როცა მთავარი ორთაბრძოლა მოგებულია... საკუთარ თავთან

47 წლის ასაკში თავს ისეთ ბიზნესმენად მიიჩნევს, რომელმაც საკუთარი თავი თავად შექმნა. მისი კომპანია ფარმაცევტულ ბაზარზე 90-იან წლებში შევიდა, როცა ბაზარი “ველური" იყო და ამ ხნის განმავლობაში ათეული მილიონის ინვესტიცია განახორციელა. GPC-ის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, დავით კილაძის აზრით, კომპანიამ არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულა ქვეყანის ფარმაცევტული ბაზრის ფორმირებაში, ხოლო მისი, როგორც ბიზნესმენის წარმატებას ყოველთვის ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებდა – მან ორთაბრძოლა მოუგო საკუთარ თავს და არასოდეს შეშინებია მომდევნო დღის.

კვირა საღამოს „შერატონის“ ჰოლი თითქმის ცარიელია და ჰოლში მაგიდასთან მომლოდინე რესპონდენტიც შორიდანვე შევნიშნე. მიუხედავად ხალხნაკლებობისა, ინტერვიუსთვის წყნარი ადგილი შევარჩიეთ და იქ გადავინაცვლეთ. გამოსასვლელ დღეებში ინტერვიუს ჩაწერა იმის გამო მოგვიხდა, რომ დავით კილაძე მომდევნო დღეს სინგაპურში მიემგზავრება. მოგზაურობა მისი ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი საქმიანობაა, თუმცა ამჯერად – „საქმეზე მიდის“. „მზად ვარ, მკითხეთ, რაც გნებავთო“, და საუბარიც მიმდინარე მოვლენებით დავიწყეთ – ჯანდაცვის სისტემაში დაბრუნებული რეცეპტის პრაქტიკით.

აღდგენილი ჯაჭვი

„მისასალმებელია, უდავოდ, რომ ფარმაცევტული ბაზარი ცივილურ სახეს იღებს. ეს დასაბამიდანვე ჩემი სურვილიც იყო და ოცნებაც. პირადად მე და ჩემმა კომპანიამაც ცოტა არ გავაკეთეთ იმისთვის, რომ ფარმაცევტული ბაზარი ასე ცივილურად განვითარებულიყო“, – ამბობს დავით კილაძე.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემის მთავარი მისიის – პაციენტის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს მედიკოსი და ფარმაცევტი ასრულებენ: ერთი – დიაგნოსტიკით, ხოლო მეორე – ამ დიაგნოსტიკის შესრულებით.

„აქამდე, იმის გამო, რომ რეცეპტი არ არსებობდა, ეს პროცესი თითქოს გაწყვეტილი იყო. კი ბატონო, იყო მიმართვიანობა ექიმთან, იყო თვითმკურნალობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი ჩვენთან – სამწუხაროდ, ისევ და ისევ იმის გამო, რომ ჯანდაცვის სისტემა გამართული არ იყო და იყო ფარმაცევტი, რომელიც თითქოს განყენებულად საქმიანობდა აფთიაქში. ახლა კი რეცეპტი ამ მნიშვნელოვან მოთამაშეებს აქცევს ერთი პასუხისმგებლობის ქვეშ და ეს პასუხისმგებლობა თანაბრად განაწილდება ექიმსა და პაციენტზე. აი, რას წარმოადგენს ინსტიტუციურად რეცეპტი“, – განმარტავს დავით კილაძე.

თუმცა აღიარებს, ყველა პროცესის იმპლემენტაციას თავისი „შუქ-ჩრდილები დასდევს“ და რომ რეცეპტის დანერგვის პირველ ეტაპზე მოსალოდნელია ფარმაცევტული ბაზრის მოთამაშეებს გაყიდვები შეუმცირდეთ, თუმცა თავისთავად რეცეპტის დანერგვის ფაქტორს ფარმაცევტული ბაზრის შემდგომი ზრდისთვის გარდაუვალ წინაპირობად მიიჩნევს.

„ჩვენს შემთხვევაში ამის პოზიტიური ეფექტი იმდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ დროებითი მოვლენა, რომელიც შეიძლება სულ რამდენიმე კვირას ან თვეს გაგრძელდეს, ჩემი აზრით, მხედველობაში მისაღებიც კი არ არის“, – დასძენს GPC-ის გენერალური დირექტორი.

დავით კილაძის აზრით, რეცეპტი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ე.წ. რეიმბერსმენტ (reimbursement) სისტემაში, ხოლო ფარმაკოეკონომიკის განვითარებასთან ერთად, შესაძლებელი გახდება მეტი პრევენცია, რადგან მეტი ვიზიტი ექიმთან აუცილებლად მოიტანს შედეგად მეტ პრევენციას.

GPC-ის აფთიაქებში უკვე წლებია ფუნქციონირებს „ექსპრეს-კლინიკები“, რომლებიც კომპანიამ ამერიკული CVS Pharmacy Store-ის, Minuteclinic-ის, მოდელით შექმნა და რომლებიც პირველადი ჯანდაცვის ერთეულებს წარმოადგენენ. დავით კილაძე ამბობს, რომ რეცეპტის დანერგვასთან ერთად „ექსპრეს-კლინიკები“ დამატებით როლს შეიძენს.

„ექსპრეს-კლინიკები“ პაციენტების პირველადი სორტირების მიზნით შეიქმნა. აქ არის ოჯახის ექიმები, რომლებიც მიმართულებას აძლევენ არაქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, აქ შესაძლებელია სისხლის ანალიზის აღება, წნევის გაზომვა და ა.შ. ამიტომ, ცხადია, რეცეპტების ინსტიტუტის დამკვიდრებასთან ერთად ისინი დამატებით ფუნქციასაც შეიძენენ, როცა პირველადი ვიზიტი ექიმთან შესაძლებელი იქნება მაგრამ არამც და არამც ღრმა დანიშნულების მიღების მიზნით“, – განმარტავს GPC-ის გენერალური დირექტორი და დასძენს, რომ კომპანიას ამ თვალსაზრისით სხვა რესურსიც გააჩნია. კერძოდ, პარტნიორებთან ერთად მან რამდენიმე წლის წინ ყოფილი მეხუთე სამშობიარო შეიძინა, რომელიც მულტიპროფილურ ჰოსპიტლად გარდაიქმნა და ამჟამად იქ ახალი სერვისების დანერგვა მიმდინარეობს.

დავით კილაძე სწორედ მეხუთე საავადმყოფოში გეგმავს კიდევ ერთი ახალი პროექტის განხორციელებას და ამით ქვეყანაში ნამდვილი ჰოსპიტალური ფარმაციის პრეცედენტის შექმნას, რომელიც აქამდე არ არსებობდა.

„ეს იქნება ისევე 100%-ით ჩვენთან ასოცირებული პროექტი, როგორიც ჯენერიკების შემთხვევაში იყო. ფარმაცია ჯანდაცვის სისტემის განუყოფელი ნაწილია და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენთან ის განყენებულია. ჯერ კიდევ გარიჟრაჟია, ხომ გესმით, კიდევ ბევრი რამ უნდა განვითარდეს“, – ამბობს დავით კილაძე.

ჯანდაცვის სისტემასა და მასში ფარმაციის როლზე ისეთი გატაცებით საუბრობს, რომ ვხვდები, თემა თუ არ შევცვალეთ, შესაძლოა, საათები გავიდეს. მისი პროფესიის გაგების შემდეგ, მისი ასეთი დამოკიდებულებაც გასაგები გახდა, პროფესიით პედიატრია, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ექიმობა მისი ოცნება არ ყოფილა: არც მეტი, არც ნაკლები – ფეხბურთელობაზე ოცნებობდა.

ფიზიკა-მათემატიკიდან დიდ მედიცინამდე

„თბილისის „დინამო“ მაშინ ზენიტში იყო, დავდიოდი კიდეც ფეხბურთზე, მაგრამ ზარმაცი ვიყავი. მახსოვს, პირველივე დღეს ვარჯიშისას მოედნისთვის წრის დარტყმის ნაცვლად, მოკლეზე გადავჭერი და წარსულში ერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა მამაჩემს უთხრა: დაანებეთ თავი, ამისგან ფეხბურთელი არ გამოვა, ზარმაციაო. ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც იმ კაცის ნათქვამი გამართლდა“, – ამ ისტორიას ახლა ხალისით იხსენებს, თუმცა დღემდე მიაჩნია, რომ ზარმაცია და საკუთარ შინაგან სიზარმაცეს მთელი ცხოვრება ებრძვის.

„არ მჯერა იმ ადამიანის, რომელიც იტყვის, რომ ზარმაცი არ არის. ჩემი რჩევა ყველასთვის ეს არის და ჩემს შვილებსაც სულ ამას ვეუბნები, რომ ადამიანს ყველაზე მთავარი ორთაბრძოლა საკუთარ თავთან აქვს. საკუთარ თავში პირველ რიგში სიზარმაცეს უნდა მოერიო, ეს არის აუცილებელი ფაქტორი, ყველა სხვა დანარჩენი ამის შედეგია. თუ საკუთარ თავს ერევი, თუ საკუთარი თავის მართვა შეგიძლია, აუცილებლად მოახერხებ სერიოზული საქმეების კეთებას“, – მიაჩნია დავით კილაძეს, რომელმაც საკუთარ თავზე უკვე გაიმარჯვა საკმაოდ დიდი ხნის წინ, როცა ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ სერიოზული საქმეების კეთება შეეძლო და 1995 წელს GPC დააარსა.

თუმცა მანამდე იყო სამედიცინო კარიერა. იმის გამო, რომ ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ჰქონდა დამთავრებული, ხოლო სამედიცინოზე მოხვედრა ერთი ნიშნით იყო შესაძლებელი, ოჯახის სურვილისამებრ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და მესამე კურსიდან ექიმის პროფესია პრაქტიკაშიც აითვისა. ნევროლოგია, ტოქსიკოლოგია, ბავშვთა კარდიოლოგია – საკუთარი თავი არაერთ მიმართულებაში მოსინჯა და ბოლოს კვალიფიკაციის ასამაღლებლად საფრანგეთშიც აღმოჩნდა, თუმცა სწორედ იქ მიხვდა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ექიმის კარიერას აღარ გააგრძელებდა. განსხვავება დიდი იყო, ექიმი იქ და აქ სხვადასხვა პიროვნება იყო, სხვადასხვა დონე ეკავა საზოგადოებაში, აქაური ექიმობის პერსპექტივა აღარ ხიბლავდა.

„მედიკოსი ვიყავი, სამედიცინო განათლება მქონდა და ვხვდებოდი, რომ ძალიან მძაფრი დეფიციტი იყო მედიკამენტების. სააფთიაქო ბაზები არ აღმოჩნდნენ მზად ამ პრობლემის მოსაგვარებლად და გადავწყვიტე, რომ ეს არის ის სფერო, რომელშიც მე ჩემი თავის რეალიზება შემიძლია“, – იხსენებს დავით კილაძე.

დღევანდელი გადასახედიდან ამბობს, რომ ძალიან რთულია დაიწყო რაღაც, რაც აქტუალურია იმ გარემოში, სადაც სრული ქაოსია.

„ჩვენ გვიშველა ძალიან მაღალმა პროფესიონალიზმმა და ძალიან კარგმა ცოდნამ იმისა, რასაც ვაკეთებდით; ძალიან კარგად გაცნობიერებამ იმისა, რომ უაღრესად დიდ პასუხისმგებლობას ვეჭიდებოდით და იმანაც, რომ ხვალინდელი დღის არ გვეშინოდა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ბიზნესგანათლება არ გვქონდა“, – ამბობს დავით კილაძე.

ბიზნესგანათლების არქონის მიუხედავად, როგორც ყველა მისი თაობის წარმომადგენელს, ბევრი რამ მასაც ცხოვრებამ ასწავლა. პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ შეიძინა ანტიბიოტიკი, რომელიც ქვეყანაში არ იშოვებოდა – სულ 50 ფლაკონი და პირველივე დღეს 46 გაყიდა.

„ეს ნიშნავდა იმას, რომ რაღაც ძალამ მწვანე შუქი მოგვცა ჩვენი საქმიანობის დასაწყისის პირველივე საათის განმავლობაში“, – ამბობს ბიზნესმენი.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, GPC მალე 20 წლის გახდება. დავით კილაძის თქმით, ამ ხნის განმავლობაში კომპანია ყველაფერში პიონერი იყო.

„სიახლეებში ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვუსწრებდით კონკურენტებს“, – ამბობს ბიზნესმენი და დასძენს, რომ ეს ყოველთვის ასე ხდებოდა მიუხედავად იმისა, რომ GPC ბაზარზე სიდიდით მესამეა.

„კი ბატონო, ჩვენი კომპანია არ არის ისეთ დიდი, როგორიც კონკურენტი კომპანიები. არ შეიძლება არ იცოდე შენი კონკურენტის ფასი, შეიძლება შენი პარტნიორის ფასი არ იცოდე და ეს კიდევ კომპენსირებადი იყოს, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდე შენი კონკურენტის ფასი და საღი თვალით უნდა შეაფასო, თუკი ის შენზე ძლიერია. ვაფასებ, ვაღიარებ, რომ ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან; უდავოდ ღირსეული ადამიანები არიან პირველ რიგში იმის გამო, რომ ყველა მათგანს საკუთარი ბიზნესი საკუთარი შრომით აქვს შექმნილი, აქვთ განვითარებული წარმოებაც. წარმატება მეტყველებს მათზე, რადგან წარმატებას აღწევს ის, ვინც მზად არის, მას მიაღწიოს. ჯერ შენ ხარ მზად წარმატებისთვის და მერე წარმატების მიღწევა არის უკვე ფაქტის კონსტატირება. თუ შენ წარმატებისათვის მზად არ ხარ, ვერასდროს ვერ მიაღწევ. საერთო ჯამში, აბსოლუტურად დარწმუნებულმა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კონკურენტულები ვიყავით, ვართ და ვიქნებით მომავალში ნებისმიერ კონკურენტულ გარემოში“, – დასძენს დავით კილაძე.

კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად ამჟამად კომპანია საწარმოს განვითარებაზე მუშაობს. დავით კილაძე ამბობს, რომ არსებობს ძალიან ნათელი ხედვა და ამისათვის კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, თუმცა მეტი ინფორმაციის გამჟღავნებისაგან თავს იკავებს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ეს იქნება მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე, აბსოლუტურად განსხვავებული საწარმო. იმდენად, რომ მომავალი ხუთი წლის თავზე მინიმუმ ათი ქვეყნის ბაზარზე, საკმაოდ სოლიდური პორტფელით იქნება წარმოდგენილი.

მოსაზრებას, რომ ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში ახალი მოთამაშეებისთვის დახურული ან მონოპოლისტურია, კატეგორიულად არ ეთანხმება. დავით კილაძის აზრით, ის ფაქტი, რომ ამ ბაზარზე ყოველთვის იყო რამდენიმე მსხვილი მოთამაშე, რაც დღეისთვის ხუთს უტოლდება, ამ მოცემულობას ეწინააღმდეგება.

„მეტი რაღა უნდა იყოს კონკურენცია და კონკურენტული გარემო ასეთ პატარა ქვეყანაში, სადაც სულ 22 რეგიონია?“ მიაჩნია GPC-ის გენერალურ დირექტორს.

„ჩემი კომპანიის მაგალითზე გეტყვით, რომ არასდროს არანაირი დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა მას არ ჰქონია. მე ჩემი თავი ჩემით შევქმენი ისეთი, როგორიც ვარ“, – ამბობს დავით კილაძე და დასძენს, რომ, მისი ინფორმაციით, მისმა კონკურენტებმაც ანალოგიურად მიაღწიეს წარმატებას.

მართალია, აღიარებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როდესაც მედიკამენტების იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხორციელდებოდა, საქართველოში ისინი სხვა ბაზრებთან შედარებით უფრო ძვირი ღირდა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ დღეს, მას შემდეგ, რაც პარალელური იმპორტი დაიწყო, საქართველოში მედიკამენტები ბევრად იაფია, ვიდრე სხვა, თუნდაც მეზობელ ქვეყნებში. მისი თქმით, ამისთვის ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაცია კვლევასაც კი ატარებს, რათა დადგინდეს, რა განსხვავებაა მედიკამენტების ფასებს შორის საქართველოსა და სხვა ქვეყნებში.

მინდა ნელ-ნელა საქმეზე საუბრიდან უფრო პერსონალურ საკითხებზე გადავიდეთ. ვეკითხები, რა მიზანი, აქვს, რომლისთვისაც ჯერ არ მიუღწევია, არც გამკვირვებია, რომ ისევ ფარმაცევტულ სფეროს დავუბრუნდით.

„ჩემი სურვილია, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებული ქვეყნის სამაგალითო მოქალაქეები. მზად ვარ, ამ სურვილის რეალობად გადასაქცევად ერთი პატარა აგური მეც მივიტანო იმ საქმით, რომელიც კარგად მესმის. რას ვგულისხმობ: როცა მოვიცავთ მთელ ქვეყანას, როცა ყველა რეგიონში, ყველა დასახლებულ პუნქტში, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, არ არის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების იმ დონეზე, რომ იქ ვიყოთ წარმოდგენილი, იქნება GPC-ის აფთიაქი, მაშინ ვიტყვი, რომ ქვეყანაში არის გარემო, რომლისთვისაც ყველამ ერთად ვიღვაწეთ. ერთი რამ არის მთავარი, შენ უნდა შექმნა გარემო შენ გარშემო. მაგალითად, ფარმაცევტული დარგის განვითარებამ ფარმაცევტის პროფესია მოთხოვნადი გახადა, ანუ მომავალი შეუქმნა ამ პროფესიას, ხომ?“ – ამბობს დავით კილაძე.

ვხედავ, რომ აშკარად რთულია ფარმაცევტული დარგის ორბიტიდან შედარებით მსუბუქ, უფრო პერსონალურ ორბიტაზე გადმოვიყვანო, ამიტომ მორიგი კითხვაა: ბევრს მუშაობთ?

იქ, სადაც ბიზნესი არ არის

...და პასუხი ისევ საქმეს ეხება: „არ შემიძლია, რაღაც არ ვაკეთო, მუდმივად დაკავებული უნდა ვიყო. ყველაზე ღირებული გაქვს დრო, ის ყოველთვის ლიმიტირებულია და შენ არ განაგებ. ამიტომ მისი გაფლანგვის უფლება არ გაქვს. იმდენად ხარ ღირებული, რამდენადაც სარგებელი მოგაქვს გარშემომყოფებისთვის და თუ სარგებელი მოგაქვს, მისი თანმდევი ფულადი შემოსავალიც უკვე შეგიძლია გადააქციო იმად, რაც გინდა – მანქანა იყიდო, სახლი...მაგრამ ჩემთვის ეს ღირებული არ არის, მე ძალიან მიყვარს მოგზაურობა“, – ამბობს დავით კილაძე და ვხვდები, რომ ეს ის არის, რასაც ველოდი – მისი მეორე სამყარო, სამყარო ფარმაცევტული ბაზრის მიღმა.

მოგზაურობა პირველ რიგში იმის გამო უყვარს, რომ ენების მიმართ ინტერესი აქვს. უკვე საუბრობს ფრანგულ, რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე, თუმცა ამაზე შეჩერებას, როგორც ჩანს, არ აპირებს.

„არც ერთ ქვეყანაში არასოდეს სტუმრად არ ვგრძნობ თავს“, – მეუბნება ჩემი რესპონდენტი და დასძენს, რომ ლათინური ამერიკა მისთვის განსაკუთრებით გამორჩეულია. უკვე მოიარა ბრაზილია, არგენტინა, კუბა, მექსიკა, მომავალი წლისთვის ჩილესა და ურუგვაიში გეგმავს მოგზაურობას. ლათინური ამერიკა პირველ რიგში იმიტომ უყვარს, რომ ესპანურ ენას იუმჯობესებს და ამასთან იქ განსხვავებული ატმოსფერო ხვდება – ადამიანებთან საერთო ენას ადვილად პოულობს. მიაჩნია, რომ კომუნიკაბელურობა მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

 ძირითადად ოჯახთან ერთად მოგზაურობს, თუმცა ხშირად მარტოც და თავს მარტო სულაც არ გრძნობს.

„ჩემი გოგო ხშირად ამბობს, რომ სადაც არ უნდა ჩავიდე, ვინმეს საურთიერთოდ მაინც ვპოულობ“, – ღიმილით ამბობს დავით კილაძე.

ორი შვილი ჰყავს: 20 წლის ვაჟი, რომელიც ბოსტონში სწავლობს ბიზნესის ადმინისტრირებას და 16 წლის ქალიშვილი, რომელიც საკუთარ მომავალ გეგმებს საფრანგეთს უკავშირებს.

„ძალიან ვცდილობ, მეგობრული ვიყო შემდგომ თაობასთან. ჩემს შვილებთან, ჩემი მეგობრების შვილებთან ყოველთვის განსაკუთრებულად ვცდილობ მეგობრობას. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, მუდმივად იყოს ახალგაზრდა ადამიანებთან ურთიერთობაში. ჩემი როგორც მენეჯერის, კომპანიის დირექტორის დამსახურებაა, რომ მინიმუმ შვიდი ადამიანი ჩემს კომპანიაში ჩამოყალიბდა მაღალი დონის მენეჯერად და მე ამაში პატარა წვლილი არ მიმიძღვის. ამით ძალიან ვამაყობ და ბედნიერი ვარ“, – ამბობს დავით კილაძე.

გარდა ამისა, ბედნიერია, როცა დილით სამსახურში მიეჩქარება, ხოლო საღამოს – სახლში. ფრაზას კოლეგას დაესესხა, თუმცა მნიშვნელოვანწილად ეთანხმება. მისი აზრით, ბედნიერებაა, როცა საკუთარი თავი გაქვს ნაპოვნი, მის რეალიზაციას ახდენ და გრძნობ, რომ ვიღაცას სჭირდები.

„შერატონის“ ეზოზე გამავალი ფანჯარა იუწყება, რომ გარეთ უკვე საკმაოდ ჩამობნელდა და ჩვენც ინტერვიუს დასრულების გადაწყვეტილებას ვიღებთ იმ პირობით, რომ უკანა გზაზე აუცილებლად მიმიყვანს მანქანით.

ბართან განთავსებულ პლაზმაზე თვალი მოჰკრა, რომ საფეხბურთო მატჩი დასრულდა, გაჩერდა და თვალის მიდევნება დაიწყო. მანქანამდე მისვლისას გაირკვა, რომ ბრაზილიის გულშემატკივარია და განსაკუთრებით კი ნეიმარის – მისი აზრით, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია.

ჩემდა გასაკვირად, ვერცხლისფერ „ტოიოტას“ ჯიპს თავად მართავს, თუმცა სამომავლოდ მძღოლის ყოლას ისევ გეგმავს. გზაში ისევ მოგზაურობასა და ტურიზმზე ვსაუბრობთ, უფრო მეტს – საქართველოში სამედიცინო ტურიზმის პოტენციალზე. მისი აზრით, საქართველოს ამის სრული პოტენციალი აქვს, ბენეფიტი კი ის იქნება, რომ ექიმი კიდევ უფრო მოთხოვნადი პროფესია გახდება. „ექიმის პროფესია ქართველ ადამიანთან გენეტიკურად ახლოსაა“, – მიიჩნევს დავით კილაძე და ამის დასტურად ის ფაქტი მოჰყავს, რომ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების წარჩინებულ ფენას ძირითადად სწორედ ექიმები შეადგენენ.

ამასობაში დანიშნულების ადგილსაც ვუახლოვდებით. დამშვიდობებამდე მირჩევს, აუცილებლად მოვინახულო კომოს ტბა იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, რომელმაც მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

წინა სტატია

გენური ინჟინერია
22 ოქტომბერი, 2014

შემდეგი სტატია

ხორხე პერესის $220-მილიონიანი ხელოვნების მუზეუმი
24 ოქტომბერი, 2014
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა