2020

2020

რას ველოდოთ მსოფლიოსგან 2020-ში? როგორ მინდა, აქვე გიპასუხოთ: მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და სხვა ყველაფერ კარგს, რასაც ტრადიციულად ვუსურვებთ ერთმანეთს ყოველ ახალ წელს და უსურვებენ პოლიტიკური და სულიერი ლიდერები თავიანთ ხალხს.

სამწუხაროდ, არც ასე მარტივად არის საქმე. ერთი, რაც გადაჭრით და დადასტურებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ კიდევ უფრო მეტად დაცხება, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. კლიმატური ცვლილებები რომ აშკარაა, არავინ დაობს. გასული წყლის წყალდიდობები (ოოჰ, ვენეციაა!), სარეკორდოდ მაღალი ტემპერატურები (დაიწვა ხალხი ევროპაში), პატარა გაბედული შვედი გოგონას გრეტა ტურნბერგის შეძახილიც, მეცნიერების დასკვნებიც და პოლიტიკოსების დიდი ნაწილის განცხადებებიც ამაზე მიგვანიშნებს. ყინულის მასების სარეკორდო სისწრაფით ლღობას რა შეანელებს, მე არ ვიცი, მაგრამ კლიმატური ცვლილებები და მწვანე ეკონომიკა პოლიტიკოსების დღის წესრიგში მომავალ წელსაც რომ აქტიურად იქნება, ეგ ნამდვილად შემიძლია აქვე დაგიანონსოთ. ევროკომისიის “მწვანე შეთანხმება”, გაერო- ს გენერალური მდივნის შემართება და პარიზის შეთანხმებაზე სულ უფრო მეტი წევრის მიერთება იმედის საფუძველს იძლევა.

თუმცა არიან სკეპტიკოსებიც, ურწმუნო თომებიც (“სულ გამოგონილია ეგ ამბავი! არაფერი განსაკუთრებული არ ხდება!”) და კატეგორიული მოწინააღმდეგეებიც. ამ სიაში ყველაზე გამორჩეული, ტვიტ-აქტიური და, მოდი, არ დავუკარგოთ, ენერგიულიც, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. ბუნებითაც ასეთია, მაგრამ ახლა დიდი ამოცანის წინაშე დგას. 20 20 წყვილი ნომრებია! არის ხალხი, ვისაც რიცხვების, ციფროლოგების, ვარსკვლავთმცოდნეებისა და მკითხავების (მაგ. რუსეთის პრეზიდენტს) მაგრად სწამს და სჯერა. ჰოდა, როგორც ამბობენ, წყვილები იღბლიანი და წარმატების მომტანიაო. დონალდ ტრამპი რომ მხოლოდ რიცხვების ამარა და იმედად არ და ვერ იქნება, ეს მან თავადაც კარგად იცის და ამიტომ ცდილობს, ყველა წუთი, ყველა შემთხვევა და ყველა გამოწვევა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ასე რომ, პირველი, რაც საშობაო და საახალწლო ზეიმების შემდეგ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდება, ეს მის წინააღმდეგ დაწყებული საიმპიჩმენტო პროცედურების ირგვლივ მოვლენების დრამატული განვითარება იქნება. ამის თაობაზე უფრო დეტალურად ჩემს სხვა ბლოგში მოგახსენეთ, მაგრამ აქაც უნდა აღინიშნოს: მეტოქეთა, ანუ რესპუბლიკელებისა და დემოკრატების მარიფათზე ანუ მოხერხებულობაზე იქნება, ვინ მიიღებს ამ პროცესიდან უფრო მეტ სარგებელს. დონალდ ტრამპის ამოცანაა, რომ სენატში რესპუბლიკური უმრავლესობის მოსმენა დროზე გაიმართოს, დროზევე გამართლდეს და თემა რაც შეიძლება სწრაფად დაიხუროს. დემოკრატებისთვის კი პირიქით, მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად გაწელონ პროცესი და განამტკიცონ ამერიკელ ამომრჩევლებში განწყობა, რომ დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევა დაუშვებელია მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამო. ვნახოთ, ვინ იმარჯვებს. როგორც ყოველთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მას ადევნებს თვალს ყველა: მომხრე და მოწინააღმდეგე, მტერი და მოყვარე, მილიარდერი და სტარტაპერი, მსახიობი და რეპერი. ჩვენც მათთან ერთად გავხდებით ძაალიან ცხელი და დაძაბული საარჩევნო კამპანიის მომსწრენი.

31 იანვარს ოფიციალურად გაფორმდება ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის განქორწინება. ეს გადაწყვეტილია. ბრიტანეთის პარლამენტმაც დაამტკიცა ბრექსიტის შეთანხმება, დედოფალმაც ისაუბრა თავის გამოსვლაში და ევროკავშირის ყველა ახლად არჩეულმა უმაღლესი თანამდებობის პირმაც დაადასტურა, რომ ევროპელთა ცხოვრებაში ახალი ეპოქა იწყება და 2020-ში დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი აღარ იქნება. თუმცა საბოლოო, სრულფასოვან გაყრამდე, სავაჭრო ურთიერთობების ახალი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ მთელი წელია. ასე რომ, ვისაც გქონდათ იმედი, რომ ბრექსიტის თემა თქვენს მსოფლიო საინფორმაციო დაიჯესტში აღარ მოხვდებოდა, სულ ტყუილად. ამასთან, ყურადღების ცენტრში აუცილებლად მოექცევა აშშ-დიდი ბრიტანეთის ძველი და ახალი სამოკავშირეო ურთიერთობები. შესაძლოა, ბრიტანელები არ “გიჟდებოდნენ” დონალდ ტრამპზე, მაგრამ სამაგიეროდ თავად დონალდ ტრამპი საოცრად დამუხტულია ბორის ჯონსონთან ახალი, სა20არი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებისა და ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე აყვანის იდეით. ამ ფონზე, კიდევ უფრო საინტერესო იქნება აშშ-ის ევროკავშირელებთან ურთიერთობები, რომლებიც სამ ძირითად თემას მოიცავს. ესენია: სავაჭრო ტარიფები, ენერგეტიკული პროექტები და თავდაცვის ხარჯები. ინდივიდუალურად თუ ორგანიზაციების ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტმა 2019-ში საკმაოდ ხმაურიანად “შემოჰკრა” ამ თემებს: ტარიფების თემა ღიაა და ნებისმიერ დროს შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს (და, შესაბამისად, ფრანგული ყველი და ღვინო და გერმანული მანქანები აშშ- ში უფრო მეტად გაძვირდეს), გერმანულ/ რუსული (შეიძლება პირიქითაც, რუსულ/ გერმანული) “ნორდსტრიმ 2” ბოლოში უნდა მივიდეს, თუმცა სანქციების გამო შეიძლება გარკვეული დროით მაინც მნიშვნელოვნად შეფერხდეს და თავდაცვაზე ნატო- ს სტანდარტებით ხარჯვების ზრდის პროცესი უნდა გაგრძელდეს (ასე ფიქრობს დონალდ ტრამპი და მაინცდამაინც ასე არ ფიქრობენ ევროპელები).

სადაც ტარიფებია, იქაც ამერიკელები და ჩინელებია. მართალია, მათ 2019-ის ბოლოს გაგვახარეს და გვამცნეს, რომ მათ შორის სავაჭრო შეთანხმების პირველი ფაზის დოკუმენტი ორივე მხრიდან მოწონებულია, მაგრამ ჩვენ ყველას უკვე დაგვიგროვდა საკმაო გამოცდილება, რომ ვიდრე შეთანხმებაზე ხელმოწერების მელანი არ გაშრება, ზეიმისა და სადღეგრძელოების მიზანშეწონილობა არ იქნება. განსაკუთრებით, როდესაც საქმე დონალდ ტრამპს და მის ვიზავი სი ძინ პინს ეხება. მაინც იმედიანად დავიწყოთ წელი და გამომდინარე იქიდან, რომ ეს შეთანხმება ორივე ლიდერს საშინაო მიზნებისთვის ძალიანაც სჭირდება, მოდი, ფრთხილად ვივარაუდოთ, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერება. თუმცა ვერავინ იტყვის, რომ 2020-ში მათ შორის სატარიფო ან არასატარიფო დაძაბულობა არ გაგრძელდება. ვაჭრობის გარდა ხომ იმდენი თემაა, რის გამოც ორი ზესახელმწიფო ერთმანეთს სერიოზულ მოწინააღმდეგედ განიხილავს. მათ შორის უმთავრესი შეიარაღებაზე კონტროლია. აშშ-მ და რუსეთმა ერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება ბირთვული შეიარაღების შესახებ უკვე გააუქმეს. მას რუსები არღვევდნენ, მაგრამ ვიყოთ ობიექტური, 1987 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას არც დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია წყალობდნენ. იმიტომ, რომ მისი ნაწილი არ არის ჩინეთი. ბირთვულ შეიარაღებაზე ახალი მექანიზმების შემუშავება და შეთანხმებების მიღწევა აუცილებლად იქნება 2020-ის ერთ-ერთი მთავარი თემა. დონალდ ტრამპი აუცილებლად შეეცდება, რომ, სულ მცირე, რუსეთთან დადოს ახალი შეთანხმება, რაც კიდევ ერთი დიდი ქულა იქნება მის საარჩევნო ყულაბაში, ხოლო თუ მოახერხა და ჩინეთიც დასვა სამმხრივი მოლაპარაკების მაგიდასთან, მისი დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. აშშ- სა და ჩინეთს შორის კიდევ ერთი ცხელი თემა ჰონკონგი იქნება. მაღალი ალბათობით, ჰონკონგში პროტესტი კვლავაც გაგრძელდება, მისი მმართველი კერი ლამი ბეიჟინიდან შეიცვლება, მაგრამ ამით ვითარება არ განიმუხტება. თუკი შევცდები და ჰონკონგი მიაღწევს თავისი მოთხოვნების შესრულებას და შეძლებს ჩვეულ რიტმში დაბრუნებას, მე მხოლოდ და მხოლოდ გამიხარდება.

რაც შეეხება რუსეთს, რაც არ უნდა “გაკეთილშობილების სტრატეგია” არჩიოს და ახორციელოს, რუსეთის ხელისუფლების მენტალიტეტში რევოლუციური ცვლილებები მაინც არ მოხდება. საერთაშორისო არეულობის, დაპირისპირებისა და დაძაბულობის გენერატორი იყო, არის და 2020-შიც იქნება რუსეთი. მათ ხომ სხვანაირად არ ძალუძთ! თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს არაფრად აგდებენ და სხვისას როგორ გაუფრთხილდებიან. არ მაქვს იმედი, მაგრამ იქნებ წელს მაინც ლონდონში სკრიპალების, ბერლინში კი ხანგოშვილის მოწამვლისა და მკვლელობის მსგავსი დანაშაულების ჩადენისგან შეიკავონ თავი. ბოლო ბოლო ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავის პომპეზურად აღნიშვნა უნდათ!

ევროპასა და აშშ-ში თუ ვერა, ახლო აღმოსავლეთში მაინც განაგრძობენ რუსები დაძაბულობის შენარჩუნებას. ტერორიზმთან ბრძოლის საფარით, სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა, ლიბიაში დაქირავებული მკვლელების რაზმებით სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება, აგრეთვე, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში ყველა შესაძლო ფორმებით დაძაბულობის შენარჩუნება რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის კვლავაც განუყოფელი ნაწილი იქნება.

ჩვენი მეგობარი და კიდევ ერთი მეზობელი თურქეთის პრეზიდენტიც გარანტირებულად ყურადღების ცენტრში იქნება. ისეთ დიდ გამოწვევებს არის შეჭიდებული და ისეთი მსხვილი გლობალური მოთამაშეების ინტერესებს არის დაჯახებული, რომ 2020-ის განმავლობაში მთავარ მოქმედ გმირებს შორის მსოფლიო არენაზე თურქეთის პრეზიდენტი აუცილებლად იქნება.

ვინაიდან ახლო აღმოსავლეთს შევეხეთ, ისრაელში ისევ ვადამდელი არჩევნები და მაღალი ალბათობით კოალიციაზე ისევ დაძაბული მოლაპარაკებები იქნება. მის მოწინააღმდეგე ირანთან მიმართებით კი საინტერესო ევროკავშირის ახალი უმაღლესი თანამდებობის პირების პოზიციონირება და ირანთან შემდგომი ურთიერთობების განვითარება იქნება. გულწრფელად გითხრათ, არც აქ ვარ ოპტიმისტურად, რომ ეკონომიკურად მნიშვნელოვნად დასუსტებული, ამერიკული სანქციებით შევიწროებული ირანი ევროპელებისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის ადვილი საურთიერთობო იქნება და 2020- ში უკეთესობისკენ რაიმე ძვრა იქნება.

კი მღეროდა ჯონ ლენონი მის ლეგენდარულ სიმღერაში “იმეჯინ” კაი კაი რამეებს, მარტინ ლუტერ კინგსაც ჰქონდა დიდი ოცნებები, მაგრამ ჰაი ჰაი, რომ ქუჩაში 20 20-ია და მოუგვარებელი პრობლემაც, ათას ერთის მაგივრად, ათას 20-ია.

მშვიდობიან, ბარაქიან და იღბლიან წელს გისურვებთ!