვე არსებული პრობლემების მოგვარება (დეოკუპაცია, ეთნიკური წმენდა), არამედ მიმდინარე პრობლემებისა და მყისიერი საფრთხეების (მავთულხლართების გავლება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხე) ნეიტრალიზებაა. ა.წ. მაისში აფხაზეთში მომხდარი მოვლენები ორი ცენტრალური თემა – გალის მოსახლეობისათვის ე.წ. პასპორტების ჩამორთმევისა და აფხაზეთის რუსეთთან ასოცირების გეგმები – პრაქტიკულად შეუმჩნეველი რჩება მსოფლიოსთვის. სწორედ რუსეთის “არგაღიზიანების” პოლიტიკიდან გამომდინარე ამ თემაზე არ გაუმახვილებია ყურადღება პრემიერ-მინისტრს ისეთი მნიშვნელოვანი ვიზიტების დროს, როგორიც იყო ა.წ მაისსა და ივნისში ბერლინში ან ბრიუსელში ვიზიტები, სადაც საშუალება გვეძლეოდა, ამ საფრთხეებზე ყურადღება როგორც ოფიციალურ პირებთან, ასევე საერთაშორისო პრესაში გაგვემახვილებინა. როდესაც ამ პრობლემების პრევენციის ერთადერთი საშუალება საერთაშორისო ყურადღება და რუსეთზე საერთაშორისო დიპლომატიური და სამართლებრივი ზეწოლაა, ამაზე არსაუბარი დიდი და კონკრეტული ფასია, რომელსაც “არგაღიზიანების” პოლიტიკაში ვიხდით.

დღევანდელი ხელისუფლების მეორე ძირეულ პრობლემას, რომელიც ზიანს აყენებს ქვეყნის დასავლურ კურსს, წარმოადგენს შიდა- და გარეპოლიტიკური პროცესების გადაჯაჭვულობის გაუაზრებლობა. მეტიც, მზაობა ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს შეეწიროს მნიშვნელოვანი საგარეოპოლიტიკური ამოცანები.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება პირველად არჩევნების გზით შეიცვალა, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთხმად და რეგულარულად მიუთითებს ჩვენს მთავრობას, რომ დაუშვებელია პოლიტიკური ოპონენტების დევნა და შერჩევითი სამართალი. სხვადასხვა სიმწვავისა და ფორმატის განცხადებები ამის შესახებ მუდმივად კეთდება 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე. მსგავს განცხადებებს აკეთებენ როგორც ის ორგანიზაციები, რომლებში ინტეგრაციაც ჩვენს ამოცანას წარმოადგენს – ევროკავშირი, ნატო – აგრეთვე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობარი ქვეყნები – აშშ, შვედეთი, პოლონეთი, ლიტვა, ა.შ. ეს განცხადებები კეთდება როგორც ოფიციალურ დოკუმენტებში (მაგალითად, საქართველოს ევროპასთან ასოცირების დღის წესრიგი 2014-2016), ასევე ოფიციალური პირების განცხადებებსა და საერთაშორისო პრესაში. ამ განცხადებებთან მიმართებით მნიშვნელოვანია გვესმოდეს რამდენიმე ასპექტი: ა) ეს არის ორი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული საერთაშორისო აზრი და არა ცალკეული პოლიტიკოსების პოზიცია. ბ) ისინი არ საუბრობენ, რომ არ უნდა იყოს გამოძიებული რაიმე დანაშაული. ისინი საუბრობენ, რომ გამოძიება უნდა იყოს კანონის უზენაესობის დაცვით და არ უნდა ხდებოდეს ოპონენტებზე პოლიტიკური დევნის სახით. გ) ისინი იცავენ არა ცალკეულ ადამიანებს საქართველოში, არამედ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას.

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება ყურადღებით მოეკიდოს ცივილიზებული სამყაროს და ჩვენი უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ქვეყნების პოზიციას, ორი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ამ კრიტიკაზე რამდენიმე ტიპური რეაქცია, რომელიც მათთან დაპირისპირებასა და ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ დაპირისპირებას მოიცავს: ა) მათი პოზიცია ნაციონალური მოძრაობის ტყუილის შედეგია ბ) ისინი ერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში გ) მათი პოზიცია უმნიშვნელოა დ) ისინი პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან. ამის მაგალითია ბიძინა ივანიშვილის კომენტარი Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიაზე, სადაც მან Washington Post-ის სარედაქციო საბჭო მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ მუშაობაში დაადანაშაულა: “ეს მართლაც გასაოცარია და აუცილებლად გავარკვევ, როგორ მოახერხა სააკაშვილმა, რომ ასეთი სტატია გამოქვეყნებულიყო”. ასევე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე თედო ჯაფარიძის ღია წერილი, რაც უცხოელი პარტნიორების მიერ გამოხატულ შეშფოთებას მოჰყვა: “მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპიდან გამომდინარე, განხილვის პროცესში არსებული საქმის შინაარსის კომენტარებისგან თავს შევიკავებ. იმავე პრინციპის გამო, მსგავსი კომენტარებისგან ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმაც თავი უნდა შეიკავონ, იმ გამონაკლისის გარდა, როცა საკმარისი მტკიცებულება აქვთ სამართლიანი მართლმსაჯულების პრინციპის დარღვევის თაობაზე”.

გარდა იმისა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების განცხადებების უგულებელყოფა თავისთავად ზიანის მომტანია და წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსთან, იგი კონკრეტული საფრთხეების შემცველია ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანებისთვის. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს უსაფრთხოება დამოკიდებულია ამ ქვეყნების ჩართულობის ხარისხზე და მეტიც, ჩვენ ვიმყოფებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო გადაწყვეტილებების მოლოდინში (ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია, ნატოს სამიტი სექტემბერში) ეს აძლიერებს მოსაზრებას, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით არ იმსახურებს შემდგომ ეტაპებზე გადასვლას და ქმნის ნეგატიურ გარემოს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯების განხილვისას. ეს ვითარება კიდევ უფრო მძიმდება უკრაინის მაგალითით, სადაც დეკლარირებული იყო ევროპაში ინტეგრაცია, თუმცა ხდებოდა პოლიტიკური ოპონენტების დევნა და საბოლოო ჯამში კურსიდან გადახვევა. ამ მაგალითმა საქართველოსთან მიმართებით უკვე გაიჟღერა ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მხრიდან, როგორიც არის ფრიდომ ჰაუსის თავმჯდომარე დევიდ კრეიმერი: “ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა გაართულა ყოფილი პრეზიდენტისათვის წაყენებულმა დამატებითმა ბრალდებამ, რომელიც 2005 წლით მოვლენებს ეხება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ. იგულისხმება სხვადასხვა ბრალდების წაყენება იქამდე, სანამ სააკაშვილს ციხეში არ ჩასვამენ. სწორედ ეს წარმოშობს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ პროკურატურა სამართლებრივ პროცესს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს”. ასოცირების კურსიდან გადახვევის საფრთხეზე საუბრობდა ასევე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტი. საქართველოს გარშემო მსგავსი აზრის ჩამოყალიბება პირველ რიგში ჩვენი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ამოცანებს აზარალებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ გავაანალიზებთ საქართველოს მიმდინარე საგარეო პოლიტიკას, მისი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ შეგნებული თუ შეუგნებელი ქმედებების შედეგად ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეეწიროს ან რუსეთთან არაგონივრულ პოლიტიკას, ან მცდარ შიდავიწროპოლიტიკურ ამოცანებს.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის სექტემბრის ნომერში)

წინა სტატია

პერსონალური მონაცემების დაცვა
09 სექტემბერი, 2014

შემდეგი სტატია

SPAR-ის პირველი სამი მაღაზია თბილისში
10 სექტემბერი, 2014
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა