პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები

პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები

პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა სირთულეებმა, განსაკუთრებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის ადმინისტრაციული წესით შეზღუდვამ, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მკვეთრი შემცირება გამოიწვია, რაც, მთავრობის პროგნოზით, წელიწადში -4 პროცენტი იქნება. ეს მაჩვენებელი დაედო საფუძვლად 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებას, რომელსაც სახელად “ანტიკრიზისული ბიუჯეტი“ შეარქვეს. თუმცა შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტურია და ეკონომიკური ვარდნა ალბათ გაცილებით მეტი იქნება, შესაბამისად, წლის ბოლოს ბიუჯეტის მეორეჯერ გადახედვა გახდება აუცილებელი.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ვერც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს აუარა გვერდი. კრიზისებს არ უხდება სიტყვა „იზრდება“. ეკონომიკაც და ქვეყნის ბიუჯეტიც ამ დროს, როგორც წესი, მცირდება. პანდემიამ კი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია და მისი შემოსავლები 3.866 მილიარდი ლარით, ანუ თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით 26.6 პროცენტით გაზარდა. 2020 წლის ბიუჯეტის კანონით, მისი შემოსავლების ოდენობა 14.55 მილიარდი ლარით იყო განსაზღვრული, ცვლილების შემდეგ კი 18.42 მილიარდი გახდება. ეს ზრდა ნასესხები და ნაჩუქარი (გრანტები) ფულით არის განპირობებული. აღნიშნული ფაქტი შეიძლება ბიუჯეტის პირველ პარადოქსად მოვიხსენიოთ – იზრდება, როცა, წესით, უნდა მცირდებოდეს. ეს, რა თქმა უნდა, დიდი მოცულობის საერთაშორისო დახმარებების შედეგია, რომელთა გარეშეც საქართველოს ფინანსური სისტემა ჩამოიშლებოდა.

ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს 1.8 მილიარდი ლარი დააკლდება. მისი კომპენსირება ვალით მოხდება – ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება უპრეცედენტო მოცულობის საგარეო და საშინაო ვალის აღებით. ბიუჯეტში თავდაპირველად გათვალისწინებული და საერთაშორისო პარტნიორებისგან დამატებით მოზიდული საგარეო ვალის ჯამური მოცულობა შეადგენს 6.19 მილიარდ ლარს, ხოლო საშინაო ვალი – 1.85 მილიარდ ლარს. სულ შემოსავლებში საშინაო და საგარეო ვალის მოცულობა 8.04 მლრდ ლარია, რაც 4.97 მილიარდი ლარით (162%-ით) არის გაზრდილი და მთელი შემოსავლების 43.6 პროცენტს შეადგენს. ამას დამატებული გრანტები 558.4 მილიონი ლარის ოდენობით და ბიუჯეტის შემოსავლების თითქმის ნახევარი ფორმირებული იქნება შემოსავლების არასაკუთარი წყაროებიდან. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ლარის შემოღებიდან (1995 წლის ოქტომბერი) დღემდე.

არც სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებში (ასიგნებები) არის ყველაფერი ორდინარულად. 2020 წლის ხარჯების დამტკიცებული გეგმა შეადგენდა 14.43 მილიარდ ლარს, ხოლო კორექტირებული ბიუჯეტით მისი მოცულობა განსაზღვრულია 15.92 მილიარდი ლარის ოდენობით, რაც 1.49 მილიარდი ლარით (10.3%- ით) მეტია დამტკიცებულ გეგმაზე. ეს განპირობებულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და ინფიცირებულთა მკურნალობის, ასევე ეკონომიკური შოკის ზეგავლენის შემცირებისა და დაზარალებულთა დახმარების მიზნით დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობით.

სად გაქრა 2.5 მილიარდი ლარი, რომელიც ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებს შორის სხვაობას წარმოადგენს? არ დაიხარჯება, ბიუჯეტის ნაშთების სახით დაილექება ხაზინის ანგარიშზე. ნაშთის ცვლილება (დაგროვება) შარშან მხოლოდ 121 მილიონი ლარი იყო. წელს უპრეცედენტო მოვლენასთან გვექნება საქმე. ფული გქონდეს და არ ხარჯავდე? ესეც ბიუჯეტის მეორე პარადოქსი. მთავრობის განმარტებით, ნაშთების დაგროვება განპირობებულია პანდემიის მეორე ტალღის გავრცელების შემთხვევაში ანტიკრიზისული ზომების გასატარებლად.

იქნება კი ეს ფული ნამდვილად შემოსული ბიუჯეტში? საკითხავი აი, რა არის!

ამ მოცულობით ნაშთის ცვლილებას შეიძლება პოლიტიკური ახსნაც მოვუძებნოთ. მთავრობამ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, დონორებთან საკუთარი წარმატებული მუშაობის (მარიფათიანობის) ნიმუშად მასშტაბური საგარეო დახმარების მობილიზება მოიყვანა. მთავრობის განცხადებით, 3 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო დახმარებაა მობილიზებული (რომლის უდიდესი ნაწილი კრედიტებია). მის ერთ ნახევარს კომერციული სტრუქტურები მიიღებენ, მეორე ნახევარს კი მთავრობა (ბიუჯეტი). ეს ყველაფერი, მთავრობის დაპირებით, მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. ნახევარი წელი გავიდა და კომერციულ სექტორს სესხები ჯერ საერთოდ არა აქვს აღებული. მას სათანადო ბიზნესპროექტები სჭირდება და საუკეთესო შემთხვევაში მისი დიდი ნაწილი მომავალი წლისათვის თუ იქნება ათვისებული. მიმდინარე წლის განმავლობაში მხოლოდ კომერციული ბანკები თუ შეძლებენ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტის აღებას. მთავრობის ეს დაპირება არარეალისტურია, არ გამართლდება და იგი წინასაარჩევნო პიარის ნაწილად შეიძლება განვიხილოთ. რაც შეეხება ე.წ. ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს, იმ ტემპით, რასაც ჩვენ ვხედავთ (უკვე ხელმოწერილი და პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულებები), საეჭვოა, რომ მოხერხდეს წლის ბოლომდე მათი სრულად მიღება. გარკვეული ნაწილი ალბათ 2021 წლის ბიუჯეტში ამოყოფს თავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემოსავლები 2020 წლის ბიუჯეტში შემცირდება, თუმცა ეს არ გამოიწვევს ხარჯების შესაბამისი ოდენობით კორექტირებას, რადგან დანაკლისი მოაკლდება ხაზინის ნაშთებში დალექილ, „შავი დღისათვის“ გადანახულ „რეზერვებს“. ამას წლის ბოლოს „ნაშთების კორექტირებას“ დაარქმევენ სახელად და ცრუ დაპირებებიც ამ მანიპულაციით ჩაიფარცხება. მაშინ არჩევნები უკვე მორჩენილი იქნება. თუ ნაშთები მართლა გაიზარდა, იგი მომავალ მთავრობაზე იმუშავებს, ახლა კი ქაღალდზე ამ მთავრობაზე „მუშაობს“, როგორც „რეგიონში ყველაზე მაგარ ბიჭებზე, რომლებმაც ყველაზე მეტი ფული იშოვეს“. ესეც ბიუჯეტის მესამე პარადოქსი. ვალი გეზრდება და გეამაყება. პარადოქსია, მაგრამ ამ ექსტრემალურ ვითარებაში – სწორი.

ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი სცენარიც შეიძლება განვიხილოთ – საგადასახადო შემოსავლები 2020 წლის ბიუჯეტში დაგეგმილზე ნაკლები თუ იქნება, ამ დანაკლისის კომპენსირება სწორედაც რომ დაგროვილი ნაშთებიდან მოხდება.

საერთაშორისო დახმარებების სრული მოცულობით მიმდინარე წლის განმავლობაში მიღება მართლაც რომ კარგი იქნებოდა. მას „უსაფრთხოების ბალიშის“ როლი დაეკისრებოდა და ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად შემცირების ან პანდემიის გამო უფრო ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვების აუცილებლობის შემთხვევაში ფინანსური რესურსების დეფიციტს აგვაცილებდა თავიდან.

თუ ეს თანხები ნამდვილად შემოვა, იგეგმება მათი განთავსება კომერციული ბანკების დეპოზიტებზე საპროცენტო შემოსავლების მიღების მიზნით.

ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი უპრეცედენტო ნიშნულს აღწევს და 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 8.5 პროცენტის ოდენობითაა დაგეგმილი, ნაცვლად თავდაპირველი 2.5 პროცენტისა. პანდემიის შედეგად ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე ბიუჯეტის დეფიციტის დროებითი ზრდა გარდაუვალი იყო, მაგრამ მისი მოცულობა შეიძლება ნაკლები ყოფილიყო, მთავრობას ბიუჯეტში არსებული მრავალი უსარგებლო, არაპრიორიტეტული, ბიუროკრატიული და პოლიტიკურად მოტივირებული ხარჯი რომ შეეკვეცა. დეფიციტის დაფინანსების ძირითადი წყარო საგარეო ვალდებულებების ზრდაა, რომლებიც 5.2 მილიარდით მატულობს. შედეგად, მთავრობის ვალი 2020 წელს 28.4 მილიარდ ლარს უტოლდება და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 13.2 პროცენტული პუნქტით იზრდება, რაც 54.4 პროცენტს შეადგენს. მთავრობის ვალი სწრაფად უახლოვდება მთლიანი შიდა პროდუქტის 60-პროცენტიან ზედა ზღვარს, რომელიც დაწესებულია ქვეყნის კანონმდებლობით და რაც ვალის მდგრადობის რისკებს წარმოშობს.

პანდემიური ბიუჯეტი ლარს სერიოზულ გამოცდას მოუწყობს. მან თავისი ნეგატიური როლი ვალუტის მცურავ გაცვლით კურსსაც უკვე დაატყო. ფაქტობრივად, ეროვნული ბანკი მართვადი ცურვის რეჟიმზე გადაერთო. უცხოეთიდან მიღებული ვალუტა თავს იყრის ეროვნული ბანკის რეზერვებში, შესაბამისი ლარები – ბიუჯეტში და მისი ხარჯვისას ეროვნულ ბანკს ხშირად მოუწევს ინტერვენციების განხორციელება დეფიციტური ხარჯვით წარმოქმნილი ნეგატიური ეფექტის გასანეიტრალებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ლარიც გაიქცევა და ფასებიც. ეს, თავის მხრივ, წარმოშობს ლარის კურსით წინასაარჩევნოდ მანიპულაციის საფრთხეს, როდესაც ეროვნული ბანკი რაღაც ნიშნულზე „ყინავს“ კურსს (ალბათ 3 ლარის ფარგლებში დოლართან მიმართებით) და არჩევნების შემდეგ უშვებს „თავისუფალ ცურვაში“. ეს ერთხელ უკვე მოხდა 2016 წელს, როდესაც ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ 180 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარის პოლიტიკური კურსი 2,3-ის ფარგლებში „დაიჭირა“ და არჩევნების შემდეგ ხელი არ შეუშალა მის მკვეთრ გაუფასურებას. ეს გამოცდილება დაინტერესებულმა პირებმა („ტრეიდერებმა“) შეიძლება ლარის საშუალოვადიან პროგნოზად გამოიყენოთ.

პანდემიის ინტენსივობასა და ხანგრძლივობასთან დაკავშირებული გაურკვევლობა გამოიწვევს ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმიდან შემოსავლების მკვეთრ შემცირებას, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. მოხდება ზეწოლა ეროვნული ვალუტის გაცვლის კურსზე, რაც შესაძლოა, ინფლაციის ზრდის მიზეზად იქცეს. ბიუჯეტის დეფიტის ზრდა ინფლაციაზე დამატებითი წნეხის რისკებს აჩენს და საფრთხეს უქმნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. მთავრობის პროგნოზით, სამომხმარებლო ფასების საშუალო წლიური ზრდა 4,7 პროცენტის ფარგლებშია გათვალისწინებული, რაც ნაკლებად რეალისტურია.

დაბოლოს, ბიუჯეტის მეოთხე პარადოქსი – ასეთი ბიუჯეტი თავად პარადოქსია. ასე მხოლოდ დროის მოკლე პერიოდში შეიძლება არსებობა. მერე მას მოსდევს ის, რაც გვინახავს, აქაც და სხვაგანაც. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს არ მოხდება. ნამდვილად ცუდი სცენარია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *