ვენჩურული კაპიტალი. ინვესტირებადი ტრენდები

$ 3,2 მილიარდით Dallas Cowboys-ი ეროვნული საფეხბურთო ლიგის ყველაზე ძვირფას ფრანჩიზას წარმოადგენს, – აცხადებს Forbes-ი. ეს Cowboys-თვის ზედიზედ მერვე გამარჯვებაა. მილოცვები მის მფლობელს, ჯერი ჯონსს. სწორი იქნება, თუ ვიტყვით, ნაწილობრივი მილოცვები.

Forbes-ის მიერ Cowboys-ის ლიდერად გამოცხადებიდან ერთ კვირაში, Sporting News-მა ჯონსს ეროვნული საფეხბურთო ფედერაციის 32 გენერალურ მენეჯერს შორის ყველაზე ცუდი რეიტინგი მიანიჭა: „მიმდინარე კატასტროფა, რომელმაც ამერიკის ყველაზე ღირებული ფრანჩიზა საშუალო დონის გუნდად აქცია“.

როგორც მფლობელს, ჯონსს, Cowboys-ის გენერალურ მენეჯერად ყოფნის ყველანაირი უფლება აქვს, მაგრამ ეს მიდგომა უკვე 18 წელია, ქმედითი აღარაა. ეს ძალიან საწყენია, როგორც დალასის ფანების, ისე თვით ჯონსისთვისაც; ჯონსმა Cowboys-ი 1989 წელს შეიძინა და გუნდის მთავარ მწვრთნელად ჯიმი ჯონსონი დანიშნა, მისი ყოფილი თანაგუნდელი არკანზასის უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდიდან. ჯონსონმა Cowboys-ი, 1993–1994 წლებში, 1-15 შედეგიდან სუპერთასის ორ მოგებამდე მიიყვანა. ამ მომენტში ჯონსი იმით გაღიზიანდა, რომ ჯონსონი მიღებული შედეგებისთვის ზედმეტ კრედიტებს იღებდა; მან პრესას განუცხადა, რომ Cowboys-თან ერთად სუპერთასის მოგება ნებისმიერ მწვრთნელს შეეძლო. შემდეგ ჯონსმა ჯონსონი სამსახურიდან გაათავისუფლა და საკუთარი თავი გუნდის გენერალურ მენეჯერად გამოაცხადა.

1996 წელს, ბარი სვიცერის მწვრთნელობის პერიოდში მოგებული სუპერთასის შემდეგ, Cowboys-მა საშუალო დონის თამაში დაიწყო და კვლავ ამ მდგომარეობაშია.

ჯონსის მსგავსად, რამდენ მეწარმეს, მფლობელს ან აღმასრულებელ დირექტორს შეუჩერებია არჩევანი საკუთარ ეგოზე პოტენციური სიდიადის ნაცვლად? სია, სამწუხაროდ, ძალიან გრძელია. ალბათ გაგახსენდებათ Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი. დასაწყისში ჯობსი იმდენად იყო შეპყრობილი თავისი ეგოთი, რომ სხვების გამოგონებებს თავის თავზე იწერდა. მან ჯონ სკალი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაიქირავა და მაშინვე მისთვის ძირის გამოთხრა დაიწყო.

მაგრამ მოგვიანებით სტივ ჯობსმა გასაოცარი და იშვიათი რამ გააკეთა: მან თავისი ფატალური ნაკლის დაძლევა შეძლო. იგი 1970–1980-იან წლებში მოუმწიფებელი ეგომანიაკისგან საუკეთესო გუნდის ხელმძღვანელად გარდაიქმნა და ეს სიკვდილამდე, 2011 წლამდე შეინარჩუნა. რამ გამოიწვია ამგვარი ტრანსფორმაცია? Apple-ის მიერ 1985 წელს პოზიციების დაკარგვამ? მისი შვილობილი კომპანიის, NeXT-ის პრობლემებმა? მის მიერ Pixar-ის შეძენამ, სადაც მან ნაკლები ჩარევის მენეჯმენტის სტილი ისწავლა? ქორწინებამ და ბავშვებმა? (ყველა თვალსაზრისით, ჯობსი ერთგული ქმარი და მამა იყო). რასაც არ უნდა მიეყვანა ჯობსი თავისი ეგოს გრძელვადიანი დიდების დათმობამდე, შედეგი აშკარად დადგა.

როგორ მიაღწია STARBUCKS-მა დღევანდელ მასშტაბებს

Starbucks-ის ჰოვარდ შულცს იმავეს გაკეთება მოუხდა. 1980-იანი წლების ბოლოს Starbucks-ი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. შულცი მთელი აშშ-ის მასშტაბით ფრანჩიზის გაფართოებას მაქსიმალურად მოკლე დროში ცდილობდა, მაგრამ რაღაც მომენტში, რამდენიმე ათეული მაღაზიის გახსნის შემდეგ, ბიზნესმოდელმა მსხვრევა დაიწყო. მოდიოდა ანგარიშები იმის შესახებ, რომ კლიენტთა მომსახურების ხარისხი – აუცილებელი ინგრედიენტი, რომელიც ყავაზე მნიშვნელოვანიც კია – უარესდებოდა.

შესაძლოა, Starbucks-ის კრიტიკოსები მართლები იყვნენ. მაშინ, როგორც ახლა, ძალიან რთული იყო საკულტო ბრენდის მიერ ნაციონალური მასშტაბების მიღწევა, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო, გლობალურ მასშტაბებზე. არამატერიალური ფაქტორები, კლიენტთა ჯადოსნური მომსახურების ჩათვლით, ზომისა და მასშტაბების მოთხოვნებს ყოველთვის ვერ პასუხობს.

გარღვევა იქნა მიღწეული მაშინ, როდესაც შულცმა აღიარა, რომ კლიენტთა მომსახურება ხელოვნებაა, რომლის არსსაც იგი თავად ვერ წვდებოდა. კარგი მომსახურების კომპანიის შექმნა საჭიროებს ღრმა ემპათიას თანამშრომლების მიმართ და თანამშრომელთა შორის კულტურის დანერგვას, რისი უნარიც შულცს არ გააჩნია. იგი არის ადამიანთა ტიპი A-ა–ს წარმომადგენელი, ჰიპერკონკურენტული, ღარიბი ბავშვი, რომელიც კოლეჯში სპორტის განხრით მიღებული დაფინანსებით მოხვდა; ადამიანი, რომელიც წარმატებას აღწევს ყველაფერში, რასაც კი ხელს მოკიდებს. ასეთ ადამიანებს თითქმის არასდროს გააჩნიათ ფაქიზი, ემპათიური ხასიათი.

სწორედ ამიტომ 1989 წელს შულცმა გაბედული ნაბიჯი გადადგა. მან გვერდზე გადადო თავისი ეგო და გარე პირი დაიქირავა – მისი საპირისპირო ტემპერამენტის მქონე ადამიანი – თანამშრომელთა მორალის ასამაღლებლად და Starbucks-ში კლიენტთა მომსახურების ახალი მოდელის შესაქმნელად. უცნაური დამთხვევის წყალობით, გარე პირის სახელიც ჰოვარდი აღმოჩნდა: ჰოვარდ ბეჰარი.

„ჩვენ ისეთი განსხვავებულები ვიყავით, რომ ეს სასაცილოც კი იყო, – იხსენებს ბეჰარი, – ჩვენ სხვადასხვანაირი გარეგნობა გვაქვს. ის მაღალია, ათლეტური აღნაგობის, ქორის გარეგნობის. მე დაბალი და მრგვალი ვარ. სამყაროსაც სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ. ჯოჯოხეთი! ჩვენ ვკამათობდით და ვჩხუბობდით სამი წლის განმავლობაში იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო თანამშრომელთა კულტურის შექმნა Starbucks-ისთვის, რომ მას ნაციონალური და გლობალური მასშტაბებისთვის მიეღწია. შულცისთვის კულტურა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არა მთავარი. ჩემთვის კი კულტურაში იყო მთელი ბიზნესის არსი“.

ჰოვარდ-ჰოვარდის ურთიერთობას რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე დასაწყისი ჰქონდა. მაგრამ ორივე მთავარმა გმირმა ეს ურთიერთობა შეინარჩუნა. ჰოვარდ ბეჰარი 1995 წელს Starbucks International-ის პრეზიდენტი გახდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ამ პოზიციაზე ჰოვარდ შულცის კომპანიაში მუშაობდა. შემდეგ ორწლიანი შესვენება აიღო. კომპანიაში დაბრუნდა როგორც Starbucks North America-ს პრეზიდენტი, ამ პოზიციაზე იგი პენსიაში გასვლამდე, 2003 წლამდე მუშაობდა.

საოცრებები შეიძლება მოხდეს, როდესაც ეგოებს გვერდზე გადავდებთ.

წინა სტატია

"არქი ჯგუფმა" თბილისში გამწვანება-დასუფთავების აქცია გამართა
24 ნოემბერი, 2014

შემდეგი სტატია

სიდნი კროსბი - NHL-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშე
26 ნოემბერი, 2014
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა