სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 29 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 231.5 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. ეს 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით (208.0 მილიონი კუბური მეტრი) 11.3%-ით მეტია.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.75 მილიონი ადამიანი. ეს მთლიანი მოსახლეობის 74.5%-ია. 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2023 წელს მონაცემი 3%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, გასულ წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 1.98 მილიონი შეადგინა. ეს მთლიანი მოსახლეობის 53.7%-ია. 2022 წელთან შედარებით მაჩვენებელი 1%-ით არის გაზრდილი.
ამასთანავე, 2023 წელს ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 1.52 მილიონი, მთლიანი მოსახლეობის 41.2% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2%-ით აღემატება.