მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთის უიღურთა გენოციდში დადანაშაულების შემდგომ, პეკინის თამაშებს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს. „ნულოვანი კოვიდსტრატეგიის“ გამო კი თამაშებზე უცხოელ მაყურებელთა დასწრება აიკრძალა. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია და პარასკევის ცერემონიის შემდგომ ალბათ უფრო მეტ დრამატულ მოვლენასაც უნდა ველოდოთ. მძიმე პოლიტიკური საკითხებითა და ორი Empire State Building-ის შესავსებად საკმარისი ხელოვნური თოვლით გაჯერებული, პანდემიით დაზარალებული პეკინის ზამთრის თამაშები მისი ანალოგებისგან ნამდვილად განსხვავებულია.
Forbes-მა თავი იმ 9 მნიშვნელოვან საკითხს მოუყარა, რომლებიც შესაძლოა არ იცით ან დაგავიწყდათ პეკინის ოლიმპიური თამაშების შესახებ:
რატომ არის ჩინეთი მასპინძელი ქვეყანა?
შერჩევის პროცესში ერთადერთი სხვა ალტერნატივა ყაზახეთი იყო – და არცერთი ქვეყანა არ გამოირჩევა დემოკრატიის შესაშური ხარისხით. მაღალი ხარჯებისა და შეზღუდვების შიშის გამო ბევრი ევროპული ქვეყანა ოლიმპიადის მასპინძლობის შერჩევას საკუთარი სურვილით გამოეთიშა და, საბოლოოდ, საერთაშორისო კომიტეტს, 2015 წელს, არჩევანის გაკეთება ორ ავტოკრატიას შორის მოუწია.
მაშინ როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩინეთი უიღურთა გენოციდში დაადანაშაულა, Human Rights Watch-ი ყაზახეთში წამების „დაუსჯელობასა“ და ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობაზე ალაპარაკდა. გადამწყვეტი როლი ალბათ კვლავ ფინანსებმა ითამაშა. ჩინეთს კი ბევრი ფული აქვს, რაც უხერხულ და რთულ ვითარებას ქმნის მათთვის, ვისაც ჩინეთში ბიზნესის მართვა საკუთარი ქვეყნის მომხმარებლის განაწყენების გარეშე სურს. ამის ერთ-ერთი მაგალითი კი Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკიცაა, რომელმაც მწვავე კრიტიკა ავტომობილების შოურუმის იმ რეგიონში გახსნის გამო დაიმსახურა, რომელშიც უიღურებს ცხოვრებას აიძულებენ.
პეკინში თოვლი არაა
ზამთრის ოლიმპიადის ისტორიაში პირველად, პეკინში მხოლოდ ხელოვნურ თოვლს გამოიყენებენ. ბოლო ცნობების საპირისპიროდ, რომ თოვლის დასამზადებლად მხოლოდ 49 მილიონი გალონი წყალია საჭირო, მწარმოებლები რეალურ რაოდენობად ათჯერ გაზრდილ რიცხვს ასახელებენ. TechnoAlpin-ის, 2022 წლის თამაშებისთვის ხელოვნური თოვლის ერთადერთი მომწოდებლის ანგარიშით, 2,5 მილიონი კუბური მეტრი ხელოვნური თოვლის დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობისთვის, რომელიც ორ Empire State Building-ის შესავსებად საკმარისია, ჩინეთს $56 მილიარდის გადახდა მოუწევს. გაზაფხულისთვის, თამაშების დასრულების შემდგომ, დამდნარი თოვლის ნაწილი გაიწმინდება ან დაიწურება, ნაწილი კი ტბაში დაბრუნდება – სწორედ იქ, საიდანაც წარმოიშვა.
„შესაძლოა, სუნთქვა გაძნელდეს“
გასულ კვირას ჩინეთის მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ქვეყანა „არახელსაყრელ“ ამინდის პროგნოზს ებრძვის და საშიში ნისლის გაწმენდას ცდილობს.
თამაშები ჩინეთს შესაძლოა, იმაზე ძვირი დაუჯდეს, ვიდრე თვითონ სურს, გაამხილოს
2008 წელს ჩინეთის ზაფხულის თამაშების გახსნამ დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა ხარჯიც სოლიდური აღმოჩნდა – $40 მილიარდი. მიმდინარე წლის თამაშების თავდაპირველი დანახარჯი კი $3,9 მილიარდია, რაც ქვეყნების უმეტესობის მიერ ზამთრის თამაშებისთვის, სადაც უფრო ნაკლები სპორტსმენი მონაწილეობს, ვიდრე ზაფხულში, გაწეულ ხარჯს უტოლდება. მიუხედავად ამისა, საბოლოო მონაცემებით, პეკინის ზამთრის ოლიმპიადა თავდაპირველ ბიუჯეტს შესაძლოა 10-ჯერ გასცდეს და $38,5 მილიარდს გადააჭარბოს.
მიმდინარე წლის გახსნითი ცერემონია 100 წუთზე ნაკლებს გასტანს, დაახლოებით 3,000 მსახიობით, რაც 4 საათითა და 15,000 მსახიობით ნაკლებია 2008 წლის პეკინის ღონისძიებაზე. გარდა ამისა, ზაფხულის თამაშებისთვის, მათ შორის მონაწილეთა და მაყურებელთა დასაბინავებლად აგებულ შენობათა ნაწილს წლევანდელი ოლიმპიადისთვისაც გამოიყენებენ. Water Cube-ად ცნობილი, 2008 წლის ზაფხულის თამაშების National Aquatics Center-ი კერლინგისთვის ადაპტირდა, კალათბურთისა და ტანვარჯიშის არენა კი ჰოკეისტებს უმასპინძლებს. საბინაო უფლებებისა და განსახლების ცენტრის განცხადებით, სტადიონებისა და არენების ასაშენებლად 1,5 მილიონი მცხოვრები იძულებით იქნა გადასახლებული.
უმჯობესია, თუ გარიგებები არ დაიდება
წელს, კოვიდის მკაცრი პროტოკოლისა და შეზღუდული რაოდენობის მაყურებლის გამო, სიტუაცია მარკეტინგული ბაზრისთვისაც საკმაოდ განსხვავებულია. შარშანდელ ტოკიოს ზაფხულის თამაშებზე შეზღუდული დასწრების გამოცდილებით, ჩინეთისთვის კომპანიების უმეტესობა უკვე მომზადებულია, რაც ქვეყანაში ნაკლები დასაქმებულისა და VIP-კლიენტების გაგზავნაში გამოიხატება. სპონსორებთან დაკავშირებით გართულების გამო კი მდგომარეობა სპორტსმენებისთვისაც რთულდება. ამის მიუხედავად, ამერიკელი სპონსორებისა და სპორტსმენების წარმომადგენლების ნაწილმა, კავშირის შესანარჩუნებლად, იუტაში, Park City-ში შეკრება გადაწყვიტა.
ჩინეთის „ნულოვანი კოვიდსტრატეგია“
სულ რაღაც ორი კვირის წინ ჩინეთის 20 მილიონი მოსახლე ლოკდაუნში იმყოფებოდა – ჩინეთის მთავრობისთვის „ყველაზე ეფექტიან ლოკდაუნში“, რომელმაც გასულ წელს ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნულოვან ნიშნულამდე დაიყვანა (ამისდა მიუხედავად, სპორტსმენები იმედოვნებენ, რომ მიმდინარე ღონისძიებისთვის აღრიცხვის იმავე სისტემას არ გამოიყენებენ). ოლიმპიადის ორგანიზატორების განცხადებით, უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში სპორტსმენებსა და პერსონალს კოვიდის 119 შემთხვევა დაუდასტურდა.
„ოლიმპიადით შეკავებული ომის საფრთხე?“
რუსეთში, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროინდელი ელჩის განცხადებით, მიუხედავად უკრაინის საზღვრის გასწვრივ სამხედროთა მომატებული რაოდენობის, ორ ქვეყანას შორის დაუყოვნებელი ომის საფრთხე, პარასკევის ცერემონიალის შემდგომ, მკვეთრად შემცირდება. გასულ კვირას მაიკლ მაკფოლმა (აშშ-ის ელჩი რუსეთში 2012-2014 წწ ) Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა: „ჩემთვის რთული დასაჯერებელია, რომ რუსეთი, იმ დროს, როდესაც მისი უახლოესი პარტნიორი ოლიმპიადას მასპინძლობს, უკრაინაში შეიჭრება. და თუ არ ვცდები, მაშინ დიპლომატიას კიდევ აქვს დრო დარჩენილი“.
ოლიმპიური მედლები შესაძლოა ფასდაუდებელი იყოს, თუმცა ოლიმპიური ლითონები – არა
ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულებს მედლებით 1896 წელს ათენში ჩატარებული პირველი თანამედროვე თამაშების შემდგომ აჯილდოებენ. თუმცა ოქრო ოლიმპიადის აუცილებელი ატრიბუტი სულაც არ ყოფილა, მაგალითად 1900 წელს, პარიზში, გამარჯვებულებს მოოქრული ვერცხლის მედლები გადასცეს, 4 წლის შემდგომ კი სანქტ-პეტერბურგში ნამდვილი ოქროთი დააჯილდოეს.
მოქმედი წესდებით, გამარჯვებულთა მედლები მინიმუმ 92,5%-ის ვერცხლს უნდა შეიცავდეს და დაფარული იყოს 6 გრამი ოქროთი. 2022 წლის ოქროს მედლების ზუსტი წონა და შემადგენლობა ჯერ არ გასაჯაროებულა, მაგრამ შედარებისთვის, გასული წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე თითოეულ ოქროს მედალში ძვირფასი ლითონის ღირებულება $820-ს უდრიდა.
სათანადოდ შეაფასეთ კერლინგის დისკოს ღირებულება
კერლინგი ზამთრის თამაშების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სახეობაა. მწარმოებელმა Kays Scotland-მა კერლინგის 164 დისკო შექმნა და აქედან 132 საუკეთესო პეკინში გაგზავნა. თითოეულის ღირებულება, სახელურის გამოკლებით, $750-ია.