საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 24.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ამავე წლის მშპ-ის 79.2 პროცენტია.
სებ-ის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 800 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. მათ შორის, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 367.2 მლნ აშშ დოლარით, საკურსო ცვლილებების გამო 341.4 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ფასისა და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად, 59.6 და 31.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
„სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.2 მლრდ აშშ დოლარი (30.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ის 36.7 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.7 მლრდ აშშ დოლარი (23.3 მლრდ ლარი; მშპ-ის 28.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 874.1 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ის 2.9 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 462.4 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ის 1.5 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.3 მლრდ ლარი; მშპ-ის 4.0 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 7.3 მლრდ აშშ დოლარი (19.5 მლრდ ლარი; მშპ-ის 23.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.6 მლრდ აშშ დოლარი (12.5 მლრდ ლარი; მშპ-ის 15.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისმა ვალმა – 2.7 მლრდ აშშ დოლარი (7.3 მლრდ ლარი; მშპ-ის 8.9 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.5 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით“, – ვკითხულობთ პუბლიკაციაში.
ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 12.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მშპ-ის 40.1 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.2 მლრდ აშშ დოლარია, რაც მშპ-ის 20.3 პროცენტია.
როგორც ირკვევა, თავად ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 2023 წლის მეოთხე კვარტალში 1.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. წლის ბოლოსთვის კი მისმა საგარეო ვალდებულებებმა 874.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, „აქედან, 466.9 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“.