Deehubs. საქართველოში ჩასახული სოცქსელის “ვარსკვლავური ომები”

რა არის ამერიკული ოცნება? “ვიკიპედია” გვეტყვის: “ამერიკული ოცნება აშშ- ის ეროვნული ეთოსია; იდეალები, რომელთა შორის თავისუფლება წარმატების, კეთილდღეობისა და აღმავალი სოციალური მობილობის შესაძლებლობას მოიცავს”; ვიღაც, ვინც ფიქრობს, რომ რომანტიკასთან ენციკლოპედიას არაფერი ესაქმება, უფრო ლაკონიურ და ელეგანტურ განსაზღვრებას შემოგთავაზებთ: “არაფრიდან ყველაფრამდე რაღაცის ფასად”; სხვა სარკასტულად მოგვიგებს: “American Dream” სწორედ იმიტომაა “Dream”, რომ იგი მხოლოდ ძილში შეგიძლიათ შეიგრძნოთო. თუმცა ერთ რამეზე ყველა შეთანხმდება: ამერიკული ოცნება ჰოლივუდს ჰგავს. ის აღარაა ექსკლუზიურად ამერიკული ფანტაზმების მწარმოებელი მანქანა. “ამერიკული ოცნება” მთელი მსოფლიოს აუდიტორიას, მათ შორის პოსტკომუნისტური ქვეყნების მკვიდრთაც ისევე აჯადოებს, როგორც აშშ-ის დამფუძნებელ მამებს - “დამოუკიდებლობის დეკლარაციის” წერისას. მან Forbes Georgia-ს სტატიის რომანტიკოს გმირებსაც უბიძგა, ებრძოლათ რევოლუციისათვის, მინიმუმ – საკუთარ თავთან, და რაც მთავარია, გაემარჯვათ.

ალბათ გაინტერესებთ, ვინ არის Forbes Georgia-ს გარეკანზე გამოსახული ორი ახალგაზრდა. წლების განმავლობაში ერთგვარ ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა, ეს საპატიო გვერდი თქვენთვის კარგად ნაცნობი პერსონებისა და მოვლენებისთვის დაგვეთმო, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული და გარდაუვალობასთან ბრძოლას, ჯობია, იმისთვის გავისარჯოთ, რომ დასასრული ბედნიერი იყოს. დასასრული კი, მოგეხსენებათ, მხოლოდ მაშინაა ბედნიერი, როდესაც იგი სიცოცხლის მთავარ კანონზომიერებას აგრძელებს – ახალ დასაწყისად გვევლინება.

ვინაიდან “ბედნიერი დასასრულისკენ” მიმყავხართ, ვფიქრობ, მომიტევებთ ამ მცირე “სასპენსს”. უბრალოდ, იძულებული ვარ ჰოლივუდის მოქმედებათა სქემა დავიცვა – პირველ აქტში ჯერ დრამატული პრეამბულა მოვხაზო, შემდეგ პერსონაჟები შემოვიყვანო თავიანთი მიზნებითა და სურვილებით. მეორე აქტი კონფრონტაციისთვისაა – მთავარი გმირები შეეჩეხებიან დაბრკოლებებს საკუთარი სურვილების ასრულების გზაზე. სადაცაა ვიფიქრებთ, რომ დაბრკოლებები გადაულახავია, მაგრამ მესამე აქტი სულზე მოგვისწრებს: სიუჟეტის შემობრუნების, გადაწყვეტის (და არა დასასრულის) დრო დადგება. არა მგონია, ამ წესების იგნორირება ღირდეს. ბოლოს და ბოლოს, ჰოლივუდზე უკეთ ვინ იცის ამბის კარგად მოთხრობის სტრუქტურა და თანაც, ღმერთო ჩემო, როგორ ჰგავს ჩვენი მთავარი გმირების წარმატების ისტორია ჰოლივუდურ ფიქციას!

მაშ, ვინ არიან ისინი? შევთანხმდით, რომ დეტალები ოდნავ გადავდოთ, მთავარს გეტყვით – ისინი ღირსეული “ახალი დასაწყისები” არიან, არა მხოლოდ Forbes Georgia-სთვის, არამედ ზოგადად – Georgia-სთვის. ბაქარ მარუაშვილისა და გიორგი გურგენიძის კომპანია – Deehubs-ი – საქართველოში ჩასახული პირველი სოციალური პლატფორმაა, რომლის წარმატება და ინოვაციურობა პოლიტიკური და გეოგრაფიული საზღვრებით არ არის შემოფარგლული. Deehubs-ი გლობალური სიახლეა: სოციალური ქსელი, რომელიც ვირტუალურ და ფიზიკურ სამყაროებს ბილბორდებისა და პროექტორების საშუალებით აკავშირებს. ის deehubs.com-ზე უფასოდ დარეგისტრირებულ ათიათასობით მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის გიგანტური ეკრანები საკუთარ არენად აქციონ და ნაცვლად ვირტუალურისა, ნამდვილ კედლებზე პოსტონ.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ გაზაფხულის მეორე თვის გარეკანზე პირველი მერცხლები არიან: მილიონებად შეფასებული სოციალური ქსელის პირველი ქართველი შემქმნელები; ანტრეპრენიორები, რომლებმაც გაუკვალავისკენ აიღეს გეზი; მეოცნებეები, რომლებმაც უკვე არსებულ გზაზე დადგომას ის არჩიეს, რომ გზა მათ ფეხქვეშ გაჩენილიყო – არა უბრალოდ შთაგონებულები, არამედ შთამაგონებლებიც; ქართველები, რომლებმაც ამერიკული ოცნება აიხდინეს. გაინტერესებთ – როგორ? ასე:

მოქმედება I: ახალი იმედი

Start Up Beat-ის მიერ ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ სტარტაპად დასახელებული კომპანიის ისტორია ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო, რომელიც ბავშვობის მეგობრებმა – 23 წლის ბაქარმა და 24 წლის გიორგიმ – გადაწყვიტეს, არაჩვეულებრივად ექციათ. იმ დღემ მათზე წარუშლელი კვალი დატოვა. “კვალი” გნებავთ მეტაფორად მიიღეთ, გნებავთ – სიტყვასიტყვით. საქმე ისაა, რომ  ბიჭებმა იმ დღეს თავიანთი პირველი სვირინგები გაიკეთეს. აზარტში შესულებმა იფიქრეს, ბარემ მეორე რამეც ვქნათ პირველადო და ოპერას მიაშურეს. სიახლის თვითიძულება – არ ვიცი, სხვა რა სიტყვებით დავახასიათო განწყობა, რომელმაც უბიძგა მძიმე როკის, განსაკუთრებით კი ბენდ AC/DC-ის მოყვარულ ყოფილ კლასელებს, საოპერო დადგმას დასწრებოდნენ, თუმცა ამ სპონტანური მოქმედების შედეგი შეიძლება კარგ არგუმენტად გამოდგეს წარმატების ისტორიაში შემთხვევითობის როლზე დავაში.

ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გაუჭირდებოდათ ჩვენს გმირებს იმ საღამოს ნატვირთი ემოციების უხმოდ ზიდვა. წარმოდგენიდან გამოსულებს სურდათ მთელი სამყაროსთვის მოეყოლათ საკუთარი არაჩვეულებრივი დღის შესახებ, სურდათ, ყოველდღიურ რუტინაზე გამარჯვება ხმამაღლა ეზეიმათ, სურდათ, სხვებისთვისაც მოეწოდებინათ, ჩართულიყვნენ დივერსიულ საქმიანობაში “ჩვეულებრივი დღის” წინააღმდეგ, სურდათ, აი, იმ გახუნებულ სარეკლამო ბანერზე, მოსაწყენი რეკლამის ნაცვლად, მათი სვირინგიანი სურათი ყოფილიყო დაკიდებული, როგორც რევოლუციური ალამი... [აქ რომელიღაცის ტვინმა ნაპერწკლები გაყარა] და მომდევნო დღეს უკვე არსებობდა სოციალური ქსელის იდეა, რომელიც ადამიანებს ქუჩაში “დაპოსტვის” საშუალებას მისცემდა. ეს არ იყო მხოლოდ ახალი იდეა, ეს იყო ახალი იმედი, რომ ყოველი მომდევნო დღე ასეთივე არაჩვეულებრივი იქნებოდა.

“ძალიან რუტინული სამსახური გვქონდა ორივეს. მე ბანკში ვმუშაობდი, გიორგი კი ერთ-ერთ მედიასააგენტოში. ყოველ საღამოს ვხვდებოდით და ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა. ვცდილობდით, რაღაც ახალი მოგვეფიქრებინა, – მითხრა ბაქარ მარუაშვილმა ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც ის გიორგი გურგენიძესთან ერთად Forbes Georgia-ს რედაქციაში სტუმრობდა. – ორივეს ერთდროულად დაგვებადა განცდა, რომ ქუჩის ბილბორდები ჩვენთვის არაფრის მთქმელი იყო. ვიფიქრეთ, ძალიან მაგარი იქნებოდა, ადამიანს შეეძლოს დაპოსტოს, ვთქვათ, ფილარმონიის დიდ ეკრანზე და თავისი სათქმელი სრულიად უცხო ადამიანებს გაუზიაროს”.  

რა თქმა უნდა, Deehubs-ს ნულოვანი პოტენციალი ექნებოდა, იგი უბრალოდ ქართველ “სახალხო მთქმელთა” მესიჯების კვლავწარმოების ინსტრუმენტი რომ ყოფილიყო. ამ ერთი შეხედვით ალტრუისტულ წამოწყებაში სერიოზული ბიზნესამბიციაც იკითხებოდა – წელიწადში 14%-იანი ზრდის მქონე ციფრული გარემედიის $8-მილიარდიან ბაზარზე შეღწევა და დამკვიდრება. სქემა არც ისე რთულია: კატის სურათების, “სელფიებისა” და მოტივაციური ციტატების ტირაჟირების პარალელურად, ელექტრონული ბილბორდი ინარჩუნებს თავის პირველად, სარეკლამო ფუნქციას, თუმცა ამას ემატება რეკლამადამკვეთისთვის მნიშვნელოვანი ბონუსი – ინტერაქტიურობა.

დღეს სოციალური ჩართულობა მძლავრი სარეკლამო ტენდენციაა, რომელიც მომავალში მხოლოდ გაძლიერდება. გიორგი გურგენიძემ და ბაქარ მარუაშვილმა მოისურვეს იგივე ტენდენცია გარესარეკლამო სივრცეზეც ასახულიყო. მათ მოიგონეს სოციალური ქსელი ბილბორდებისთვის, რომლითაც მომხმარებელი და რეკლამადამკვეთი ერთნაირად იხეირებდნენ – Deehubs-ის ვებსაიტზე დარეგისტრირებული და მპოსტავი (შედეგად, საკუთარი პირადი ინფორმაციის გამცემი) ადამიანები მასშტაბს შესძენდნენ საკუთარ აუდიტორიას, ხოლო რეკლამადამკვეთები მიიღებდნენ ტარგეტირებული რეკლამის შესაძლებლობის მქონე სოციალურ პლატფორმას.

ახალი კონცეფციით შეპყრობილები მისი განხორციელების გზას დაადგნენ, რომელმაც სტამბულამდე ჩაიყვანა – Startup Bootcamp-ის კონფერენციამდე. “ჩვენ ჩვენი იდეით ვიღებდით მონაწილეობას, თუმცა მონაწილეობაზე მეტად სოციალიზაცია გვაინტერესებდა, – ჩაერთო საუბარში გიორგი გურგენიძე. – რადგან არც მე ვარ ვებდეველოპერი, არც ბაქარი. ასე თუ ისე ვიცოდით საფუძვლები, მაგრამ საჭირო დონეზე – არა. საქართველოში გაგვიჭირდა პარტნიორის პოვნა, რომელიც ტექნიკურ მხარეს გამართავდა – ისეთი პარტნიორის, რომელსაც ყოველთვიური ჰონორარის ნაცვლად თანამონაწილეობას სთავაზობ”.

სტამბულში ქართული დუეტი მესამე ხმით გამდიდრდა. მათი გულის სიმღერის პროგრამულ ენებზე თარგმნა ინდოელმა აბინავ საქსენამ საკუთარ თავზე აიღო. აღსანიშნავია, რომ აბინავი ჩვენს ისედაც ახალგაზრდა პროტაგონისტებზე ერთი წლით უმცროსია. “აბინავი ძალიან დაინტერესდა იდეით, მისგან ძალიან დიდი ენთუზიაზმი ვიგრძენით. პირველი თვეების განმავლობაში Skype-ის საშუალებით ვკონტაქტობდით. თბილისშივე დავაარსეთ კომპანია”, – განაგრძო გიორგის მონათხრობი ბაქარმა.

კომპანიაში როლები ისევე ბუნებრივად გადანაწილდა, როგორ ბუნებრივადაც ავსებდნენ ერთმანეთის საუბარს გიორგი და ბაქარი ინტერვიუს დროს. აბინავი ტექნიკური მიმართულებით მუშაობს – კოდს წერს, გიორგი, რომელმაც სარეჟისორო ფაკულტეტი პარიზში დაამთავრა – დიზაინერია. ბაქარი თბილისში დაბრუნებამდე ატლანტაში ფინანსებსა და რისკმენეჯმენტს სწავლობდა, შესაბამისად, კომპანიის ბიზნესგანვითარება ჩაიბარა.

2014 წლის დასაწყისში, ჩვენს შეხვედრამდე ორიოდე თვით ადრე, Deehubs-ს უკვე შეეძლო,  საკუთარი წარმატებით ეამაყა. მრავალრიცხოვანი ინტერვიუსა და ვიდეოპრეზენტაციის, ვებპლატფორმის დემოვერსიის წარდგენის შემდეგ თბილისში რეგისტრირებული Deehubs-ი, რამდენიმე ასეულ სხვა პრეტენდენტს შორის, არაბთა გაერთიანებული საამიროების სტარტაპ-ინკუბატორმა, Turn8-მა გამოარჩია და ჩვენი გმირები ბიზნესის განსავითარებლად დუბაიში მიიწვია. Turn8-ი პორტების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორის, DP World-ის, შვილობილი კომპანიაა. პირველადი, $30,000-იანი ინვესტიციის სანაცვლოდ, რაც საკმარისი თანხა იყო ბიზნესის ოფშორში გადასატანად და Deehubs-ის ძირითადი ფუნქციების განსავითარებლად, თანადამფუძნებლებმა DP World-ის სასარგებლოდ მინორიტარული წილი დათმეს და Turn8-სთან ერთად კომპანია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაარეგისტრირეს.

“Turn8-ი, მატერიალური დახმარების გარდა, ძალიან ბევრ კავშირსაც გაძლევს, – მეუბნებოდა მაშინ ბაქარი, – ჩვენთვის სრულიად უცხო ქალაქში ყველა დიდ მედიასააგენტოზე მიგვიწვდება ხელი. Turn8-ი გასწავლის, როგორ წაიყვანო შეხვედრა, ზოგადად ძალიან დიდ დახმარებას გიწევენ ბიზნესდეველოპინგში”.

“რომ ჩახვალ, უკვე ძალიან კარგად იციან, რომელ გუნდს  რა დახმარება უნდა აღმოუჩინონ, – განაგრძობდა გიორგი, – ზოგს შეიძლება ტექნიკური რჩევები სჭირდება, ზოგს – ბიზნესდეველოპმენტი. ჩვენთვის, მაგალითად, ბაზარზე გასვლა და კონტაქტები იყო მნიშვნელოვანი, რაც მივიღეთ კიდეც მათგან”.

Deehubs-ის გუნდს რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდნენ ინვესტორებთან შესახვედრად. დუბაი განსაკუთრებით ხელსაყრელი ადგილი აღმოჩნდა გარესარეკლამო ბაზარზე დამკვიდრების მსურველი კომპანიისთვის, რადგან სწორედ იქ არის თავმოყრილი ყველაზე დიდ მედიასააგენტოთა რეგიონული სათავო ოფისები.

მოქმედება II: იმპერიის საპასუხო დარტყმა

Turn8-ში მოხვედრის შემდეგ Deehubs-მა ტემპი აკრიფა და მივიდა ბიზნესმოდელამდე, რომლის დასანერგადაც კომპანია დღემდე იბრძვის. ქსელის მოქმედების მექანიზმი ისე დაიგეგმა,  რომ მას რამდენიმე პლატფორმა გაეერთიანებინა: პირველია მომხმარებლის მხარე – მობილური აპლიკაცია, რომელიც ვებაპლიკაციის იდენტურია; მეორეა სარეკლამო ეკრანების მფლობელთა აპლიკაცია – პროგრამა, რომელიც ინსტალირდება უშუალოდ ელექტრონულ ბილბორდზე; მესამე კი ბრენდის აპლიკაცია,  რომელიც ბრენდს საშუალებას აძლევს, ნახოს თუ რა სახის ინტერაქცია ხდება, ვინ პოსტავს და  მიზნობრივი რეკლამა ამის მიხედვით განათავსოს.

პირველი ორი პლატფორმა ვებსერვისით უნდა ყოფილიყო გაერთიანებული. როდესაც, მაგალითად, მე დავრეგისტრირდებოდი Deehubs-ზე, ავტომატურად მოვხვდებოდი ისეთ სოციალურ სივრცეში, როგორიც არის Twitter-ი ან Facebook-ი – სადაც მეყოლებოდა მეგობრები, მითითებული მექნებოდა გამორჩეული ინტერესები. თუმცა ჩამოთვლილი ორისგან განსხვავებით, შემეძლებოდა ჩემი სიტყვები, სურათები, ვიდეოები პირდაპირ ბილბორდზე დამეპოსტა, ან სულაც გამეგზავნა – მოვნიშნავდი ბაქარს და როდესაც იგი ჩაივლიდა ეკრანთან, მიიღებდა შეტყობინებას – “ბაქარ, გმადლობ Forbes Georgia-სთან თანამშრომლობისთვის. შოთა”.

აღნიშნული სისტემა რეკლამადამკვეთს კვლავინდებურად აძლევდა შესაძლებლობას, 24 საათი დარჩენილიყო ბილბორდზე, მხოლოდ სხვა სახით. მთლიან ეკრანზე შეიძლება ყოფილიყო მომხმარებლის სტატუსი, თუმცა გარკვეული ნაწილი რეკლამას დაეთმობოდა. რეკლამადამკვეთს შეეძლებოდა ავტომატურ რეჟიმში პირდაპირ კომუნიკაციაში შესულიყო მომხმარებელთან –  მაგალითად, როდესაც მე და ჩემი მეგობარი ჩავივლიდით  Coca-Cola-ს ბილბორდთან, ეკრანზე გამოისახებოდა დამამუნათებელი მოწოდება – “გაუზიარე Coca-Cola შოთას”.

ინტერაქტიური კომპონენტი მოიცავდა თამაშის შესაძლებლობასაც. თუ მე მოვხვდებოდი Deehubs-ის ლიცენზირებულ ბილბორდთან, მივიღებდი შეტყობინებას, რომ თამაში შემიძლია. პროგრამა გეოლოკაციით დაადგენდა ჩემს მდებარეობას და ბილბორდთან შესაბამის რადიუსში აღმოჩენის შემთხვევაში, უზარმაზარ ეკრანზე, მაგალითად, Angry Birds-ს ვითამაშებდი საკუთარი სმარტფონიდან. მსგავს სათამაშო აპლიკაციებში, რა თქმა უნდა, რომელიმე პროდუქტის რეკლამა იქნებოდა ჩადებული. (ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ შურდულში გატენილი პატარა ჩიტუნების მსუქანი გოჭებისთვის დამიზნების ოსტატი ვარ, თუმცა აუცილებლად სახტად დავტოვებდი აუდიტორიას იმ სრულიად მანიაკური გრიმასით, რომელიც აზარტში შესულს მახასიათებს. ასეთ სანახაობაზე ბილეთებიც კი შეგიძლიათ გაყიდოთ.)  

“თუ ადამიანს მისცემ საშუალებას, უზარმაზარი ეკრანი გამოიყენოს, როგორც თავისი სამომხმარებლო გაჯეტი, უფრო დიდი ინტერაქცია იქნება ეკრანთან, უფრო დიდი იქნება მისი დაინტერესება, და გამვლელის დაინტერესებაც, – ამიხსნა ბაქარმა, – მე რომ დავინახო ახლა გიორგის მესიჯი, ან თუნდაც ვინმე უცხო, რომელიც თამაშობს რაღაც რეისინგ-თამაშს, ყველა ვარიანტში გავჩერდები და შევხედავ ეკრანს. ეს უფრო სახალისო, უფრო ჩამთრევია და, შესაბამისად, უფრო სასარგებლო – როგორც რეკლამადამკვეთისთვის, ისე მომხმარებლისთვის”.

მართლაც, ტესტმა დუბაიში ცხადყო, რომ Deehubs-ის მიერ ოპერირებულ ბილბორდებს უფრო მეტი ნახვა ჰქონდა, ვიდრე იმავე ბილბორდებს Deehubs-მდე. ეს ადვილად სავარაუდო იყო. გასული წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ერთეულ  შემთხვევებს ავსტრალიასა და ლონდონში, როდესაც თითო-ოროლა ბილბორდი, ვიწრო სარეკლამო აქციების ჩარჩოში, დროებით ინტერაქტიური გახდა – ზოგ შემთხვევაში თამაშით, ზოგჯერაც უბრალოდ გამვლელს ესალმებოდა. ეკრანის ეფექტიანობის გაზომვამ აჩვენა, რომ ამას რადიკალურად უკეთესი შედეგი მოაქვს, სტატიკურ ბილბორდთან შედარებით.

ზოგადად გარერეკლამის ეფექტიანობის გაზომვა, ონლაინრეკლამასთან შედარებით, ძნელია. Deehubs-ის კიდევ ერთი უპირატესობა ონლაინისთვის სახასიათო ზუსტი გაზომვის უნარია. Facebook-ის საშუალებით Deehubs-ში აქტივიზირებული მომხმარებელი ავტომატურად გასცემს საკუთარ დემოგრაფიულ მონაცემებს. “ამის შემდეგ პლატფორმას ხელი მიუწვდება შენს პირად ინფორმაციაზე და ჩვენ მომავალში შევძლებთ გავზომოთ, თუ როგორი ინტერესების ადამიანები ურთიერთობენ ეკრანთან, როგორი იყო ეკრანის ეფექტიანობა მანამდე და როგორი – Deehubs-თან ერთად”, – მეუბნებოდა ბაქარი.

Deehubs-ის მუშაობის აღნიშნული მოდელი გარესარეკლამო სამყაროს მნიშვნელოვან ცვლილებებს უქადდა. სარეკლამო ეკრანის მეპატრონეები, რომლებიც ფიქსირებულ ფასად შეიძენდნენ Deehubs-ის პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიას, მიიღებდნენ გასავალს გაცილებით დიდ ბაზარზე, რადგან  ბრენდები, რომლებიც ადრე არც კი განიხილავდნენ გარერეკლამას საკუთარ მედიუმად, ბილბორდებს სხვა თვალით შეხედავდნენ. სხვა თვალით შეხედავდნენ ბილბორდს ჩვეულებრივი გამვლელებიც, რაც რეკლამას მეტად ეფექტიანს გახდიდა. “დღეს პატარა აპლიკაციები, სიტყვაზე, Angry Birds-ი, არც განიხილავენ აუტდორს, როგორც საკუთარი რეკლამის საშუალებას. მათი განთავსება ონლაინმხარეს მიდის. როდესაც ძალიან ბევრი ფუნქცია ემატება თვითონ ბილბორდს, როცა ემატება კავშირის ფუნქცია, რომ ნებისმიერ გამვლელს შეუძლია ნებისმიერი აპლიკაცია დიდ ეკრანზე შეამოწმოს, ბრენდმა შეიძლება შეცვალოს გადაწყვეტილება”, – მეუბნებოდა ერთი წლის წინ გიორგი გურგენიძე.

ახალი, ღია პლატფორმა, რომელიც დეველოპერებს საშუალებას მისცემს, საკუთარი აპლიკაციები უზარმაზარი ეკრანისთვის გააკეთოს ამბიციურად, თუმცა, ამასთან ერთად, მადის აღმძვრელადაც ჟღერს. iPad-ის პრეზენტაციას უამრავი ახალი აპლიკაციის გამოსვლა მოჰყვა, რომლებიც შედარებით ფართო ფორმატის მედიაპლატფორმის პლუსებს კარგად იყენებდა. რა მოხდება, თუ ელექტრონული ბილბორდიც მსგავს, ოღონდ გაცილებით ფართო ფორმატის მედიაპლატფორმად იქცევა? პლატფორმად, რომელზეც ადამიანები თავიანთი კრეატიული ნაწარმის დაშენებას შეძლებენ?

“ჩვენ გავხსნით სისტემას და განვავითარებთ რამდენიმე თამაშს, რაც ჩვეულებრივ მომხმარებლებსაც მისცემს ბიძგს, სარგებელი ნახონ საკუთარი თამაშების ბრენდის მიერ დასპონსორების შედეგად, – ამბობდა ბაქარი. – ბრენდს ახალი საკომუნიკაციო საშუალება ეძლევა. ახლა ბრენდსა და  გამვლელს შორის ემოციური კავშირი არ მყარდება. ეს რადიკალურად შეიცვლება”. 

თუმცა ერთი წლის წინ ბაზარი რადიკალური ცვლილებებისთვის მზად არ აღმოჩნდა. ციფრული გარემედიის ბაზრის მოთამაშეთა ფუნქციები გაფანტული იყო და გამოდის, Deehubs-ს უნდა ეტვირთა მედიატორის როლი სხვადასხვა ინტერესის მქონე ინსტანციების საერთო იდეის გარშემო გასაერთიანებლად – იდეის, რომელიც მანამდე არავის განუხორციელებია.

Deehubs-ის მთავარი სამიზნე იყო არა ბრენდი, რომელმაც რეკლამა უნდა განათავსოს, არამედ ბილბორდის მფლობელი. ეკრანის პატრონებს Deehubs-ი სთავაზობდა თავიანთი ლიცენზირებული პროგრამის დაინსტალირებას, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ხოლო კონკრეტულ მედიასააგენტოსთან ან ბრენდთან გადაყიდვა თავად ეკრანის პატრონს უნდა ეჩალიჩა. სამაგიეროდ, ეკრანის პატრონს ექნებოდა შესაძლებლობა, თავად დაედგინა ფასი. გიორგი გურგენიძისა და ბაქარ მარუაშვილის ვარაუდით, სისტემა ბრენდებს მიიზიდავდა – Deehubs-ი მათ საშუალებას მისცემდა, შეემცირებინათ საოპერაციო ხარჯები, რადგან შეძლებდნენ, პირდაპირ საიტზე წამოეწყოთ ახალი კამპანია, ან განეახლებინათ რეკლამა.

მაგრამ ბაზარზე შესვლა, მისი დანაწევრებულობის გამო, ძნელი აღმოჩნდა. ერთი მხრივ, იყო ბილბორდის პატრონი, რომელიც თავის ეკრანს მედიასააგენტოს საშუალებით ყიდდა, მეორე მხრივ – ბრენდი. განა სულ ეს არის: ბრენდს კრეატიული სააგენტოც სჭირდებოდა, რომელთან ერთადაც მივიდოდა ეკრანის გადამყიდველთან. თავის მხრივ, მედიასააგენტო საკუთარი მარჟით ზრდიდა ეკრანის პატრონის მიერ დაწესებულ ფასს.

გამოდის ოთხი რგოლი – ეკრანის მფლობელი, მედიასააგენტო, კრეატიული სააგენტო და ბრენდი. ბაზრის თითოეულ მოთამაშესთან ამ რევოლუციური იდეის ვალიდაცია თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. “პროცესი იწელება. დაახლოებით 5-6 თვე დაგვჭირდა პირველ კლიენტთან მისვლამდე, – შემომჩივლა ბაქარ მარუაშვილმა. – აი, დღეს, მაგალითად, აპლიკაცია მზად არის, მაგრამ ვერაფრით ჩავუშვებთ, სანამ ეკრანი არ გვექნება”.

შარშან, ჩვენი ინტერვიუს დროს, Deehubs-ელები ვარაუდობდნენ, რომ მოიპოვებდნენ კონტრაქტს რომელიმე მსხვილი გლობალური კომპანიისგან, რომელიც მთელ მსოფლიოში ოპერირებს და შესყიდული აქვს ეკრანის მფლობელი პატარა, ლოკალური კომპანიები. ასეთი რამდენიმეა – ფრანგული JCDeaux-ი, ამერიკული Clear channel-ი და CBS Outdoor-ი.

თუ Deehubs-ი შეძლებდა პირველი, თუნდაც რეგიონული კონტრაქტი მოეპოვებინა ნებისმიერ მათგანთან, ეს პოტენციალში გლობალურ მოცვას გულისხმობდა. ციფრული გარემედიის $8-მილიარდიანი ბაზრის დიდი წილი ამერიკას, ჩინეთსა და იაპონიას აქვთ დანაწილებული. მხოლოდ აშშ ამ ბაზრის $3-მილიარდიან წილს ფლობს, თანაც, ევროპისა და აზიისგან განსხვავებით, აშშ-ის ბაზარი არ არის შეზღუდული უამრავი რეგულაციით. ამის საპირისპიროდ, დუბაიში ეკრანების მფლობელები ბევრნი იყვნენ და თითოეულთან ცალ-ცალკე უნდა დაელაგებინათ ურთიერთობა. სიტუაციას ამძიმებდა ფაქტი, რომელიც გამოიკვეთა დუბაის მედიასააგენტოებთან მოლაპარაკების დროს: Deehubs-სთან პარტნიორობის მსურველებს მისი მხოლოდ სარეკლამო ინსტრუმენტად გამოყენება სურდათ. Deehubs-მა უარი თქვა მათ შეთავაზებებზე და თავისუფლების ქანდაკებაზე გადაიტანა დაჟინებული მზერა. “არ გვინდოდა, კომპანია ერთჯერად მარკეტინგულ გადაწყვეტილებად გვექცია”, – მომწერს მოგვიანებით ბაქარი.

თუკი ბაქარი და გიორგი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, ბრენდების შეკვეთების შესრულებით შეეზღუდათ მათი კომპანიის სოციალური კომპონენტი და არჩევდნენ, Deehubs-ი გამორჩენისთვის მედიასააგენტოების “მმართველ კლასს დამონებოდა”, დაიკარგებოდა მთავარი, გარესარეკლამო ბაზრის “სოციალური რევოლუციის” პოტენციალი, რომელიც “მხოლოდ ფართო მასების ჩართულობით შეიძლება რეალიზდეს”. მარქსის მოსაზრება ამ ამბავზე, ვიცით. ახლა გიორგის მოვუსმინოთ:

“როდესაც შენი სტარტაპი Fortune 500-ის კომპანიებთან იწყებს მუშაობას, შენზე დიდ ბრენდს, მით უმეტეს, რეკლამის განმთავსებელს, თავის სასიკეთოდ უნდა ბევრი დეტალის შეცვლა. უამრავ შეზღუდვას გიწესებს. მოკლე ვადაში ეს სტარტაპისთვის შეიძლება მოგებიანი იყოს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან გაზიანებს. ჩვენ რომ თავიდანვე მარკეტინგული კამპანიებით დაგვეწყო, შეიძლება Deehubs-ი ჩამოყალიბებულიყო  მარკეტინგული კამპანიის ერთჯერად solution-ად გარესარეკლამო ბაზარზე. ჩვენ კი სულ სხვა მიზნები გვქონდა – გვინდოდა, შეგვექმნა ქუჩის ახალი მედია ხალხისთვის”.

ამ საორჭოფო სიტუაციას დაემთხვა მოწვევა მეორე, ამერიკული სტარტაპ-ინკუბატორისგან – სიეტლის Michale Luni Libes-გან – და Deehubs-მა უკვე მტკიცედ გადაწყვიტა, ამერიკაში ემიგრირებულიყო. რა თქმა უნდა! ამერიკული ოცნების ძებნა შეგიძლია, დუბაიში დაიწყო, მაგრამ როგორც ძველები იტყოდნენ, ბოლოს მაინც “ყველა გზა რომისკენ მიდის”.

“დუბაი დავტოვეთ ისე, რომ უარი ვუთხარით ერთ-ერთ სარეკლამოს და დიდი ოპტიმიზმით სიეტლში ჩამოვედით, – მამცნო  ბაქარმა, მაგრამ, ჩანს, ბიჭების ოპტიმიზმმა დიდხანს არ გასტანა. – ამერიკაში, შუა აღმოსავლეთისგან განსხვავებით, კიდევ უფრო დიდი კონკურენციაა ფულის მოზიდვის მხრივ”, – მომწერა ჩვენი ინტერვიუდან რამდენიმე თვის შემდეგ, პასუხად ჩემს მეილზე, რომელშიც სტარტაპის ამერიკაში ემიგრირების მიზეზით ვინტერესდებოდი. – “ყველას ჰგონია, რომ აქ რაუნდს ბევრად მარტივად დახურავ, თუმცა კავშირები და ბექგრაუნდი თუ არ გაქვს, ეს ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. მაშინ როდესაც, მაგალითად, დუბაიში ცოტა სტარტაპს შორის ადვილად გამოირჩევი და ინვესტორის პოვნაც შედარებით მარტივია”. 

Michale Luni Libes-ისა და DP World-ისგან $100,000-იანი დაფინანსება კომპანიის სულ 15%-ის დათმობის სანაცვლოდ შეიძლება ბევრს წარმატებად ეჩვენოს, მაგრამ გიორგი გურგენიძისა და ბაქარ მარუაშვილისთვის კომპანიის საკონტროლო პაკეტი არაფერს ნიშნავდა, იმ შემთხვევაში, თუ Deehubs-ს მოუწევდა კაპიტულაცია სამომხმარებლო, სოციალური ფრონტიდან. წვიმიანმა სიეტლმა მათ მხურვალე ოცნებას ცივი წყალი გადაასხა. ოქტომბერში ბიჭები უკვე სასოწარკვეთილები იყვნენ. ინვესტორებმა Zino Society-დან და Alliance of Angels-დან უარით გამოისტუმრეს. ისინი მეტ დამამტკიცებელ საბუთს ითხოვდნენ, რომ იდეა იმუშავებდა. კლიენტები Deehubs-ს ჯერჯერობით მცირე სამომხმარებლო ბაზას უწუნებდნენ. ამ ყველაფერს ფინანსური პრობლემაც ერთვოდა.

ერთადერთ გამოსავლად ამერიკასთან გამომშვიდობება ჩანდა. მაგრამ გაწბილებისა და დუბაიში დაბრუნების შემთხვევაში, Deehubs-ი აღარ იქნებოდა გიორგის, ბაქარისა და აბინავის კომპანია, თუნდაც 85% კი არა, მთელი 100%  მათ ხელში ყოფილიყო. ის, უბრალოდ, აღარ იქნებოდა “მათი”. რევოლუცია თვალსა და ხელს შუა მარცხდებოდა: “გაგვიჭირდა კონტაქტებზე გასვლა, ნოემბერში ფული გამოგველია – უკვე რეალურად საცხოვრებელი სახსრების პრობლემა დადგა. – იწერებოდა ბაქარი. – მარტო მე და გიორგის გვჯერა, რომ პროდუქტი, როგორც არა მარკეტინგული კამპანია, გაამართლებს და სოციალურ პლატფორმად ჩამოყალიბდება. ინვესტიციას ასეთი ბილბორდის ან პროექციის გაკეთებაში არავინ დებს. ყველა გვეუბნება – წადით სარეკლამოსთან... მხოლოდ ერთი თვე გვრჩება...”

უკუთვლის წამზომი ჩაირთო. 2014 წლის მიწურულისთვის ჩვენი ამბის გმირებს ორი არჩევანი ჰქონდათ: ან დაქვემდებარებოდნენ სარეკლამო იმპერიის მოთხოვნებს, უარი ეთქვათ სოციალური ქსელის იდეაზე და Deehubs-ის მთელი სისტემა კლიენტების ვიწრომარკეტინგული საჭიროებებისთვის მოერგოთ, ან  სასწაულს დალოდებოდნენ. თუმცა ფილმებისგან განსხვავებით, ცხოვრებისეულ სიუჟეტებში Deus Ex Machina ნაკლებად ჩნდება. ბაქარი და გიორგი ვერ მოიცდიდნენ ზებუნებრივი ჩარევის იმედით, რომლის მადლიც გადმოედინება, მაგალითად, მწვანე მატერიის სახით, როდესაც კრიპტონიტით დაბეჩავებულ სუპერმენს ძალის აღდგენა სჭირდება, ან არსაიდან გაჩენილი ფენიქსის მიერ ჩამოგდებული გრიფინდორის მახვილის სახით, როდესაც ჰარი პოტერი განიარაღებულია.

მათ სხვების ჩაურევლად, საკუთარი ხელებით უნდა ეხსნათ Deehubs-ის იდეა დაღუპვისაგან. მათ თავად უნდა მოემოქმედათ რამე, რაც ინვესტორებს დაარწმუნებდა, რომ Deehubs-ს, როგორც სოციალურ პლატფორმას, დიდი პერსპექტივა აქვს. – მაგრამ როგორ?

მოქმედება III: ჯედაის დაბრუნება

როცა ჰოლივუდი წარმატებული ანტრეპრენიორის დახატვას ცდილობს, ის სამი არქეტიპული “სუპერგმირიდან” ერთ-ერთს გვთავაზობს: 1) სტატისტიკოსს – საკუთარი ანალიტიკური გონების მარწუხებში გამომწყვდეულ ცივსისხლიან გენიოსს, რომელიც გარემოებათა გამო ანტიგმირადაც შეიძლება იქცეს, რადგან მათემატიკურად გამოთვლილი საყოველთაო სიკეთისთვის პირად გრძნობებსაც კი გათელავს, სხვებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია (ნიმუში: ოზიმანდიასი, იაკობიმ მუგატუ); 2) ცინიკოსს – არა იმდენად საკუთარი გონებით, რამდენადაც საკუთარი თავით შეპყრობილ, გაქნილ არამზადას, რომელსაც პირადი გრძნობები მხოლოდ წარმატებისადმი გააჩნია (ნიმუში: გორდონ გეკო, დენიელ პლეინვიუ); და 3) რომანტიკოსს, რომლისთვისაც მატერიალური წარმატება მიზანი კი არ არის, უბრალოდ, იდეალების “თანამდევი ეფექტია” (ნიმუში: რიკ ბლეინი, ბრუს ვეინი).

როგორ გაუმკლავდებოდნენ ისინი დიდ დაბრკოლებებს? სტატისტიკოსი – გონებით. იგი უზენაესი მიზნისთვის “პაიკებს” საკვირველი გულგრილობით გაწირავდა; ცინიკოსი – ეშმაკობითა და ცბიერი მანიპულაციით. იგი არათუ იდეალებს, საკუთარ შვილსაც კი დაალომბარდებდა პირადი გამორჩენისთვის;  ხოლო რომანტიკოსი – გულით. მიუხედავად ადამიანის ამბივალენტური ბუნებისა, იგი მთელ ფსონს მის შინაგან კეთილშობილებაზე ჩამოვიდოდა. “ცინიკოსისგან” განსხვავებით, კომპრომისზე არ წავიდოდა საკუთარ იდეალებთან, ხოლო “სტატისტიკოსისგან” განსხვავებით, იგი იფიქრებდა არა “ყველას”, არამედ “თითოეულის” კონტექსტში, დარწმუნებული იმაში, რომ საპასუხოდ სხვებიც გაუღებდნენ გულებს მის კარგ იდეებს. Deehubs-ის გმირებს მათი რომანტიკული ბუნებაც აახლოებს ჰოლივუდის მოგონილ პროტაგონისტებთან – იდეალიზმი (თუ გნებავთ ამას ნაივურობაც ვუწოდოთ), რომელსაც რეალური ცხოვრების წარმატებულ პერსონაჟებში იშვიათად ვხვდებით.

მაშ, რა ქნეს? მოიქცნენ ჟანრის კლასიკის წესების შესაბამისად. ბაქარ მარუაშვილმა და გიორგი გურგენიძემ გამონახეს უკანასკნელი ძალა საკუთარ თავში, ბრძოლა გაეგრძელებინათ და ამ შეუპოვრობით სხვებიც ისე შთააგონეს, რომ სრულიად უცხო, მატერიალურად დაუინტერესებელმა ადამიანებმა უსასყიდლოდ გამოუწოდეს დახმარების ხელი.

“უბრალოდ, მივედით აქაურ co-working ოფისებში, შევკრიბეთ ხალხი, ჩავუტარეთ პრეზენტაცია, ვუთხარით, გთხოვთ, თუ შეგილიათ, მოგვიტანეთ პროექტორები სახლიდან და გვათხოვეთ ერთი კვირით”, – იხსენებს ბაქარ მარუაშვილი. იმავე თხოვნით მიმართეს Craiglist-ის მომხმარებლებს. “ასეთ მხარდაჭერას ნამდვილად არ ველოდით! კვირის ბოლოს 15-მდე მაგარი ხარისხის პროექტორი მოგვიტანეს არაფრის სანაცვლოდ”, – მწერდა იგი. შედეგად, გაეშვა Deehubs-ის საიტის საპილოტე ვერსია, ძირითადი, მარტივი ფუნქციებით (უახლოეს თვეში ამჟამინდელი საიტი მთლიანად შეიცვლება). პროექციების გასაშვებად კომპანიამ სიეტლში ოთხი საუკეთესო ადგილი შეარჩია – “უფლებაც არ აგვიღია შენობის მეპატრონეებისგან, სანამ თვითონ არ მოვიდნენ. ხელი არ შეუშლიათ – მათაც მოეწონათ!” – აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ბიჭები.

თავიდან მხოლოდ გიორგი, ბაქარი და მისი ორსული ცოლი წერდნენ პოსტებს აქტუალურ თემებზე, შემდეგ კი Twitter-ზე ათავსებდნენ შესაბამისი ჰაშტაგით. “ვიღაც რომ ხედავს, სპეციალურად მათთვის ქუჩაში დაწერე, აუცილებლად re-tweet-ს აკეთებს. მაგალითად, გამოგვეხმაურა კარა სვიჩერი და ფრედ ვილსონი, – მითხრა ბაქარმა, –  კიდევ ბევრ დეტალზე მიჭირს ლაპარაკი. უბრალოდ, ძალიან რთული დღეები იყო. აქ სულ წვიმს. მარტო მე, გიორგი და ქეთი [ბაქარის მეუღლე] ვიდექით გარეთ, რომ ყველა მესიჯი გაგვეშვა, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდა”.

დასასრული მართლაც მშვენიერი იყო. Deehubs-ის გუნდის თავდადებამ მათი ცნობადობა საგრძნობლად გაზარდა. ცნობადობას ინვესტორების თავიდან დაინტერესებაც მოჰყვა “ხურდაში”. სახუმარო ამბავი ხომ არ არის, როდესაც ტექნოლოგიური სტარტაპების ფლაგმანი მედიასაშუალება, რომელსაც რეგულარულად კითხულობ, ერთ მშვენიერ დღესაც შენს წამოწყებაზე წერს. “დღეს 10,000 განთავსებული მესიჯით და 60,000 მომხმარებლით, ბედნიერი ვარ, რომ კორპორაციულ შემოთავაზებებს უარი ვუთხარი – ეუბნებოდა ბაქარ მარუაშვილი GeekWire-ს, 2015 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, – ჩვენ ორი ბიზნესინკუბატორის წევრი ვართ. როდესაც სტარტაპს აფუძნებ, უამრავ მენტორს ხვდები. ყველა რაღაცას გირჩევს და ცდილობს, ჭკუა დაგარიგოს, მაგრამ ხშირად მათ შენი ბიზნესის არაფერი გაეგებათ. თუ ვიღაცა წარმატებულია საკუთარ საქმეში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეუძლია გასწავლოს, როგორ შეასხა ხორცი შენს ოცნებას. მე ე.წ. მენტორებისგან ბევრი რჩევა მოვისმინე და გავითვალისწინე. ამის გამო უამრავი დრო დავკარგე. არავინ იცის შენი ბიზნესი უკეთ, ვიდრე შენ. სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად უბრალოდ უნდა იფიქრო, იფიქრო და იფიქრო –საკუთარი ძალა იგრძნო და საკუთარი გზა იპოვო”.

Deehubs-ი ნამდვილად დაადგა საკუთარ გზას. ესეც, გნებავთ მეტაფორად, გნებავთ სიტყვასიტყვით გაიგეთ: გადაწყვიტეს, საოცნებო მოგზაურობა მოეწყოთ 60-იანების სტილში და პროექციების განსათავსებლად აშშ-ის მთავარი ქალაქები შემოევლოთ ავტომობილით, რომელიც სხვადასხვა ადამიანის ხელნაწერი ოცნებებით იქნებოდა აჭრელებული. ამ ორთვიანი კამპანიის ფარგლებში  270,000 მომხმარებლის მოზიდვას იმედოვნებდნენ.

“საკუთარ გზაში” კომპანიის ბიზნესმოდელის ადაპტაციაც იგულისხმება. თავდაპირველად Deehubs-ი ცდილობდა, ბილბორდის მეპატრონეებს  – Clearchannel-ს, JCDecaux-სა და CBSoutdoor-ს – ლიცენზირების საფასურის გადახდით მისი პროგრამა შეეძინათ და ბილბორდებზე დაეინსტალირებინათ.  მას შემდეგ, რაც კომპანია მიხვდა, რომ დიდი მედიასააგენტოები ყოველთვის ეცდებოდნენ Deehubs-ის სოციალური ასპექტი დაეჩრდილათ და პირველ პლანზე რეკლამა წამოეწიათ, მან სხვა მიმართულება აიღო – გადაწყვიტა, საკუთარი პროექციებით, სამომავლოდ კი ბილბორდებით განვითარებულიყო. განსხვავებით ლიცენზირებით მიღებული შემოსავლისგან, რომელიც ეკრანის პატრონსა და მედიასააგენტოს შორის ნაწილდებოდა, საკუთარი პროექციებითა და ბილბორდებით მიღებული შემოსავალი მთლიანად Deehubs-ს ეკუთვნის.

ამ სტატიის გამოსვლის დღეს უკვე დახურული იქნება ფანდრაიზინგი, რაც კომპანიას დამატებით $300,000-ს მოუტანს და $3.5 მილიონად შეაფასებს. ამჟამინდელ ინვესტორებთან, აგრეთვე Michale Luni Libes-სა და DP World-თან შეთანხმებით, Deehubs-ი მომდევნო სამ წელს ხსენებული სისტემის გაფართოებასა და დახვეწას მოახმარს. ინვესტორები წინააღმდეგნი არ არიან: პროექციები ოპტიმალური გამოსავალი გამოდგა Deehubs-ისთვის, რადგან ხარჯის მხრივ ძალიან ეფექტიანია და მოგების სწრაფად მომტანიც – პროექციის უკუგების პერიოდი მხოლოდ ორი თვეა. პროდუქტისთვის საბოლოო სახის მიცემის შემდეგ დაიწყება პროექციების ციფრული ეკრანებით ჩანაცვლება, რაც ბიზნესს კიდევ უფრო მოგებიანს გახდის. პროექციები Deehubs-ს ეხმარება სწრაფად გაზრდაში, ლეგალური უფლებების აღებასა და კარგი მდებარეობების ფიქსაციაში, სამომავლოდ მათი ეკრანებით გასაახლებლად.

პლატფორმის სრულად გამართვის შემდეგ, ლიცენზირების მოდელის თავიდან გააქტიურებაც შესაძლებელია, რადგან დიდი სამომხმარებლო ბაზის შემთხვევაში ბილბორდის მეპატრონეები ვეღარ შეძლებენ Deehubs-ის სოციალური ასპექტის დაჩრდილვას.

სიეტლის ენჯელ-ინვესტორებისგან მოზიდული $300,000 Deehubs-ს სექტემბრის ბოლომდე ეყოფა, რასაც დიდი, Series A სიანვესტიციო რაუნდი მოჰყვება. შეთანხმება უკვე მიღწეულია Fenox Venute Capital-თან. ამ და ვენჩურული კაპიტალის განმკარგავი სხვა კომპანიებისგან Deehubs-ი $1.5 მილიონის მიღებას გეგმავს.

ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ძნელია, ზუსტად განისაზღვროს შემოსავლები 5-წლიან პერსპექტივაში, მაგრამ გაფართოების არსებული გეგმით 3 წელში კომპანიას 55 ლოკაცია ექნება, ხოლო 5 წელიწადში – 80. 55 ლოკაციის შემთხვევაში Deehubs-ის წლიური შემოსავალი $3.5 მილიონს, ხოლო 80-ის შემთხვევაში – $7-მილიონს მიაღწევს. 2020 წლამდე ჯერ შორია, თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას – ბიჭებმა უკვე შეძლეს თავიანთი “ამერიკული ოცნება” აეხდინათ და, რაც მთავარია, ეს საკუთარ იდეალებთან კომპრომისზე წასვლის გარეშე მოახერხეს – მაშინაც კი, როდესაც მათი კომპანია ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე იდგა, მათ  საკუთარ იდეალებსა და ხედვას არ უღალატეს.

“საბოლოოდ ყველა ინვესტორს თუ მედიას სწორედ ის აინტერესებს, როდესაც არაფერი გაქვს, ზუსტად მაშინ რის გამკეთებელი ხარ, – მეუბნება უკვე შემდგარი სოციალური ქსელის, Deehubs-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბაქარ მარუაშვილი – Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც IPO-ს შემდეგ სიეტლის უმსხვილესი ინვესტორია, საიტის გაშვებამდე, პირველი შეხვედრისას პირდაპირ მოგვახალა – ერთ თვეში დამიდეთ buzz-ი. შემდეგ ვილაპარაკოთ. უკან რომ მივედით ამდენი პრესით და იუზერებით – გაგიჟდა. მერე უკვე თავად დაგვეხმარა კავშირების დამყარებასა და შეხვედრების ორგანიზებაში”. 

ბაქარ მარუაშვილისა და გიორგი გურგენიძის მიერ “მეორე მოქმედების” ჩიხის წარმატებით შემობრუნება და “მესამე მოქმედების” ბედნიერი დასასრულით დაგვირგვინება, რაღა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მომავალში ისინი დაბრკოლებებს აღარ გადააწყდებიან. სულ ახლახან შეემთხვათ ხიფათი, რომელიც ქართული აუდიტორიისთვისაც კარგად ნაცნობია: Geocell-ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, რომელიც Deehubs-თან პარტნიორობით შედგა, 8,000-ს პოსტს შორის გაიპარა ერთი ისეთი, რომელმაც საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია: ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოქვეყნა “გეორგიევსკის ლენტი” პროვოკაციული წარწერით, რომელიც ირიბად ამართლებდა რუსეთის მიერ ჯერ საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის ანექსიას.

“ძალიან ვწუხვართ, რომ პროვაკაციულმა პოსტმა, რომელიც დატვირთულ სამუშაო პროცესში უბრალოდ გაგვეპარა (1 საათის განმავლობაში 1,500 პოსტი დამუშავდა) Geocell-ი დააზარალა. მით უფრო, რომ Geocell-ი რეალურად ერთადერთი ბრენდი იყო საქართველოდან, რომელიც დამწყებ სტარტაპს გვერდში დაგვიდგა, – მითხრა მოგვიანებით ბაქარმა, – თუმცა ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს:  უამრავი რადიკალური აზრი იწერება ქაღალდზე და ამაში დამნაშავე ქაღალდის გამომგონებელია?”

სპამერებისგან თავდასხმების მოგერიება Deehubs-ს აშშ-შიც უწევს. კომპანიას არ ასცდა “შავი პიარი”, როდესაც 4chan-ის ორგანიზებული შემოტევის შედეგად რასიზმსა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული პროვოკაციულმა პოსტებმა, რომლებიც პოპულარულ სოციალურ ქსელებში, Imgur-სა და Reddit-ში გადაბეჭდეს, ამ გზით მილიონამდე მნახველი მოაგროვა. 

მიუხედავად “ქაღალდის” სადაო მეტაფორისა, აშკარაა, Deehubs-ს მომხდარი ფარატინა ფაქტად არ მიაჩნია: სოციალურმა ქსელმა პოსტების გამოქვეყნებისა და მოდერაციის წესები ფუნდამენტურად შეცვალა. თუ ადრე Deehubs-ი დღეში 1000 პოსტს აქვეყნებდა, ახლა ზედა ზღვარი 10-ჯერ, 100-მდე დაეცა, რათა თითოეული გზავნილი გულდასმით გადამოწმდეს. გასულ თვეს 15,000 პოსტი გამოქვეყნდა გაგზავნილი 28,000-დან. მომდევნო თვეს გზავნილთა რიცხვი რადიკალურად გაიზრდება, მაგრამ გამოქვეყნებულ პოსტთა რაოდენობა არ შეიცვლება. გარდა ამისა, Geocell-ის ინციდენტის შემდეგ, მოდერაციის ისედაც მკაცრ წესებს ორი პუნქტი დაემატა: პირველი ტერორისტულ და საომარ მოქმედებებთან დაკავშირებული გზავნილების ცენზურას ითვალისწინებს, ხოლო მეორე იმ ტიპის პოსტების აკრძალვას, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

შემაფერხებელ ფაქტორებთან ასეთი უკომპრომისო დაპირისპირება, ბუნებრივია, Deehubs-ის მომავლისადმი ოპტიმისტურად განგვაწყობს, თუმცა, როგორც ერთი ახალგაზრდა ქართველი პოეტი იტყოდა – “წერტილი – მძიმეა”. შესაბამისად, ამ სტატიის დასასრულს დასმული მძიმე წერტილიც არ ნიშნავს აპრიორი “ბედნიერ დასასრულს” Deehubs-ისთვის – The End-ის მომენტი, როდესაც ამის იქით პრობლემა აღარ იქნება, რეალურ ცხოვრებაში არასდროს დგება – ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ვცხოვრობთ. ახლა მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას დანამდვილებით: Deehubs-ის სახით მშვენიერ დასასრულთან თუ არა, გადასარევ დასაწყისთან მაინც გვაქვს საქმე. ამ დასაწყისის განსაკუთრებულობას საუკეთესოდ ცხადყოფს თავად ჩვენი პროტაგონისტის სიტყვები, რომლისთვისაც, გადავწყვიტე, ბოლო აბზაცი მთლიანად დამეთმო: აი, ისიც:

“ორი წლის წინ, როდესაც მუშაობა დავიწყეთ, ირგვლივ არ გვქონდა წარმატებული, თანამედროვე ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის არც ერთი მაგალითი. ჩვენს ბაზარზე კომპანიებს ძირითადად ლოკალური მიზნები და მიმბაძველობა ახასიათებთ. ამ ორი წლის განმავლობაში მართლა ძალიან ვიწვალეთ, რათა აქამდე მოვსულიყავით, მაგრამ ეს ჯერ არაფერია. ძნელი იყო მუშაობა, როდესაც არც ერთი ქართული ბრენდი არ გისმენს, როდესაც გიწევს ჩვენი საზოგადოებისთვის ასე მისაღები კორპორაციული ცხოვრების მიტოვება, როდესაც გიწევს მუდმივად ამტკიცო, რომ არ ხარ გიჟი და არ გაქვს უაზრო ამბიციები. მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, ეს ყველაფერი ნამდვილად ღირს იმად, რომ რაიმე შექმნა – შექმნა შენი სიახლე. ამერიკელისთვის ყველაფერი შედარებით მარტივია. აქ მთლიანი სისტემა მუშაობს შენზე – სტუნდეტზე თუ ახალგაზრდაზე – რათა დანერგო სიახლე. სამწუხაროდ, საქართველოში ნამდვილად არ არის ასე. მინდა, ყველა ქართველი ახალგაზრდა მეწარმე – და მათი რაოდენობა იზრდება! იმავე Dubai-ში, Turn8-ში ჩვენ შემდეგ კიდევ 3-4 კომპანია წაიყვანეს – ამ მცდელობებისთვის კიდევ უფრო დაფასდეს. ყველა რევოლუცია განსხვავებულია, მაგრამ რევოლუცია, რომელსაც შენს თავში ახდენ, ყველაზე მასშტაბურია. ამიტომ მგონია, ყველა ქართველი ახალგაზრდა, რომელიც ცდილობს დაისახოს გლობალური მიზნები, ცდილობს შექმნას სიახლე და არ იყოს ჩაკეტილი თბილისის რეალობით, ამ საუკუნის რევოლუციონერია”.

The End

სტატია ინგლისურ ენაზე.

 

წინა სტატია

სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2%-მდე შეამცირა
15 აპრილი, 2015

შემდეგი სტატია

Forbes Georgia არჩევს ავტორებს ბიზნეს თემატიკისთვის
15 აპრილი, 2015
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა