"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
რატომ შემცირდა საქართველოს ქულა დემოკრატიის რეიტინგში?
დემოკრატიის ინდექსში საქართველო 91-ე ადგილზეა 167 ქვეყანას შორის.
მეთოდოლოგია
დემოკრატიის დონის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი Economist Intelligence Unit-ის მიერ მომზადებული დემოკრატიის ინდექსით დგება. Economist Intelligence Unit-ი გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, The Economist-ის კვლევითი და ანალიტიკური განყოფილებაა.
დემოკრატიის ინდექსი 2006 წლიდან ქვეყნდება და 2021 წლის დემოკრატიის ინდექსმა 167 ქვეყანა მოიცვა.
დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკური მონაწილეობის, პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო თავისუფლების მიხედვით არის განსაზღვრული. აღნიშნული 5 კომპონენტი 60 კითხვას მოიცავს. აღნიშნულ 60 კითხვაზე პასუხები საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით დგინდება.
ინდექსში დემოკრატიის მაქსიმალური ქულა 10-ია, ხოლო მინიმალურის – 0. კვლევის შედეგად ქვეყნები 4 ჯგუფად იყოფიან: სრულად დემოკრატიული (8-დან 10 ქულამდე), ხარვეზით დემოკრატიული (6-დან 8 ქულამდე), ჰიბრიდული რეჟიმები (4-დან 6 ქულამდე) და ავტორიტარული რეჟიმები (4 ქულამდე).
საქართველო დემოკრატიის ინდექსში
2022 წლის თებერვალში დემოკრატიის ინდექსის ახალი კვლევა გამოქვეყნდა. შესაბამისად, შეიცვალა ქვეყნების რეიტინგი დემოკრატიის დონის მიხედვით. ახალი კვლევით, საქართველოს 5.12 ქულა აქვს და დემოკრატიის დონით მსოფლიოში 91-ე ადგილზეა. თებერვალში გამოქვეყნებული ინდექსი რეალურად 2021 წლის მდგომარეობას ასახავს.
საქართველო გასულ (2020) წელსაც 91-ე ადგილზე იყო, თუმცა 0.19-ით მეტი ქულა ჰქონდა, ჯამში 5.31. ქულის გაუარესების მიუხედავად, 91-ე პოზიციის შენარჩუნება იმით აიხსნება, იმ ქვეყნების ქულაც შემცირდა, რომლებსაც შეეძლოთ, საქართველოსთვის გადაესწროთ. ამჟამად საქართველო რეიტინგში ლიბერიას და ჰონდურასს შორის არის.
2021 წელს საქართველოს ქულა შემცირდა საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის კომპონენტში 0.41-ით და პოლიტიკური მონაწილეობის კომპონენტში 0.55-ით. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს საქართველოში რამდენიმე მღელვარე მოვლენამ დემოკრატიული პროცესები შეაფერხა. მათ შორის აღნიშნულია „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაძაბულობის ზრდა, რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებამ გამოიწვია. ასევე აღნიშნულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა.
დემოკრატიის ინდექსში საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა – 5.95 – 2013 წელს ჰქონდა და რეიტინგში 78-ე ადგილი ეკავა. 2014-2015 წლებში მისი ქულა ცოტათი შემცირდა, მაგრამ 2016-2017 წლებში 5.93-მდე დაიზარდა. 2018 წელს საქართველოს ქულა მკვეთრად შემცირდა, 0.43-ით და 10 საფეხურით ჩამოქვეითდა, 79-ე ადგილიდან 89-ე ადგილამდე. დემოკრატიის დონის ასეთი მკვეთრი ვარდნის მიზეზი მთავრობის პოლიტიკაზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დიდი გავლენა და ასევე, ივანიშვილის გავლენით მთავრობის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჩარევა იყო, როდესაც 600,000 მოქალაქეს ვალების ჩამოწერას დაჰპირდნენ.
საქართველოს დემოკრატიის ქულის კლება 2019-2021 წლებშიც გაგრძელდა და დღეს ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნებშია 5.12 ქულით. 2017 წლის შემდეგ საქართველო სულ უფრო შორდება დემოკრატიულ ქვეყნებს და ავტორიტარულ რეჟიმს უახლოვდება.
Economist Intelligence Unit-ი ჰიბრიდულ რეჟიმს შემდეგნაირად განმარტავს: არჩევნები ტარდება ხარვეზებით, რაც აფერხებს არჩევნების თავისუფლებასა და სამართლიანობას. მთავრობის მხრიდან ზეწოლაა ოპოზიციაზე. სერიოზული სისუსტეებია პოლიტიკურ კულტურასა და მთავრობის მუშაობაში. გავრცელებულია კორუფცია და კანონის უზენაესობა სუსტია. სამოქალაქო საზოგადოება სუსტია. ადგილი აქვს ჟურნალისტების შევიწროებას და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.
ინდექსის კომპონენტების მიხედვით საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა მთავრობის ფუნქციონირებაში აქვს – 3.57, ხოლო ყველაზე მაღალი – 7.42 – საარჩევნო პროცესსა და პლურალიზმში აქვს. 3.75 ქულა აქვს პოლიტიკურ კულტურაში, 5.29 – სამოქალაქო თავისუფლებაში და 5.56 – პოლიტიკურ მონაწილეობაში.
საქართველოს პოზიცია დემოკრატიის ინდექსში
საქართველოს ქულა დემოკრატიის ინდექსში
დემოკრატიის ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყნები
დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა ნორვეგიაა, რომელსაც 10-დან 9.75 ქულა აქვს. ნორვეგიას საარჩევნო პროცესსა და პლურალიზმში, პოლიტიკურ მონაწილეობასა და პოლიტიკურ კულტურაში მაქსიმალური 10-10 ქულა აქვს. მეორე ადგილზე ახალი ზელანდიაა 9.37 ქულით, ხოლო მესამეზე ფინეთია 9.27 ქულით.
საქართველოს მეზობლებიდან სომხეთი უსწრებს, რომელიც 89-ე ადგილზეა 5.49 ქულით. თურქეთი 103-ე ადგილზეა 4.35 ქულით, რუსეთი 124-ეზეა 3.24 ქულით, ხოლო აზერბაიჯანი 141-ეზეა 2.68 ქულით.
რეიტინგში ბოლო ადგილზე ავღანეთია 0.32 ქულით, შემდეგ მოდიან მიანმარი და ჩრდილოეთი კორეა.
დემოკრატიის დონით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა
ქვეყანა | ქულა | |
1 | ნორვეგია | 9.75 |
2 | ახალი ზელანდია | 9.37 |
3 | ფინეთი | 9.27 |
4 | შვედეთი | 9.26 |
5 | ისლანდია | 9.18 |
6 | დანია | 9.09 |
7 | ირლანდია | 9.00 |
8 | ტაივანი | 8.99 |
9 | ავსტრალია | 8.90 |
10 | შვეიცარია | 8.90 |
წყარო: Economist Intelligence Unit
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024