3 რამ, რასაც ჭკვიანი ადამიანები აკეთებენ, როდესაც ახალი უფროსი მოდის

3 რამ, რასაც ჭკვიანი ადამიანები აკეთებენ, როდესაც ახალი უფროსი მოდის

ახალი უფროსის მოსვლა შესაძლოა ცოტათი სტრესული აღმოჩნდეს. თქვენ უკვე მოძებნეთ მიდგომა ამჟამინდელ უფროსთან და მეტ-ნაკლებად შეეგუეთ მასთან მუშაობას. უკვე იცით, რამდენ ხანში მოგწერთ იგი პასუხს ელექტრონულ ფოსტაზე, მიაგენით მისთვის ახალი იდეების მიწოდების საუკეთესო გზას და მიხვდით, რა ვადებს გულისხმობს, როდესაც საქმის “სასწრაფოდ” შესრულებას ითხოვს. მიუხედავად ზემოთქმულისა, უდავოა, რომ ახალ ადამიანთან მუშაობა ამავდროულად კარგი შესაძლებლობაა მაშინაც კი, თუ თქვენ იმ იღბლიანთა უმცირესობას მიეკუთვნებით, ვისაც თავისი უფროსი უყვარს. ახალმა უფროსმა შესაძლოა კიდევ უფრო გიბიძგოთ პროფესიული ზრდისაკენ. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ახალ უფროსთან ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე აგებული ურთიერთობის ხელახლა შენება ძალზე ღირებული უნარია, რომელიც ყოველთვის გამოგადგებათ.

თუკი ძველი უფროსი ხელს უშლიდა თქვენს პროფესიულ და კარიერულ ზრდას, მაშინ ახალი უფროსის მოსვლა თქვენთვის ნამდვილად წარმოადგენს ახალ შანსს და შესაძლებლობას, რომელიც თქვენ ასე გჭირდებათ.

მხოლოდ სურვილი იმისა, რომ ყველაფერი “კარგ ფეხზე” დაიწყოს, საკმარისი არ არის. ადამიანები, რომლებიც ახალი უფროსის მოსვლით მაქსიმალურ სარგებელს პოულობენ, შემდეგნაირად იქცევიან:

1. ჭკვიანი ადამიანები საუკეთესო კუთხით წარმოაჩენენ საკუთარ თავს

როგორც წესი, ახალ უფროსთან პირველი შეხვედრისას, იქნება ეს უფროსობის კანდიდატი თუ უკვე თანამდებობაზე დანიშნული, თქვენ ყველანაირად ცდილობთ შთაბეჭდილების მოხდენას, ხოლო რაც დრო გადის, ცოტათი უფრო დუნდებით და აღარ ხართ ასე კონცენტრირებული შთაბეჭდილების მოხდენაზე.

თავდაპირველად თქვენ ხუთჯერ კითხულობდით და ამოწმებდით საკუთარ წერილებს, ვიდრე მათ უფროსს გაუგზავნიდით. ახლა კი ტელეფონიდან გაგზავნილი ერთწინადადებიანი პასუხებით შემოიფარგლებით. თავიდან სამსახურში ყოველთვის დროულად მიდიოდით, ახლა კი სულაც არ ღელავთ, თუკი Starbucks- ის ყავის საყიდლად რიგში დგომის გამო შეგაგვიანდათ. ეს იმიტომ, რომ თქვენს ძველ უფროსთან ურთიერთნდობა ჩამოგიყალიბდათ. თქვენ უკვე იცით, რომ მისთვის სრულიად მისაღებია მიმოწერის არაოფიციალური ფორმა და დროდადრო სამსახურში დაგვიანება.

ახალი უფროსის გამოჩენა შესაძლოა დამაბნეველი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკვე საკუთარ სამუშაოს თავიდან ბოლომდე ასე კარგად იცნობთ. გახსოვდეთ, რომ ახალ უფროსთან ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევთ, მით უფრო – შთაბეჭდილების მოხდენის კუთხით. ამიტომ ითამაშეთ პროფესიონალიზმის წესების სრული დაცვით და აჩვენეთ უფროსს, რომ თქვენ კარგად ფლობთ ამ წესებს.

დაიცავით ზომიერება

ერთი რამ, რაც გამოარჩევს ჭკვიან ადამიანებს, არის მათი უნარი, მოზომონ საკუთარი პროფესიონალიზმი ისე, რომ ზედმეტად არ წარმოაჩინონ საკუთარი თავი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არის საჭირო პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში ერთი საათით ადრე მისვლა, მკაცრი “დრეს-კოდის” დაცვა, გადაჭარბებულად ფორმალური მიმოწერა უფროსთან და მერე უცებ ძველ ყაიდაზე დაბრუნება.

ამით თქვენ მას აჩვენებთ, რომ წესების დაცვა არის ჩამრთველი, რომელსაც თქვენ სურვილისამებრ იყენებთ, როცა კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ (და რა წუთსაც თავს კომფორტულად იგრძნობთ, მაშინვე გამორთავთ ხოლმე). ამ ორ უკიდერესობას შორის წინ და უკან ხტომა თქვენს უფროსს მხოლოდ დააბნევს.

ამიტომ თავიდანვე შეარჩიეთ სამუშაოსადმი ის დამოკიდებულება, რომელიც მიესადაგება თქვენს ჩვეულ მუშაობის სტილს. ეცადეთ, სამსახურში რომდენიმე წუთით ადრე მიხვიდეთ, ნუ ჩაიცვამთ მეტისმეტად “კეჟუალ” სტილში და გადაიკითხეთ თქვენი წერილები, ვიდრე მათ ახალ უფროსს გაუგზავნით. ეს სწორედ იმ სახის ცვლილებებია, რომლებიც თქვენც კარგად წარმოგაჩენთ და მათი დაცვაც არ იქნება რთული სამომავლოდ.

2. ჭკვიანმა ადამიანებმა იციან ახალი იდეების მიწოდება

როდესაც ადამიანი იკავებს ხელმძღვანელ თანამდებობას, ის აუცილებლად ეძებს სხვადასხვა გზას, რათა გააგრძელოს თავისი გუნდის წინსვლა. ასე რომ, შეხედეთ ამას, როგორც შესაძლებლობას, საქმეში თქვენი წვლილი შეიტანოთ და გაუზიაროთ ახალ უფროსს საკუთარი ინოვაციური იდეები ან შესთავაზოთ ახალი გზები.

დაგეგმეთ უფროსთან შეხვედრა და მოემზადეთ ბრეინსტორმინგისთვის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებს გაუმჯობესებას. ხომ არ გახსენდებათ რაიმე საკითხი, რომელიც გამარტივებას საჭიროებს (ან ღირდეს ექსპერიმენტირებად)? ხომ არ გაქვთ მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება წინ წამოსწიოთ თქვენი გუნდის ინიციატივები?

თუ მაშინვე არაფერი მოგაგონდათ, შეხვედრის მსვლელობისას ეცადეთ, ბევრი კითხვა დასვათ. ჰკითხეთ ახალ უფროსს მისი პრიორიტეტებისა და მიზნების შესახებ. გააკეთეთ ჩანაწერები და შეხვედრის შემდეგ გააანალიზეთ მისი ნათქვამი. გაუგზავნეთ მას წერილი, სადაც ამ მიზნების მიღწევის გზები იქნება ჩამოთვლილი.

დაიცავით ზომიერება

როდესაც გაუმჯობესებაზეა საუბარი, დიდია ცდუნება, ზედმეტად განავრცოთ არსებული ხარვეზები. მაგრამ ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ უარყოფით მხარეებზე ყურადღების გამახვილება – იქნება ეს ყოფილ უფროსთან დაკავშირებული საკითხები თუ ზოგადად როგორ ხდებოდა მუშაობა – არასოდეს არ არის კარგი აზრი.

ამ თემაზე საუბრით შესაძლოა ხაზი გაესვას თქვენს კომპეტენციას და გამოცდილებას. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ძველი სისტემის გაუმართაობა ობიექტური ფაქტია და თქვენ არ გქონდათ საშუალება, ბოლომდე გამოგევლინათ თქვენი პოტენციალი, თავი შეიკავეთ ზედმეტი კრიტიკისაგან. იყავით პოზიტივზე ორიენტირებული.

3. ჭკვიანი ადამიანები სთავაზობენ თავიანთ დახმარებას

თქვენი უფროსისათვის ახალია კომპანია, დეპარტამენტი და თქვენი გუნდის მუშაობაზე პასუხისმგებლობა. ალბათ გახსოვთ, როგორი გრძნობაა, იყო გუნდის ახალი წევრი: ასეთ შემთხვევაში თქვენ ყოველთვის უამრავი შეკითხვა გიჩნდებათ.

გამოიყენეთ ეს გარემოება იმისათვის, რომ დაუახლოვდეთ თქვენს ახალ უფროსს.

შესთავაზეთ მას თქვენი გამოცდილება, გაუზიარეთ ურჩი პრინტერის ამუშავების საიდუმლო ან მოუყევით თქვენი საქმიანი ურთიერთობების შესახებ კომპანიის მთავარ პარტნიორთან. აგრძნობინეთ მას, რომ სიამოვნებით დაეხმარებით და უპასუხებთ ნებისმიერ შეკითხვებზე, რაც მას მიმდინარე საქმეებში გარკვევისას დაეხმარება.

დაიცავით ზომიერება

ჭკვიანმა ადამიანებმა იციან განსხვავება დახმარებისათვის მზადყოფნასა და ლაქუცობას შორის. ნუ მოიქცევით როგორც მასწავლებლის ქლესა მოსწავლე და საკუთარ თავს ნუ დანიშნავთ თქვენს უფროსსა და გუნდს შორის შუამავლად.

ასეთი საქციელი თითქმის ყოველთვის უკუშედეგს იძლევა, რადგან თქვენ ამით უფროსს “ფავორიტიზმისკენ” უბიძგებთ, ეს კი თქვენს წინააღმდეგ განაწყობს კოლეგებს (და შეიძლება თავად თქვენი უფროსის გაღიზიანებაც გამოიწვიოს).

ასე რომ, ნუ მოიქცევით ისე, თითქოს ერთადერთი ადამიანი ხართ გუნდში, ვისაც დახმარების აღმოჩენა შეუძლია. წააქეზეთ თქვენი თანამშრომლები, რომ მათაც შესთავაზონ დახმარება ახალ უფროსს და შეეცადეთ, დადებითად ისაუბროთ მათ შესაძლებლობებზე.

დაბოლოს, ყველა ჭკვიანი ადამიანი ასეთ სიტუაციაში ახერხებს დაიკავოს პოზიცია “გაიღიმე და გაატარე”. მაშინაც კი, როდესაც თქვენი ახალი უფროსის მოსვლით სისტემა ძირითადად უცვლელი რჩება (მაგრამ, როგორც წესი, ეს ასე არ ხდება), ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველა ადამიანი მაინც განსხვავდება ერთმანეთისაგან. თქვენს ახალ უფროსს აუცილებლად ექნება პრიორიტეტების დასახვისა და კომუნიკაციის თავისებური სტილი.

იმისათვის, რომ თქვენი კარიერული ზრდა გააგრძელოთ, აუცილებელია, იყოთ მოქნილი და გახსნილი ახალი შესაძლებლობებისათვის. ეს თქვენთვისაც არის შანსი, გაიზარდოთ და წინ წახვიდეთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *