გასულ კვირას Pfizer-მა 2022 წლის გეგმების შესახებ ისაუბრა. კომპანია წელს რეკორდული რაოდენობის შემოსავლის მიღებას ელის. მათი მოლოდინით, Pfizer-ი 32 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასა და 22 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ანტივირუსულ სამკურნალო აბს, პაქსლოვიდს გაყიდის.
თუმცა, მიუხედავად დიდი გეგმებისა, მათი მეოთხე კვარტალის ანგარიშები ინვესტორთათვის არც ისე დამაიმედებლად გამოიყურებოდა. Pfizer-ის აქციათა ფასი ორშაბათს 5.7%-ით შემცირდა.
Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას, განცხადებით, კოვიდის სამკურნალო პრეპარატ პაქსლოვიდის გაყიდვები შესაძლოა, უფრო მეტი იყოს, ვიდრე მოსალოდნელია. თუმცა კომპანია მხოლოდ იმ რიცხვებზე საუბრობს, რაზე ლაპარაკის საშუალებასაც ამჟამად დადებული გარიგებები და შეთანხმებები აძლევს.
ბიოფარმაცევტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, ამჟამად Pfizer-ი 100-ზე მეტ ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს პაქსლოვიდთან დაკავშირებით. მხოლოდ მეოთხე კვარტალში Pfizer-ის ანტივირუსული აბის გაყიდვებმა შეერთებულ შტატებში 76 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ამ წამლის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა დეკემბერში გასცა.
აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, კომპანია წლის პირველ კვარტალში 6 მილიონი კურსისთვის საჭირო სამკურნალო აბს დაამზადებს, ხოლო წლის ბოლოსათვის უკვე 120 მილიონი კურსისთვის სამყოფი მედიკამენტი ექნება წარმოებული. როგორც ჩანს, წამლებისა და ვაქცინების მწარმოებელი კომპანიებისათვის მიმდინარე წელი საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. საკუთარი მოლოდინების შესახებ ინფორმაცია გუშინ მედიკამენტების მწარმოებელმა კიდევ ერთმა კომპანიამ, Merck-მაც გაავრცელა.