$500-მილიონიანი კომპანიის CEO-ს გასულ წელს Apple-ის ტიმ კუკზე მეტი გადაუხადეს

$500-მილიონიანი კომპანიის CEO-ს გასულ წელს Apple-ის ტიმ კუკზე მეტი გადაუხადეს

მსოფლიოში ცოტა აღმასრულებელი დირექტორი თუ დაიკვეხნის, რომ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული კომპანიისგან Apple-ის  CEO ტიმ კუკზე მეტ შემოსავალს იღებს. შეგახსენებთ, კუკმა გასულ წელს ტექნოლოგიური გიგანტისგან მთლიანობაში $99 მილიონის ოდენობის ანაზღაურება მიიღო.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ანალიტიკური კომპანია C-Suite Comp-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წელს ამ მხრივ $100-მილიონიანი ზღვრის გადალახვა მხოლოდ ცხრა აღმასრულებელმა დირექტორმა შეძლო. მათ შორის ბევრი ცნობილი კომპანიის CEO-ს შევხვდებით. მაგალითად, Blackstone-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ შვარცმანმა გასულ წელს კომპანიისგან $253 მილიონის ოდენობის შემოსავალი მიიღო, Alphabet-ის სუნდარ პიჩაიმ – $216 მილიონის და Hertz-ის CEO სტივენ შერმა – $182 მილიონის.

თუმცა, მათ შორის, ვინც გასულ წელს დამსაქმებელ კომპანიაში Apple-ის ტიმ კუკზე მეტი გამოიმუშავა ერთი სახელი განსაკუთრებით საყურადღებოა. ეს არის იურიდიული ტექნოლოგიური ფირმა CS Disco-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, 39 წლის კივი კამარა. ამ უკანასკნელმა 2022 წელს კომპანიისგან 110 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. მათ შორის $500,000 ხელფასის სახით, $109 მილიონი კი საფონდო ოფციონების წყალობით.

შედარებისთვის, CS Disco $500 მილიონზე ნაკლებად არის შეფასებული, მაშინ როდესაც, რამდენიმე დღის წინ, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

აქვე გეტყვით, რომ Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 2021 წელს კივი კამარას ანაზღაურებამ მხოლოდ 1 მილიონი შეადგინა.