2024 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

2024 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მიხედვით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

კერძოდ, გასული წლის განმავლობაში ჯამურად ყველა აეროპორტი 7,425,399 მგზავრსა და 31,937 რეისს მოემსახურა. წლიურ ჭრილში მგზავრთნაკადი 24%-ით არის გაზრდილი, რეისების რაოდენობა კი – 25%-ით.

რაც შეეხება კონკრეტულ მაჩვენებლებს, 2024 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 4,750,830 მგზავრს მოემსახურა, რაც მისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამავდროულად, გასულ წელს აეროპორტში 22,715 რეისი შესრულდა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29%-ით არის გაზრდილი, ხოლო რეისების რაოდენობა – 30%-ით.

ამავე პერიოდში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 1,722,809 მგზავრს მოემსახურა, რაც მისთვისაც რეკორდული მაჩვენებელია. გასულ წელს აეროპორტში სულ 5,078 რეისი შესრულდა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 3%-ით, რეისების რაოდენობა კი 1%-ით გაიზარდა.

რეკორდული წელი აღმოჩნდა ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტისთვისაც, რომელიც 951,760 მგზავრსა და 4,144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 53%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა.