30 UNDER 30 • ინოვაციებს საზღვრებში ვერ მოათავსებ

30 UNDER 30 • ინოვაციებს საზღვრებში ვერ მოათავსებ

უკვე მესამე წელია, რაც Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 სწორედ იმ ახალგაზრდებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.

ახლა, როდესაც პანდემია ყოველდღიურად გვაყენებს ზიანს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და დინების საწინააღმდეგოდ მიდიან.

მათ ერთი რამ აერთიანებთ – ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს – ზოგიერთმა შეუძლებელი შეძლო და კოვიდ-19-ის პირობებში ბიზნესი წამოიწყო, ზოგს დაავადებასთან ბრძოლაში შეაქვს წვლილი, ზოგიც თავისი იდეით ხვალის მოთხოვნებს დღეს პასუხობს. თუმცა ამ ყველაფერში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია –  ახალგაზრდების ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ  ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება.

30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში, შემდეგ სფეროებში მიაღწიეს:

კულტურა და სტილი

მუსიკა, ფერწერა, ლიტერატურა, თეატრი, კინო, არქიტექტურა, დიზაინი, მოდა, გართობა – კატეგორიაში შეირჩევიან ახალგაზრდები, რომლებიც მომავლის ესთეტიკას ქმნიან.

ტექნოლოგიები

ფინტექი, ელექტრონული კომერცია – პანდემიის პირობებში აღნიშნული დარგები დაჩქარებული ტემპებით პროგრესირდა. სწორედ ამ პროგრესის შემოქმედი ახალგაზრდების წარმოჩენა იქნება ტექნოლოგიების კატეგორიის მიზანი.

ანტრეპრენიორები და მეწარმეები

კატეგორიაში მოხვდებიან ახალგაზრდები, რომელთა კერძო ინიციატივამ საზოგადოებრივი სიკეთე მოიტანა.

მეცნიერება

ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, სამყაროში გაჩენილ კითხვებს გასცენ პასუხი და ახალი ცოდნის შექმნით დაუდონ საფუძველი პროგრესს – სწორედ ასეთი ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილი მეცნიერების კატეგორიაში.

მედია და მარკეტინგი

ბიზნესისა და ხელოვნების თანაკვეთა ბევრი საინტერესო პროექტისა და თუ იდეის დასაბამი გახდა. კატეგორიის მიზანია, წარმოაჩინოს ინდუსტრიის მესვეური ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც მსოფლიო დონის პროდუქტს ქმნიან.

სპორტი

ამ კატეგორიაში წარმოდგენილი ახალგაზრდები მსოფლიოს სხვადასხვა მოედნებსა და დარბაზებში საქართველოს ჰიმნს აჟღერებენ, მათი „სამუშაო დღეები“ ქვეყნისთვის ცნობადობის, აღიარებისა და თვითრწმენის მომტანია.

„Forbes Georgia-ს მიერ საქართველოში წამოწყებული 30/30 პლატფორმა საუკეთესო ასპარეზია  მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, მიიღონ ცხოვრებაში პირველი აღიარება ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან მსოფლიოში. ეს აღიარება და 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს უხსნის მის მონაწილეებს. „ფორბსის“ და BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით 30/30 სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ“, – გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი, BMG-ის მმართველი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი.

„ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში რამდენიმე მიზეზის გამო ჩავერთეთ. პირველი ალბათ მაინც ისაა, რომ „კონსიერჟ თბილისი“ ყოველთვის ცდილობს, იყოს ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ღონისძიებების განმახორციელებელი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ეს ეხება მეწარმეობის ან სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებას, რადგან ჩვენს გუნდს შესაბამისი გამოცდილებაც აქვს.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ის, რომ დამფუძნებელი და თანადამფუძნებლებიც 30 წელს ქვემოთ ვიყავით, როდესაც ნულიდან განვავითარეთ კომპანია და ახლა ერთგვარ ჰოლდინგად ვაყალიბებთ „კონსიერჟ თბილისს“. შესაბამისად, ჩვენივე მაგალითიდან გამომდინარე, ვგრძნობთ 30 under 30-ის მნიშვნელობას მასში მონაწილე ადამიანებისათვის, ვიცით, რაოდენ საჭიროა მეწარმეობის რთულ გზაზე ახალგაზრდების წახალისება, რწმენის განმტკიცება; მიუხედავად პატარა ასაკისა და რაღაც მიმართულებებით გამოცდილების არქონისა, წარმატება შეუპოვრობით, განათლებითა და თვითრწმენით მიიღწევა“, – კონსიერჟ თბილისი.

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნაა. ამ მიზნით, ბანკი უკვე წლებია, ახორციელებს და მხარს უჭერს სხვადასხვა პროექტსა თუ ინიციატივას, რათა მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, პარტნიორობა გავუწიოთ ისეთ პროექტს, როგორიც 30/30-ია. პროექტი სწორედ იმ ახალგაზრდების მიღწევებს აღიარებს და გვაცნობს, რომლებიც არ ჩერდებიან და დაბრკოლებების მიუხედავად ყველას გვარწმუნებენ, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა“, – „საქართველოს ბანკი“.

ვინ გამოავლენს გამარჯვებულებს?

თითოეული კატეგორიის გამარჯვებულებს სხვადასხვა დარგის პროფესიონალები გამოავლენენ შემდეგი შემადგენლობით:

  • სოფია ჭყონია: Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi – დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი
  • იოსებ ბერიკაშვილი: კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი
  • ავთანდილ კასრაძე: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე
  • რუსუდან ქურდოვანიძე: Concierge Tbilisi – კომერციის ლიდი და Product Owner
  • ვახტანგ ცაბაძე: „გრანთ თორნთონის“ მმართველი პარტნიორი
  • დავით ხოსროშვილი: MaxinAI-ის აღმასრულებელი დირექტორი
  • ნინო ზამბახიძე: საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, Georgian Business Zone-ის დამფუძნებელი
  • რევაზ ვაშაკიძე: „ჩირინას“ დამფუძნებელი
  • ლევან ლომინაშვილი: დიზაინერი და არქიტექტორი, XYZ Integrated Architecture-ის დამფუძნებელი
  • მარიამ რუსიშვილი: ლაითსფიდ პლატფორმა QuickCashAI-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი
  • მიხეილ ხიდურელი: „აწარმოე საქართველოში“ – დირექტორი
  • ნანა დიხამინჯია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის პროფესორი
  • ზაზა ფაჩულია: „გოლდენ-სტეიტ უორიორსი“ – კონსულტანტი ბიზნეს და საკალათბურთო საკითხებში
  • გიორგი ისაკაძე: Forbes Georgia – მთავარი რედაქტორი, BMG – მმართველი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი
  • მაია მირიჯანაშვილი: Forbes Georgia – გამომცემელი
  • შოთა დიღმელაშვილი: Forbes Georgia – აღმასრულებელი რედაქტორი
  • რატი ღოლიჯაშვილი: „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი
  • ირინა პოპიაშვილი: თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი
  • ნიკოლოზ გოგოჭური: VRex Immersive Inc – აღმასრულებელი დირექტორი
  • ირმა ხეცურიანი: მსოფლიო ჩემპიონი ფარიკაობაში

დაჯილდოების ონლაინტრანსლაცია გაიმართება 18 აპრილს 21:00 საათზე. თვალი ადევნეთ Forbes Georgia-ს ფეისბუკ-გვერდსა და იუთუბის არხს.

Facebook Event: 30 UNDER 30 • დაჯილდოება | Facebook

პროექტის მხარდამჭერია – საქართველოს ბანკი

პროექტის ორგანიზატორია – კონსიერჟ თბილისი