ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს მიერ საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა და 1.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 661,999,720 აშშ დოლარით, ანუ 57.9%-ით გაიზარდა. რაც შეეხება პანდემიამდელ პერიოდთან, 2019 წელთან მიმართებით აღდგენამ, ამ მაჩვენებელმა 123.9%-ი შეადგინა.
საკუთრივ მეორე კვარტალში საქართველოს მიერ საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის 115%-ით აღდგენას გულისხმობს და $1 მილიარდს აჭარბებს. 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი ზრდამ 260,291,106 აშშ დოლარი, ანუ 34.8% შეადგინა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში მთლიანობაში 2,860,117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 75.9 %-ს შეადგენს. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, აღნიშნული მიზნით მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანას 1,930,483 სტუმრობა დაფიქსირდა. ეს 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი 59.6%-იან ზრდას წარმოადგენს.