99-ცენტიანი ცეცხლისმფრქვეველი კატები გასაყიდად

99-ცენტიანი ცეცხლისმფრქვეველი კატები გასაყიდად

ახალგაზრდა აზიელები მილიონებს ხარჯავენ საყვარელ გამოსახულებებზე, რომლებსაც ისინი ტექსტურ შეტყობინებებში ერთმანეთს აკვიატებულად უგზავნიან. ბიზნესმენები სანაძლეოს დებენ, რომ ეს მანია, დასავლეთის მიმართულებით მიგრირების პროცესში, თარგმანში არ დაიკარგება.

ფრენკ აგილარი საოჯახო კომიქსების ხატვით იყო დაღლილი. ახალგაზრდა დიზაინერი თამაშების გიგანტ Zynga-ში წელიწადში $90 000-ს შოულობდა, როდესაც 2012 წლის დასაწყისში, კალიფორნიის ქალაქ უოლნატ-კრიკში, მან თავისი გაბზარული MacBook-ით და $100-იანი Wacom-ის პლანშეტით, Starbucks-ში სიარული დაიწყო. იგი ექსცენტრიკულ გმირებს – ცეცხლისმფრქვეველი კატის თავებსა და ვარდისფერი ფუნთუშების მფრინავ ესკადრებს ხატავდა. ისინი მას საშუალო სკოლის დროინდელი გრაფიტის პერიოდში აბრუნებდნენ. აგილარმა, რომელმაც პროგრამირება თავად შეისწავლა, თავისი ნახატები ფოტორედაქტირების აპლიკაციად დაალაგა, Catwang-ი დაარქვა და 2012 წლის აპრილში უფასოდ გამოუშვა. ერთი თვის შემდეგ აპლიკაცია 130 000-ზე მეტმა მომხმარებელმა გადმოტვირთა, ნახატები ფოტოებზე დასვა და შემდეგ Instagram-ზე დადო. ორ თვეში აპლიკაციამ დღეში $400 შემოიტანა. ორი წლის განმავლობაში მხოლოდ Catwang-მა $250 000-ის სტიკერები გაყიდა. „ამხელა შემოსავალი მანამდე თვალით არ მენახა“, – ამბობს აგილარი, რომელმაც რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც Catwang-ი ბაზარზე გამოვიდა, Zynga-ში მუშაობას თავი დაანება.

ცოტა ხანში აგილარი და ქუჩური ტანსაცმლის მწარმოებელი Upper Playground-ი აპლიკაციაში რეპერ სნუპ დოგს ჰყიდდნენ, სახელად Snoopify, რომელიც მომხმარებლებს ნახატი ხასხასა ქუდებისა და დრედების $1,99-იან პაკეტებს სთავაზობდა. თავისი ახირებით მან, $99,99-იანი მარიხუანის სიგარეტი შექმნა, სახელად Golden Jay. დაუჯერებელია, მაგრამ 1000-მა ადამიანმა ის თავისი Instagram-ის სელფის მოსართავად იყიდა.

ციფრული სპლიფის საყიდლად $100-ის დახარჯვის სურვილი, ძირითადად, არის იგივე ადამიანური სურვილი, რასაც აგილარი ხედავდა Zynga-ში, რომელსაც ციფრული საქონლის წარმატებული ბიზნესი აქვს. იგი FarmVille-ის გაუმჯობესებულ ტრაქტორებს ყიდის. Zynga-ში ამას „დაბანდებასა და გამოხატვას“ (invest and express) უწოდებდნენ. სტიკერები და უფრო მცირე ემოძი-სიმბოლოები, მათ მიმართ სიმპათიის გამო, მოზარდების უსასრულო წუხილის დაძლევის გზას წარმოადგენენ და ტექსტური კომუნიკაციისგან განსხვავებით, უფრო ფართო სოციალურ ტენდენციას ავითარებენ. ბერტრან შმიტი, აპლიკაციების ანალიტიკის ფირმის, App Annie-ის 37 წლის დამფუძნებელი, ამბობს, რომ მისი პეკინში მომუშავე პერსონალი, ერთმანეთისთვის ტექსტური შეტყობინებების გაგზავნისას, WeChat-ზე გატარებული საათების შემდეგ, ასეთ შედეგს აჩვენებს – „იქნება შვიდი ან რვა შეტყობინება, სადაც არავინ არაფერს არ იტყვის [სიტყვებით]. ხალხი მოძრაობს კომუნიკაციის უფრო გრაფიკული ვერსიის მიმართულებით“.

უამრავი მხატვარი, ბროკერი და გამომცემელი ციფრული სტიკერებისთვის აგებს ბაზარს, რომელიც შეიძლება ბევრად დიდი იყოს, ვიდრე ბაზარი პატარა ემოძისთვის, რომელიც ამჟამად ჩატებსა და Instagram-ს ალამაზებს. უკვე არსებობს სტიკერების 600 აპლიკაცია iTunes-ისა და Play-ს მაღაზიებში, მაგრამ მოქმედების დიდი ნაწილი ხდება შეტყობინებების აპლიკაციებში, როგორიცაა, მაგალითად LINE-ი. მას მხარს უჭერს სამხრეთკორეული საძიებო გიგანტი, Naver-ი. LINE-ს, მთელ მსოფლიოში 420 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც ყოველდღე 1,8 მილიარდ სტიკერს გზავნიან, არჩეულს იმ 10 000-იანი მარაგიდან, LINE-ი თავად რომ აწარმოებს. ზოგიერთი, როგორიცაა ბრაუნისა და კონის (Brown and Cony) დათვი-კურდღლის პრობლემური რომანი, ისეთი პოპულარული გახდა, რომ ცალკე წიგნებად და ტელეშოუებად გამოვიდა.

ადამიანების უმეტესობა არასოდეს იოცნებებდა ცეცხლისმფრქვეველ კატაში ფულის გადახდაზე. სტიკერების თითქმის ყველა მომხმარებელი, შეტყობინებების აპლიკაცია Kik-ში, მის უფასო სტიკერებს იყენებს. Facebook-ი თავსაც კი არ იწუხებს ფულის გადახდევინებით – მისი Lego-სა და Minion-ის ბრენდის სტიკერები ყველა უფასოა. აზიაში კი LINE-ი აქტიურ ბიზნესს აწარმოებს. 2013 წელს მან თითქმის $70 მილიონის სტიკერი გაყიდა, ანუ 20% $338 მილიონი მისი შარშანდელი მთლიანი შემოსავლიდან. სტიკერებმა შეიძლება წელს კიდევ $140 მილიონი მოიტანოს. ეს საკმარისი ფულადი ნაკადია, ამბობს სტიკერების ბროკერი ევან რეი (Evan Wray), რათა შეავსოს $2-მილიარდიანი ბაზარი ამ წლის ბოლოსთვის, რადგან ეს ტენდენცია განიცდის მიგრაციას დასავლეთის მიმართულებით და ისეთი შეტყობინებების აპლიკაციების მომხმარებლების რაოდენობა, როგორიცაა LINE-ი და WeChat-ი, რეის ვარაუდის თანახმად, 2014 წლის ბოლოსთვის გაორმაგდება და 2 მილიარდს მიაღწევს.

ოპტიმისტური გაანგარიშება იმედს იძლევა, რომ სტიკერები იქნება ის იშვიათი აზიური პოპკულტურის ფენომენი, რომელიც დასავლეთში თარგმანის ბარიერს გაარღვევს. ჯინი ჰანმა, LINE-ის ხელმძღვანელმა აშშ-ში, ესპანეთში ეს უკვე დაინახა, სადაც, როგორც ცნობილია, ის 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადმოტვირთა. ჰანი, ამერიკაში გადასვლამდე, ესპანეთში მუშაობისას, სტიკერი-არსებების კონტენტთან დაკავშირებულ გარიგებებს აგვარებდა. ესპანელები, ამბობს ის, ახალ ტექნოლოგიას სწრაფად ითვისებენ. ეს, ემოციურად ექსპრესიულ ქვეყანაში, 54%-იანი უმუშევრობით ახალგაზრდებს შორის, იაფ სიამოვნებას წარმოადგენს.

სამხრეთკორეულმა შეტყობინებების აპლიკაციამ, KakaoTalk-მა, 2013 წელს, ციფრული სტიკერებიდან თავისი $200 მილიონი შემოსავლის ერთნიშნა პროპორცია მიიღო. ეს პროცენტი უფრო მაღალი იქნებოდა, ამბობს KakaoTalk-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, სირგოო ლი, სტიკერების საფასურის გადახდა უფრო მარტივი რომ ყოფილიყო ანდროიდზე, სადაც Google Wallet-ი და ოპერატორების საბილინგო შეთანხმებები ჯერ კიდევ ჩამორჩებიან Apple-ის 800 მილიონ iTunes-ის რეგისტრირებულ მომხმარებელს. 24 წლის რეი ამბობს, რომ მისი სტიკერების გაყიდვების 75% აიფონებისთვის ხდება, სადაც უფრო ადვილია აპლიკაციის შიდა გადახდების განხორციელება. კიდევ ერთი პრობლემა: კომპანიებთან დაახლოებული პირების თქმით, WhatsApp-ი და Instagram-ი, Facebook-ის ორი უმსხვილესი მობილური სერვისი, სავარაუდოდ, წელს სტიკერების მსგავს გრაფიკულ გამოსახულებებს თავისთან არ განათავსებენ.

აშშ-ში შესასვლელად, სტიკერების მაგნატები ნაცნობ ბრენდებს უმიზნებენ. რეის, სტიკერების ბროკერს TextPride-იდან, შექმნილი აქვს სტიკერები ბრიტანული ფეხბურთის გუნდ ტოტენჰემ ჰოტსპურისთვის (Tottenham Hotspur) და ისეთი ფილმებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, Miramax Films-ის მოკალი ბილი (Kill Bill). მათ შეტყობინებების აპლიკაციები ყიდულობენ და რეი შემოსავლიდან ორნიშნა პროცენტს იღებს. მას ხუთიოდე ცნობად მედიასაშუალებასა და ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაზე მყოფ შეტყობინებების სერვისებთან აქვს პარტნიორობა.

აშშ-ის ზოგიერთი სტარტაპი აზიური სტილის ფანტაზიას გააგრძელებს. ყოფილმა როკმუსიკოსმა, ბობ შუბენსკიმ და მისმა პარტნიორმა, ჯიმ სომერსმა გახსნეს გოთურ-სკეიტერული ტანსაცმლის კომპანია Black Craft Cult-ი. აპრილში მათ დაიწყეს $1,99-იანი სტიკერების პაკეტის Black Craft-ის გაყიდვა თავისი სავაჭრო მარკის – კატა Lucipurr-ის, თავის ქალების, ლუდის ჭიქებისა და ისეთი ემოძის ვარიაციებით, როგორიცაა შუა თითი. მათ მიაჩნიათ, რომ სტიკერები დაეხმარებათ გასული წლის $1,3 მილიონის გაყიდვების გაორმაგებაში, რაც ძირითადად ტანსაცმლიდან იყო მიღებული. „ყველას სჭირდება ემოძი შუა თითით“, – ამბობს შუბენსკი.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *