სოიას სოუსის მეცნიერი

სოიას სოუსის მეცნიერი

ძალზე ადრეული AI – 1974 წლის სადოქტორო დისერტაციისთვის ჩერნგმა შეიმუშავა კომპიუტერული პროგრამა, რომელიც იყენებდა გულმკერდის ციფრული რენტგენის სკანირების ალგორითმს თანდაყოლილი გულის დაავადების ნიშნების ამოსაცნობად. „ამ ტიპის ტექნოლოგიას ეწოდა ნიმუშის ამოცნობა, – ამბობს ის. ახლა კი ცნობილია, როგორც ხელოვნური ინტელექტი“.

პეგი ჩერნგმა PANDA EXPRESS-ი ჩინური საკვების McDonald’s-ად თავისი საინჟინრო გამოცდილებისა და დიდი მონაცემების გამოყენებით გაყიდვების ექსპონენტური ზრდით აქცია, რამაც ის ყველაფერთან ერთად მულტიმილიარდერი გახადა.

ლოს-ანჯელესის ივლისის ძლიერი სიცხე პეგი ჩერნგს ვერ აფერხებს. Panda Express-ის 75 წლის მილიარდერი თანადამფუძნებელი მისეირნობს გლუვ კვლევით შენობებსა და იაპონურ ძენის ბაღებს შორის, რომლებიც 100 ჰექტარ სივრცეს მოიცავს City of Hope-ის საავადმყოფოს კამპუსის სახით, სადაც ის აფინანსებს $100-მილიონიან პროგრამას აღმოსავლური და დასავლური მედიცინის პრაქტიკის შერწყმისთვის. „ეს ყველაფერი იმაზეა, თუ როგორ შეგვიძლია, დასავლეთში შემოვიტანოთ საუკეთესო, რაც კი აზიელ-ამერიკელებს გაგვაჩნია“, – ამბობს ის.

ჩერნგს ეს არ შეეშლება. 1960-იან წლებში ის ემიგრაციაში ჰონგ-კონგიდან წავიდა, 1970-იან წლებში მიიღო დოქტორის ხარისხი ელექტროინჟინერიაში, შემდეგ უმალ მიატოვა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პერსპექტიული კარიერა, რათა თავისი ე.წ. STEM-უნარები სრულიად განსხვავებულ ინდუსტრიაში, სწრაფ კვებაში, ამერიკული გემოებისთვის ჩინური სამზარეულოს სრულყოფილი ნაზავის შექმნისთვის გამოეყენებინა.

ოთხი ათწლეულის შემდეგ ის, რაც დაიწყო, როგორც ერთი რესტორანი სამხრეთ კალიფორნიის სავაჭრო ცენტრში, 2400-ფილიალიან გიგანტად გადაიქცა, რომელიც ყოველწლიურად ამზადებს $5 მილიარდზე მეტი ღირებულების ჩოუ მენს, პეკინურ საქონლის ხორცსა და ფორთოხლიან ქათამს ფუდ-კორტებში, აეროპორტის ტერმინალებსა და დრაივ-ინ-ფანჯრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამერიკელების უმეტესობა ჩინურ საჭმელს ორიდან ერთ-ერთი ადგილიდან იღებს: უბნის საოჯახო რესტორნიდან ან Panda Express-იდან, რომელმაც აზიური გასატანებელი კერძების ბაზრის 43% მოიპოვა და მის უახლოეს კონკურენტებთან შედარებით ათჯერ მეტი ადგილი აქვს, მათ შორისაა ჩამოსაჯდომი ქსელი P.F. Chang’s-ი და ჰიბაჩის გრილი Sarku Japan-ი.

მაგრამ Panda Express-ის საიდუმლო რეცეპტი ტკბილი და მჟავე არაა; ესაა ჩერნგის ტექნიკური უნარი და მეთოდური გონება. „რესტორნის ბიზნესში ბევრ ადამიანს საინჟინრო განათლება არა აქვს, – ამბობს ის. – მე კი ამ უპირატესობით ვსარგებლობ“.

ჩერნგი სტრუქტურებითა და სისტემებით აზროვნებს: როგორ დაალაგოს მონაცემები უკეთესად, როგორ შეიმუშაოს მასშტაბური მენიუ, როგორ მოამზადოს ახალი პერსონალი ყველაზე ეფექტიანად და მისი ეს თვისება ფასდაუდებელია აღმოჩნდა. მან არა მხოლოდ ზუსტად მოირგო გაყიდვები და ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფა, რამაც ხელი შეუწყო Panda Express-ის ზრდას, არამედ ინჟინრის დისციპლინა მისი ფართომასშტაბიანი ოპერაციების სტანდარტიზაციისთვის გამოიყენა და დანერგა მკაცრი მენეჯმენტის კურიკულუმი, რათა “პანდას” 50,000 თანამშრომელი სისტემატიურად აზროვნებაშიც მოემზადებინა.

Panda Express-მა ჩერნგი გაამდიდრა. $3.1 მილიარდის ღირებულებით, ის ერთ-ერთია თორმეტი თვითნაბადი ქალიდან, და ერთ-ერთი – აზიაში დაბადებული ორი ქალიდან Forbes 400-ის რეიტინგში. მისი ქმარი, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ენდრიუ ჩერნგი, 76 წლის, დამატებით $3.1 მილიარდი ღირს. ორივე მათგანი ფლობს კალიფორნიის შტატში დაფუძნებული კერძო კომპანია Rosemead-ის 100%-ს, მაგრამ მზად არიან სიმდიდრის გაზიარებისთვის. Panda-ს სრულ განაკვეთზე მომუშავე გენერალური მენეჯერების თითქმის ნახევარმა შარშან $100,000-ზე მეტი გამოიმუშავა, კომპანიის თქმით, ერთმა მათგანმა კი – $277,000.

პეგი დაიბადა ბირმაში 1947 წელს, მაგრამ ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა ჟანგჯოუსა და ჰონგ-კონგში. მათემატიკის გამორჩეული ნიჭით, ის შეერთებულ შტატებში, კანზასის პატარა სკოლაში, Baker University-ში მიიღეს, სადაც რამდენიმე აზიელი სტუდენტი სწავლობდა. იქ მან გაიცნო ენდრიუ და ისინი ერთად დარჩნენ მაშინაც კი, როცა პეგი Oregon State-ში სტიპენდიით გადავიდა, ენდრიუ კი საბოლოოდ გადაბარგდა ლოს-ანჯელესში, რათა ბიძაშვილს ჩინური რესტორნის მართვაში დახმარებოდა. პეგიმ, რომელიც ოცნებობდა, გამომგონებელი გამხდარიყო, კომპიუტერულ მეცნიერებაში – მაგისტრის, ხოლო 1974 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო University of Missouri-სგან.

იმის ნაცვლად, რომ გამხდარიყო პროფესორი ან გამომგონებელი, იგი სამუშაოდ წავიდა McDonnell Douglas-ში, სადაც ასრულებდა სისტემის დიზაინს და ეხმარებოდა საზღვაო ძალებისთვის ბრძოლის ველის სიმულატორების განვითარებას. ამას მოჰყვა სამუშაო სახისა და ხმის ამოცნობის ადრეულ პროექტებზე პასადენაში დაფუძნებულ Comtal-ში, რომელიც მოგვიანებით შეიძინა 3M-მა. ღამე და შაბათკვირას ის დიასახლისობდა Panda Inn-ში, პასადენის პატარა რესტორანში, რომელიც ენდრიუმ მამასთან ერთად 1973 წელს გახსნა, მეგობრების, ოჯახის წევრებისა და SBA-ის სესხის $60,000-ის გამოყენებით.

გარდამტეხი მომენტი იყო ახალი, 1982 წლის დამდეგი. მეორე დღეს UCLA ეთამაშებოდა „მიჩიგანს“ Rose Bowl-ში და დიდი თამაშის წინ Bruins-ის ლეგენდარული საფეხბურთო მწვრთნელის, ტერი დონაჰიუს ოჯახი აქ სადილისთვის გაჩერდა. „ჩვენ უბრალოდ აღფრთოვანებული დავრჩით“, – იხსენებს ტერის ძმა, პეტ დონაჰიუ. ოჯახი ახლომდებარე გლენდეილში სავაჭრო ცენტრს აშენებდა და ჩერნგებს იქ რესტორნის გახსნა შესთავაზეს. პეგი მზად იყო. ინჟინრის სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად სამი ქალიშვილის აღზრდით გადაღლილმა, მან სამსახური დატოვა. ჩერნგმა გარისკა, იმავე წლის ბოლოს გახსნა პირველი Panda Express-ი და Panda Inn-ის კერძების სწრაფ, სადახლო მომსახურების ფორმატში გაყიდვა დაიწყო. მის კართან რიგები დადგა.

„მათ შესანიშნავი რესტორანი ჰქონდათ, – ამბობს დონაჰიუ. – ჩვენ არ ვიცოდით, რომ მათ ასევე ჰქონდათ ჩინური საკვების McDonald’s-ის მსოფლიო კლასის მოდელიც“.

ჩერნგი მოძრაობდა რეი კროკის სიჩქარით, 1980-იანი წლების სავაჭრო ცენტრების ტალღაზე. მან გახსნა ფილიალები ახალ სავაჭრო ცენტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შორს იყო ეს მათი მიწოდების ჯაჭვისგან. MBA-ის ხარისხის მფლობელი ასე არ მოიქცეოდა. „Harvard-ის ბიზნესსკოლის მიდგომა იქნება იმის შემოწმება, შეძლებდით თუ არა გადასვლას ერთი რეგიონიდან მეორეში – ყველგან მაღაზიების აშენების ნაცვლად“, – ამბობს შონ დანლოპი, Morningstar-ის კაპიტალის ანალიტიკოსი.

მაგრამ ჩერნგებმა გამოიყენეს Ph.D.-მიდგომა. კომპიუტერიზებული სალარო აპარატები (ცნობილი, როგორც გაყიდვების წერტილების სისტემები) ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული დიდ სავაჭრო ქსელებში, თუმცა ჩერნგები მათ Panda Inn-ში 1975 წლიდან იყენებდნენ. არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ, რაც IBM-მა შემოიტანა პირველი ციფრული POS-სისტემა, პეგიმ ის თავისთანაც დანერგა, რაც მას საშუალებას აძლევდა, თვალყური ედევნებინა ყოველდღიური გაყიდვებისთვის და გაეანალიზებინა, მაგალითად, გაყიდვებში ძროხის ხორცი ჭარბობდა თუ ღორის, მაშინ როცა სულ რამდენიმე დამოუკიდებელ რესტორატორს ესმოდა ტექნოლოგია, რომ აღარაფერი ვთქვათ მის საჭიროებაზე.

როდესაც მენეჯერებს კომპიუტერთან მუშაობა უჭირდათ, ის ასწავლიდა მათ. როდესაც ქსელის ზოგიერთი შეფ-მზარეული ამზადებდა ჩოუ მენს მსუბუქი სოუსით, სხვები კი დაჟინებით მოითხოვდნენ მუქ სოუსს, მან ყველა მათგანი შეკრიბა Panda Express-ის სათავო ოფისის საკონფერენციო დარბაზში და აიძულებდა კამათს მანამ, ვიდრე თითოეული კერძის რეცეპტზე შეთანხმდებოდნენ.

1991 წლისთვის Panda Express-ი გაიზარდა 18 მაღაზიამდე. მაგრამ, როგორც ფუდ კორტის მთავარი ფიგურა, უკვე ბრწყინვალებას კარგავდა. „ეს მიმზიდველი ბაზარია, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი ბრენდის შექმნა, – ამბობს ჩერნგი. – ხალხი გიყურებს, როგორც ჩინურ ადგილს“.

ჩერნგებმა აიღეს თავიანთი სავაჭრო ცენტრის მოგება და საკუთარი ცალკე მდგომი მაღაზიების შენება დაიწყეს. დღეს სავაჭრო ცენტრებზე აშშ-ის 2400 რესტორნიდან მოდის მხოლოდ 156, და მთლიანი გაყიდვების 5%.

პროცესში ისინი თავის თავს აფინანსებდნენ, უარს ამბობდნენ გარე სახსრებზე, რაც უმსხვილესი ქსელების საჯარო აქციონერების ან კერძო კაპიტალის მფლობელების წინაშე ანგარიშვალდებულებს ხდის. მათ ასევე წინააღმდეგობა გაუწიეს თავიანთი მაღაზიების ფრენჩაიზებას, რაც Subway-სა და Dunkin’ Donuts-ის მსგავს გიგანტებს ბუშტებივით ზრდაში დაეხმარა. რაც ნიშნავს გაყიდვების მინიმუმ 4%-ის გარანტირებულ როიალტიზე უარის თქმას – $200 მილიონზე მეტ რისკისა და ხარჯებისგან თითქმის თავისუფალ წლიურ შემოსავალზე – ნაცვლად იმისა, რომ ფსონი დაედოთ მათი რესტორნების ოპერირების უნარზე. „ჩვენ შეგვიძლია მათი უკეთ ამუშავება“, – დარწმუნებით ამბობს ენდრიუ ჩერნგი. Panda-ს აშშ-ის ლოკაციებიდან მხოლოდ 165, ანუ დაახლოებით 7% არის ფრენჩაიზი, თითქმის ყველა მათგანი აეროპორტებში, უნივერსიტეტებსა და სამხედრო ბაზებშია, სადაც ჩერნგებს სხვადასხვა წესით ეკრძალებათ მათი დამოუკიდებლად ფლობა.

ეს მოგებიანი სტრატეგიაა, სანამ მომხმარებელი საკმარისადაა. და ასეც არის. Panda Express-მა შარშან თითო მაღაზიაზე თითქმის $2.4 მილიონის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც მე-12 ადგილზეა აშშ-ის 50 საუკეთესო რესტორნების ქსელში (იხ. „Fast Cash“, გვერდი 49). გასული ათწლეულის განმავლობაში Panda-მ 800 ახალი მაღაზია დაამატა, რითაც გაყიდვებით $5 მილიარდს გადააჭარბა, 2014 წლის $2.2 მილიარდიდან. მიზანია ამერიკაში წელიწადში დაახლოებით 100 ახალი რესტორნის გახსნა და 2028 წლისთვის შემოსავლის $10 მილიარდამდე გაორმაგება.

„Panda Express-ი დიდი გამონაკლისია აზიურ სწრაფ კვებაში, – ამბობს კევინ შიმპფი, კვების სერვისების საკონსულტაციო ფირმის, Technomic-ის ინდუსტრიის კვლევის დირექტორი. – ისინი ქვეყნის მასშტაბის ერთადერთი მოთამაშეები არიან“.

რა თქმა უნდა, Panda Expresses-ის რაოდენობაზე, რომლის ათვისებაც ამერიკას შეუძლია, ზღვარი არსებობს. ამან ჩერნგებს უბიძგა საზღვარგარეთ 105 მაღაზიის გახსნისკენ, სადაც მათ გარკვეული კონტროლი დაამყარეს და დაუშვეს ფრენჩაიზინგიც ისეთ ადგილებში, სადაც მიწოდების ქსელები და ადგილობრივი ბაზრები ადგილობრივი ოპერატორის გარეშე ნავიგაციისთვის ძალიან მკაცრია. ზრდის მიზნით, მათ ასევე დაიწყეს სხვა ქსელების ფრენჩაიზის გაშვებაც. „ეს უნიკალურია, – ამბობს ჯოშუა ლონგი, რომელიც აშუქებს რესტორნებს საინვესტიციო ბანკ Stephens-ისთვის, – მაგრამ ეს საკმაოდ ჭკვიანურიცაა. ეს გეხმარებათ ზრდისთვის ახალი გზების მოძიებაში“. მათი მშობელი კომპანია Panda Restaurant Group-ი მართავს 12 Uncle Tetsu-ს რესტორანს კალიფორნიაში, ამ იაპონური ჩიზქეიქის კომპანიის ერთადერთი ფრენჩაიზის სახით. ჩერნგები ასევე მართავენ Raising Cane-ის შემწვარი ქათმის 13-ვე კაფეს ალასკაში, ჰავაისა და გუამზე.

„შესაძლებლობები ჯერ კიდევ დიდია, – ამბობს ჩერნგი. – ჩვენ უფრო მეტ ზრდას ვგეგმავთ მომდევნო 50 წლის განმავლობაში, ვიდრე გასულ 50-ში გვქონია“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *