იაპონია ფუკუშიმის წყლების ოკეანეში გაშვებას მომავალ თვეში გეგმავს

იაპონია ფუკუშიმის წყლების ოკეანეში გაშვებას მომავალ თვეში გეგმავს

იაპონიის მთავრობამ მომავალ თვეში შესაძლოა ფუკუშიმის გაწმენდილი წყლების წყნარ ოკეანეში გაშვება დაიწყოს. 2011 წლის რადიოაქტიური კატასტროფის გამო დაზიანებული ფუკუშიმის ელექტროსადგურიდან წყლის გაშვების საკამათო გეგმამ, ორწლიანი განხილვის შემდეგ, გაეროს ბირთვული დამკვირვებლებისგან ნებართვა მიიღო.

ტოკიოში დაფუძნებული გამოცემა Nikkei-ის ინფორმაციით, იაპონიის ოფიციალური პირები ადგილობრივ მოსახლეობასა და მეზობელ ქვეყნებს გეგმასა და წყლების გაშვების შესაძლო შედეგებს უახლოეს პერიოდში გააცნობენ. ამჟამად, რადიოაქტიური შემცველობის შესამცირებლად დამუშავებული წყალი ელექტროსადგურის მიმდებარედ, 1,000-ზე მეტ ფოლადის უჟანგავ ავზში ინახება. Tokyo Electric Power Company-ის ინფორმაციით, წყალი თანასედიმენტაციის, ადსორბციისა და ფიზიკური ფილტრაციით დამუშავების ხუთ ეტაპს გადის.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, ორწლიანი განხილვის შემდეგ დადასტურდა, რომ იაპონიის გეგმა შეესაბამება უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს და გაწმენდილი წყლების ოკეანეში კონტროლირებად, ეტაპობრივ ჩაშვებას უმნიშვნელო რადიოლოგიური გავლენა ექნება მოსახლეობასა და გარემოზე. გროსი იაპონიის პრემიერ ფუმიო კიშიდასთან ერთად, ფუკუშიმის ობიექტის მონახულებასაც გეგმავს.

ფუკუშიმის ელექტროსადგურზე რეაქტორების დაზიანება 2011 წელს მიწისძვრის გავლენით იაპონიაში წარმოქმნილი ცუნამისა და ნგრევის შედეგია. რეაქტორების გადახურებისგან დასაცავად, დაზიანებულ ნაწილს 1.3 მილიონი კუბური მეტრის ზღვის წყალი შეასხეს, რომელიც 64 რადიოაქტიური ელემენტით, ე.წ. რადიონუკლიდებით დაბინძურდა.

ცნობისთვის, ფუკუშიმის წყლების ოკეანეში გაშვების გეგმა იაპონიამ პირველად 2021 წლის აპრილში წარადგინა. გეგმას რიგი ქვეყნების, მათ შორის იაპონიის მეზობელი სახელმწიფოებისა და წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნების სასტიკი წინააღმდეგობა მოჰყვა. ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი, ფუკუშიმის ჩამდინარე წყლების უსაფრთხოებას როგორც წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეჭვქვეშ აყენებს.