2030 წლისთვის Volvo მოდელებში ტყავის გამოყენებას შეწყვეტს

2030 წლისთვის Volvo მოდელებში ტყავის გამოყენებას შეწყვეტს

შვედური ავტომობილების მწარმოებელი Volvo Cars-ი 2030 წლისთვის მოდელებში ტყავის გამოყენებას სრულად შეაჩერებს. ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათი მიზანია, 2025 წლისთვის Volvo-ს მანქანებში გამოყენებული მასალის მეოთხედი გადამუშავებული და ბიოშემცვლელი ნივთიერებისგან შედგებოდეს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ტყავის გამოყენებაზე უარის თქმისა, კომპანია სანდო მომწოდებლისგან ბეწვის მიღებას კვლავ განაგრძობს. ინტერიერისთვის საჭირო ერთ-ერთი მასალა კი, რომელსაც Nordico ეწოდება, შედგება ტექსტილისგან, რომელიც გადამუშავებული მასალებისგან, მათ შორის პოლიეთილენის ბოთლებისა და ღვინის ბოთლების საცობებიდან მიიღება. Volvo Cars-ის გლობალური მდგრადობის დირექტორის, სტიუარტ ტემპლარის განცხადებით, ისეთი პროდუქტებისა და მასალების პოვნა, რომლებიც ცხოველთა კეთილდღეობაზე იქნება გათვლილი, საკმაოდ რთული პროცესია. თუმცა ეს ვერ ჩაითვლება ამ საპასუხისმგებლო საკითხისთვის თავის არიდების მიზეზად.

Volvo-მდე საკუთარ მოდელებში ტყავის გამოყენებაზე უარი არაერთმა ავტომწარმოებელმა თქვა. ჯერ კიდევ 2019 წელს, ილონ მასკის ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ გადაწყვიტა, model 3-ის ინტერიერში ტყავი არ გამოეყენებინა. ამის მაგალითია Porsche-ც, რომელიც Volkswagen Group-ს ფლობს და მომხმარებელს თავისი სპორტული ელექტრომობილის, Taycan-ის, ისეთ მოდელს სთავაზობს, რომლის ინტერიერში ტყავი საერთოდ არ არის გამოყენებული.

შეგახსენებთ, რომ მარტში Volvo Cars-მა, რომლის სათავო ოფისი შვედეთში მდებარეობს, თუმცა ჩინეთის Zhejiang Geely Holding Group-ს ეკუთვნის, განაცხადა, რომ 2030 წლისთვის სრულად ელექტრომობილების კომპანიად გარდაქმნას აპირებს. კომპანია თვლის, რომ შიდაწვის ძრავით აღჭურვილ მანქანებს მომავალი აღარ აქვთ და 2030 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.