UAE ენერგიასა და განახლებად წყაროებში $54 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

UAE ენერგიასა და განახლებად წყაროებში $54 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

არაბთა გაერთიანებული საამიროები მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, ენერგიის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, $54 მილიარდამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. საამიროების მიზანი სახელმწიფოს მიერ განახლებადი ენერგიის სექტორში მიწოდების გასამმაგებაა.

განახლებადი ენერგიის მიმართულებით არაბთა გაერთიანებული საამიროების გეგმებზე განცხადება UAE-ის ვიცე-პრეზიდენტმა და დუბაის მმართველმა შეიხმა მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა გააკეთა. რაშიდის ინფორმაციით, დაფინანსება დაბალი ემისიის წყალბადის საწვავისა და ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის განვითარებასაც შეეხება.

შეგახსენებთ, ნავთობით მდიდარი სახელმწიფოს მიზანი 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევაა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ფუნქციონირებს ატომური ელექტროსადგური, მასთან ერთად კი, Mohammed Bin Rashid Al Maktoum Solar Park-ის სახელით ცნობილი დუბაის უდიდესი ელექტროსადგური, რომელმაც გასულ წელს, ქალაქის მოთხოვნის 15%-ის დაკმაყოფილება შეძლო. შედეგად ქალაქი, ძირითადად კატარიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების თანახმად, ქვეყანაში საინვესტიციო სამინისტროს ჩამოყალიბებაც იგეგმება, რომელსაც Masdar-ის თავმჯდომარის მოადგილე უხელმძღვანელებს. სამთავრობო საკუთრებაში არსებული განახლებადი ენერგიის კომპანია Masdar-ი გლობალურად პროექტებისთვის ათობით მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს.

ცნობისთვის, UAE მიმდინარე წლის დასასრულს COP28 კლიმატის სამიტსაც უმასპინძლებს. COP28-ის კლიმატის მოლაპარაკებების ხელმძღვანელად აბუ-დაბის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და Masdar-ის თავმჯდომარე სულთან ალ ჯაბერი დასახელდა. ჯაბერის დანიშვნის გამო საამიროებმა არაერთი კლიმატური ორგანიზაციის კრიტიკა დაიმსახურა.