საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 4.7%-ით გაიზარდა და საშუალოდ 779.4 ათასი ადამიანი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, დასაქმებულთაგან 43.1% ქალია, 56.9% კი კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.9% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.3% – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 39.8% – მცირე ბიზნესზე.
რაც შეეხება 2022 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებას, საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 605.9 ლარი შეადგინა. ეს გასული წლის მონაცემს 258.3 ლარით აღემატება. აღსანიშნავია, რომ ქალების საშუალო თვიურმა ხელფასმა სექტორში 1,264 ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 199.6 ლარითაა გაზრდილი.
საწარმოების ზომის მიხედვით, გასულ წელს საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილი ბიზნესი – 1 822.4 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 862.2 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 187.2 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოს ბიზნესსექტორის ბრუნვა 20.8%-ით გაიზარდა და 181.8 მილიარდი ლარი შეადგინა. პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი კი 71.8 მილიარდი ლარით გაიზარდა, რაც წინა, 2021 წლის მონაცემს 24.6%-ით აჭარბებს.