გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი

ძველ თბილისში, ე.წ. “იტალიური ეზოების” კვალდაკვალ ნინოშვილის რვა ნომერში ვხვდებით, სადაც საბჭოთა კავშირის დროინდელი ტექსტილის ქარხნისგან ფასადიღა შემორჩა უცვლელი. 2016 წელს, ძველი “ფაბრიკის” ახალი სიცოცხლის დაწყებასთან ერთად, მულტიფუნქციურ სივრცეში ბინა სხვადასხვა კონცეფციის მატარებელმა კომპანიამ დაიდო, რომელთა შორის ერთ-ერთი პირველი Impact Hub Tbilisi იყო. საერთო სამუშაო სივრცის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტ ქალაქს აერთიანებს, საქართველოში სულ 2 წელია, რაც გამოჩნდა და პოსტსაბჭოთა კედლებში მუშაობის ისეთი პრაქტიკა შემოიტანა, რომელიც ქვეყნისთვის აქამდე უცხო ხილი იყო.

ერთიანი, ნათელი და კომფორტული გარემო, სადაც შეგიძლიათ იმუშაოთ, ცოდნა მიიღოთ და საჭირო კონტაქტები დაამყაროთ – Impact Hub Tbilisi 300 კვ/მ-ზე გადაჭიმულ სივრცეში აერთიანებს განსხვავებული ასაკის, სქესის, კულტურის, ეროვნებისა თუ პროფესიის წარმომადგენლებს, რომელთაც საშუალება ეძლევათ, იმუშაონ ინდივიდუალურად ან გუნდთან ერთად, ჩაერთონ საინტერესო ღონისძიებებში, სასწავლო პროგრამებში, დისკუსიებსა თუ პრეზენტაციებში, აქტუალური და პრობლემატური საკითხების წინ წამოსაწევად.

მსგავსი Co-working სივრცის თბილისში გახსნის იდეა კი სამი ბავშვობის მეგობრის კერძო საუბრის დროს დაიბადა. ქეთი ებანოიძე და ელენე ჟვანია, რომლებიც პატარაობიდანვე ოცნებობდნენ ერთად მუშაობაზე, განსხვავებული პროფესიების არჩევის შემდეგ სხვადასხვა სფეროში მოხვდნენ. თუმცა წლების შემდეგ ბავშვობის სურვილის ახდენა რეალობად ექცათ, როდესაც Impact Hub-ის მესამე თანადამფუძნებელმა, გიორგი ახალკაცმა ლონდონში, მის სახლთან ახლოს არსებულ Impact Hub-ში შეიხედა და იდეა მეგობრებს გაუზიარა. “იმ პერიოდში, ქართულ ბაზარზე შედარებით ახალი იყო მსგავსი ტიპის ადგილი, სადაც ადამიანები, რომელთაც არა აქვთ რუტინულად განსაზღვრული სამუშაო საათები ოფისში, მუშაობენ დისტანციურად სახლიდან, ან თუნდაც კაფედან, შეძლებდნენ მოსვლას სივრცეში, 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს და იმუშავებდნენ, მიიღებდნენ ცოდნას და ამის პარალელურად საჭირო კონტაქტებს დაამყარებდნენ სხვა ადამიანებთან”, – ამბობს ქეთი ებანოიძე, Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელი.

განსხვავებული კონცეფცია და არასტანდარტული გარემო კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა პროექტზე მუშაობას, რომელიც მეგობრებმა რეკორდულ დროში, 7 თვეში ჩაატიეს. საჭირო იყო მხოლოდ დაფინანსება და სივრცე, რათა იდეა განეხორციელებინათ და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ევროპის ფონდიც, რომელიც დაინტერესდა კონცეფციით, იდეის ავტორებს საჭირო რესურსებით ამოუდგა მხარში და Impact Hub-ის თანადამფუძნებელი გახდა.

დაიწყო უძილო ღამეები: საჭირო იყო სივრცის სწორად შერჩევა, სადაც თბილისის ჰაბი განთავსდებოდა და მეგობრებმაც სწორად მაშინ აღმოაჩინეს, რომ იხსნებოდა “ფაბრიკა”. “დღეს და ღამეს ვასწორებდით იმისთვის, რომ, რემონტით დაწყებული, წევრების მოზიდვით დამთავრებული, ყველაფერი მოგვესწრო. ბავშვებთან ერთადაც კი მოვდიოდით შუაღამისას აქ, ყველაფრის გასაკონტროლებლად, რათა შეგვექმნა ოჯახური გარემო, სადაც ყველას შეეძლებოდა მუშაობა. დიდი შრომა ჩავდეთ მთელ ამ პროცესში და თან სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოვჩნდით”, – აღნიშნავს ელენე ჟვანია, Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელი.

და მართლაც, სულ მალე იდეა რეალობად იქცა და თბილისის ამ ძველ უბანში გაიხსნა ისეთი სივრცე, სადაც წევრებს სრული თვითმმართველობა აქვთ. რადგან იდეის ავტორებს ძალიან თავისუფალი და უშუალო გარემოს შექმნა სურდათ, სადაც ყველა შეძლებდა საკუთარი ადგილის პოვნას, ოფისიც ოჯახურ სტილში მოაწყვეს. უფასო ჩაი, ყავა, საერთო სასუსნავები, ღია სივრცე, სამუშაოს შესასრულებლად კომფორტული გარემო და, რაც მთავარია, სიჩუმე, სხვას რომ არ შეეშალოს ხელი.

ამასთან შექმნეს 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი, მოქნილი და მრავალფეროვანი საწევროს ტიპები, რაც სრულ თავისუფლებას აძლევს აბონემენტის მქონე პირს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში დაუბრკოლებლად მივიდეს როგორც თბილისის, ისე მსოფლიო მასშტაბით არსებულ ნებისმიერ ჰაბში და იმუშაოს. საწევროს გამოყენება შეუძლიათ როგორც ცალკეულ ადამიანებს, ასევე მცირე კომპანიებს, რომლებისთვისაც ოფისში სხვადასხვა ზომის ოთახია გამოყოფილი. ამის პარალელურად, Impact Hub Tbilisi თავის წევრებს პერიოდულად სთავაზობს

ვორკშოპებს, ლექციებს, შეხვედრებს მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე.

“საერთო სამუშაო სივრცის კონცეფცია მეტ-ნაკლებად უცხო იყო ქართველებისთვის, მაგალითად, ერთ-ერთმა ჩვენმა წევრმა ერთხელ გვითხრა – მამაჩემი მეუბნება, ვერ ვხვდები, დილით ადრე მიდიხარ სამუშაოდ, იღლები, გვიან მოდიხარ და ამაში კიდევ ფულს იხდიო? რაც არ არის გასაკვირი, რადგან ქართველებისთვის ჯერ კიდევ უცხოა ერთიან სივრცეში მუშაობა, თუმცა ეს ყველაფერი დროის ფაქტორია. ჩვენს სტატისტიკასაც რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ თუკი დასაწყისში წევრთა უმეტესობა უცხოელი იყო, ახლა 60%-მდე ქართველები ჭარბობენ”, – აღნიშნავს ქეთი.

ამავე დროს Impact Hub Tbilisi-მა წამოიწყო პროექტი, Social Impact Award-ი, რომელიც ჰაბისგან დამოუკიდებლად ხორციელდება. გზა იდეების გენერირებიდან ბიზნესგეგმამდე – ეს არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის, სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელსაც 25 ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში და ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს თავიანთი იდეების ხორცშესასხმელად. პროგრამა მოიცავს ვორკშოპებს, ფინალისტი გუნდების ორთვიან ინკუბაციასა და Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს.

“გასულ წელს ჩვენ განვახორციელეთ პროგრამა Social Impact Award-ი, სადაც გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი – Sign & Sound-ი, Braille Reader-ი და Book AR. სამივე იდეა იყო ძალიან საინტერესო და ეხმაურებდა აქტუალურ სოციალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს. წელს უკვე გვყავს ძალიან საინტერესო ფინალისტები. გარდა ამისა, Impact Hub-მა მოიპოვა Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტის ჩატარების ლიცენზია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 25 ქვეყნის გამარჯვებული გუნდები, რაც იმას ნიშნავს, რომ 200-მდე ახალგაზრდა ინოვატორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ნოემბერში საქართველოს ესტუმრება საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად”, – აღნიშნავს ელენე.

“წარმატების ფორმულა? მარტივია! თუ გუნდი შეკრულია, საერთო მიზნები და ხედვები აკავშირებთ და, რაც მთავარია, ერთიმეორის ენა ესმით, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია”...

მათ რომ უსმენ, ხვდები, რომ Impact Hub-ის ასეთი წარმატება არა მარტო იმ სწორად შერჩეულმა იდეამ, ადგილმა თუ დრომ განაპირობა, არამედ სწორად დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომელიც ყველანაირი სტერეოტიპის დასანგრევად არის მზად.

Impact Hub Tbilisi Co-working ქეთი ებანოიძე ელენე ჟვანია

წინა სტატია

ნავთი, ფული და როიალ ბატონი
28 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

Где чаще всего берут кредиты в Грузии
27 ივნისი, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა