UEFA ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის საპრიზო ფონდს გააორმაგებს

UEFA ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის საპრიზო ფონდს გააორმაგებს

UEFA ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის საპრიზო ფონდს ზრდის. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის განცხადებით, EURO 2022-ის ჩემპიონატისთვის ქალთა საპრიზო ფონდის გაორმაგება იგეგმება.

UEFA-ს ინფორმაციით, 16 გუნდი, რომელიც მომავალ წელს ინგლისში გასამართ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, 2017 წელთან შედარებით ორმაგ თანხას მიიღებს, რაც საერთო ჯამში 16 მილიონი ევროს გადანაწილებას გულისხმობს. თითოეული გუნდის მიერ მიღებული თანხა ტურნირში მათ მიერ მიღწეული შედეგების მიხედვით განისაზღვრება.

საგულისხმოა, რომ ამ მოცულობის თანხით, ქალთა საპრიზო ფონდი კვლავ მამაკაცების ტურნირის დაჯილდოების 5%-ზე ნაკლებს შეადგენს. კერძოდ, ზაფხულის  EURO ტურნირში მონაწილე 24 გუნდისთვის UEFA-მ 371 მილიონი ევრო გამოყო, საიდანაც გამარჯვებულ გუნდს, იტალიას, 34 მილიონი ევრო ერგო. იტალიის მიერ ტურნირში გამარჯვების შემდგომ მიღებული თანხა ორჯერ მეტია იმ საპრიზო ფონდზე, რომელსაც ქალთა გუნდები EURO 2022-ის ტურნირში გადაინაწილებენ.

საპრიზო ფონდის ზრდასთან ერთად, UEFA „კლუბის სარგებლის პროგრამის“ დანერგვასაც აანონსებს. „კლუბის სარგებლის პროგრამა“ 4.5 მილიონ ევროს გადასცემს იმ კლუბებს, რომლებიც საკუთარ ფეხბურთელებს შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას მისცემენ. ამავე პროგრამის მიხედვით, მამაკაცთა საფეხბურთო კლუბებისთვის 200 მილიონი ევროს გადაცემაა გათვალისწინებული. UEFA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური განაწილების ზრდა და „კლუბის სარგებლის პროგრამის“ დანერგვა არის UEFA Women’s Football Strategy-ის სტრატეგიული ინიციატივა – TimeForAction-ი, რაც უზრუნველყოფს იმაზე მეტ თანხას, ვიდრე ოდესმე ქალთა თამაშებს მოხმარებია.

გარდა ამისა, UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მამაკაცთა საფეხბურთო კლუბებისთვის დაამტკიცა ახალი სოლიდარობის ანგარიშსწორების მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს უფრო დიდ ფინანსურ დახმარებას იმ კლუბებისთვის, რომლებიც არ მონაწილეობენ 2021-24 წლებში გასამართ UEFA-ს საკლუბო ტურნირებში. ამ გადაწყვეტილებით ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა მის ვალდებულებას სრულიად ევროპული ფეხბურთის მიმართ.

ახალი ცვლილებები გულისხმობს წილის გაზრდას იმ ქვეყნების ჩემპიონატებისთვის, რომლებიც პირველ ხუთეულში არ არიან და შედარებით შეზღუდულ წილს პირველი ხუთეულისთვის: ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი. ეს წესი შეამცირებს ძალიან დიდ სხვაობას UEFA Champions League-ის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე და არამონაწილე კლუბების ასოციაციებს შორის. UEFA-ს ანგარიშით, წილების მსგავსი გადანაწილება არამონაწილე კლუბებისთვის 2018-2021 წლებში გამოყოფილ 130 მილიონ ევროს 175 მილიონ ევრომდე გაზრდის.

 

ფოტო: Sportsfile

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.